“ევროპული საქართველოს” ყოფილი წევრი გიგი უგულავა აცხადებს, რომ ოპოზიციამ ხელი უნდა მოაწეროს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის შემოთავაზებულ დოკუმენტს, რათა ნიკა მელიამ საპატიმრო დატოვოს და დასრულდეს პოლიტიკური კრიზისი.
“ჩემი აზრით, დადგა დრო, ოპოზიცია პოლიტპატიმარ მელიას გარშემო გაერთიანების შემდეგ, გაერთიანდეს თბილისის მერობის ერთიანი კანდიდატის, მელიას გარშემო. ამისათვის მე მხარს ვუჭერ, რომ ოპოზიციამ ხელი მოაწეროს შარლ მიშელის დოკუმენტს, ოღონდ პარლამენტის ბოიკოტი შეწყდეს მაშინ, როცა ნიკა მელია დატოვებს საპატიმროს. წარმოუდგენელია, ერთდროულად ოპოზიცია იჯდეს პარლამენტში, ხოლო მელია — ციხეში.
ამასთანავე, სრულიად ცალსახაა, რომ ბოიკოტი აღარაა საკმარისი საფუძველი მრავალფეროვანი და ერთმანეთისგან განსხვავებული ოპოზიციის ერთიანობისთვის. ჩვენ ერთობის ახალი საფუძვლები გვჭირდება. ერთობის ეს ტესტი ჩვენ თავიდან უნდა ჩავაბაროთ. ამისთვის ერთობის ახალი საფუძვლები უნდა ვიპოვოთ”, — წერს უგულავა.
მისი განმარტებით, ახალი საფუძვლები გულისხმობს, რომ ოპოზიციამ აუცილებლად მოითხოვოს რიგგარეშე, სრულად პროპორციული საპარლამენტო არჩევნები.
“ჩვენ ხშირად გვავიწყდება და მარტო რიგგარეშე არჩევნებს ვახსენებთ. არადა, ჩვენი მიზანი რიგგარეშე, სრულად პროპორციული არჩევნებია. შეგახსენებთ, მხოლოდ რიგგარეშე არჩევნები 120/30 პრინციპით ჩატარდება და ვერავინ გადამარწმუნებს, რომ იგივე შეცდომებისგან ვიქნებით დაზღვეული. ისევ ამ 30 მაჟორიტარში ავიბლანდებით ივანიშვილის მიერ ჩატოვებულ ბოროტებაში. ეს კატეგორიულად დაუშვებელია”, — წერია განცხადებაში.
უგულავა მიიჩნევს, რომ 2024 წლამდე ჩატარებული ყველა რიგგარეშე არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით, 2%-იანი ბარეირით უნდა ჩატარდეს, ამისთვის კი ოპოზიციამ საპარლამენტო ბოიკოტი უნდა შეწყვიტოს და საკონსტიტუციო ცვლილების, სრულად პროპორციული არჩევნების მხარდასაჭერად უნდა შევიდეს პარლამენტში.
ამასთან, უგულავას თქმით, ოპოზიციამ დიდ ქალაქებში საერთო მერობის კანდიდატები უნდა წარადგინოს და ამ გზით მოიპოვოს “ქართულ ოცნებაზე” მეტი მხარდაჭერა არჩევნებზე.
ასევე, უნდა ჩატარდეს “სრულად პროპორციული რიგგარეშე მრავალპარტიული თავისუფალი არჩევნები 2022 წლის გაზაფხულზე.
უგულავას თქმით, ამ პირობებში 15 მაისს ოპოზიციის მიერ დაგეგმილი აქცია შეჯერებული მერობის კანდიდატების “ნომინაციის საზეიომო მანიფესტაციად” უნდა გადაიქცეს.
“ოპოზიცია მიიღებს ახალ სიცოცხლეს. ადგილებზე ბევრგან გავიმარჯვებთ. სადაც ვერა – ოპოზიცია მძლავრად იქნება წარმოდგენილი. იგრძნობს გამარჯვების გემოს, დაიჯერებს გამარჯვებას. გაუჩნდება წვდომა ინფორმაციაზე, რესურსებზე. მიიღებს გამარჯვებისთვის აუცილებელ ჟანგბადს. დაამტკიცებს, რომ შეუძლია კოალიციური მუშაობა და წელგამართული გავა საპარლამენტო არჩევნებზე, სადაც ყველა ერთად საქართველოს გამარჯვებას ვიზეიმებთ”, — წერს უგულავა.
მისი განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ოცნება არ მოაწერს ხელს აღნიშნულ დოკუმენტს, “მთელი წნეხი” მმართველ პარტიაზე იქნება.
“მე კარგად მესმის, რატომ იკავებს თავს ენმ. შეუძლებელია, როცა თავმჯდომარე მოტაცებულია, მიიღო სრულფასოვანი გადაწყვეტილება. ამიტომ ხელმომწერი პარტიების მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანია დათქმა- ბოიკოტი შეწყდება მხოლოდ ნიკა მელიას გათავისუფლების მერე. ეს წნეხი აუცილებელია. თავისუფლებაზე მყოფ მელიასთან ერთად ენმ-ს საშუალება ექნება, მშვიდ ვითარებაში იმსჯელოს და ქვეყნისთვის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღოს”, — განმარტავს უგულავა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა პარტიებს ახალი წინადადება გუშინ, 18 აპრილს წარუდგინა.
მიშელის დოკუმენტში საუბარია როგორც ვადამდელ არჩევნებზე, ასევე პოლიტიკურ მართლმსაჯულებად აღქმულ საქმეებზე.
“საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობისთვის და ამ შეთანხმების იმპლემენტაციისთვის ხელმომწერები იღებენ ვალდებულებას, მოაგვარონ ამ დოკუმენტის ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში პოლიტიკურ მართლმსაჯულებად აღქმული ორი შემთხვევა, ამნისტიის ან სხვა გზით, რომელსაც ერთი და იგივე შედეგი მოჰყვება. კერძოდ, შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში პარლამენტში წარმომდგენილმა პარტიამ უნდა დააინიციროს ამნისტიის კანონი 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევაზე”, — ნათქვამია დოკუმენტში.
ამასთან, დოკუმენტში წერია, რომ “ქართული ოცნების“ 2021 წლის 16 აპრილის შეთავაზების თანახმად, 2022 წელს უნდა დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, თუ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში „ოცნება“ პროპორციულ ხმათა 43%-ზე ნაკლებს მიიღებს”.
შარლ მიშელის ახალი წინადადება პარტიებს დღეს, 18 აპრილს, ევროკავშირის წარმომადგენლობაში გამართულ შეხვედრაზე წარედგინათ. დღევანდელ შეხვედრას “ქართული ოცნებაც” უნდა დასწრებოდა, თუმცა მმართველი პარტია შეხვედრაზე არ გამოცხადდა.
იხილეთ დოკუმენტი სრულად: