ახალი ამბები

ქვეყნის ჩაკეტვა კარგი კრიზისმენეჯმენტი არაა – კახიშვილი გახარიაზე

16 აპრილი, 2021 • 985
ქვეყნის ჩაკეტვა კარგი კრიზისმენეჯმენტი არაა – კახიშვილი გახარიაზე

„ქართული ოცნების“ დეპუტატისა და მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსის, კახა კახიშვილის თქმით, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია კარგ კრიზისმენეჯერად ვერ ჩაითვლება.

კახიშვილი გუშინ „პალიტრანიუსის“ ეთერში გახარიას პრემიერობაზე საუბრობდა. კახიშვილს ჟურნალისტმა ჰკითხა გიორგი გახარიას ე.წ. კრიზისმენეჯერობაზე, მან დასძინა, რომ ასეთად გახარია „საქვეყნოდაა აღიარებული“. კახიშვილმა კი უპასუხა:

„მე აქ შეიძლება ცოტა შეგეკამათოთ, იმიტომ, რომ პანდემიის დროს სწორი მართვა რას ნიშნავს, იცით? როდესაც არც პანდემიის ტალღა არ დაგარტამს ასე და არც ბიზნესი არ ჩავარდება ასეთ ვითარებაში. კოლბაში შეიძლება ნებისმიერი ადამიანი ჩასვა და საერთოდ არც პანდემია გაეკარება და არც არაფერი. მაგრამ იმ კოლბაში რამდენად კომფორტულად იქნება ის ადამიანი, სხვა საკითხია.

ქვეყანა ჩაკეტო და თქვა, სახლში დასხედით და არ გამოხვიდეთ – ამას არ ჰქვია კარგი კრიზისმენეჯერი. მით უმეტეს, როდესაც შენზე მუშაობს მთელი გუნდი. თქვენ თუ მეტყვით ახლა მე, რომ მარტო ის იჯდა და სხვა არავინ მუშაობდა, არც შინაგან საქმეთა მინისტრი, არც ეკონომიკის მინისტრი, არც ჯანდაცვის მინისტრი, არც ინფრასტრუქტურის მინისტრი და არც პარტია და არც არავინ მუშაობდა – კი ბატონო, დაგეთანხმებით. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, კარგი მენეჯმენტი არის, როდესაც არც მწვადს წვავს და არც შამფურს“, – ამბობს კახიშვილი.

მისივე თქმით, გახარიას გადაწყვეტილებამ „ქვეყნის ჩაკეტვაზე“ დააზიანა როგორც მცირე ბიზნესი, ასევე სერიოზული პრობლემები შეუქმნა ბიუჯეტს – „და კიდევ სხვა ტიპის პრობლემები, რომელიც ადრე თუ გვიან გახდება ცნობილი,“.

კახიშვილი ასევე ამბობს, რომ გახარიას „ქართული ოცნების“ დატოვება დიდი ხნის განმავლობაში უნდოდა, რაც მის სხვადასხვა ნაბიჯებში ჩანდა:

„მაგალითად, როდესაც მან მე წარმადგინა, როგორც მაჟორიტარი დეპუტატი, პირადად ჩემს მიმართ მხარდაჭერა არ გამოუცხადებია. კი ისაუბრა „ქართული ოცნების“ მხარდაჭერაზე, რაღაცებზე, მაგრამ პირდად ჩემ მიმართ მხარდაჭერა არ გამოუცხადებია. მე ვიფიქრე, რომ პიროვნულად ჩემზე ჩათვალა ასე.. არავის მიმართ აქ ჰქონდა პირადი თხოვნა ხალხისადმი, რომ ამ ადამიანს დაუჭირეთ მხარი ჩემი ხათრით. მე უკვე იქ მივხვდი, რომ ეს ადამიანი ახდენდა დისტანცირებას კონკრეტული ინდივიდებისგან“, – აცხადებს კახა კახიშვილი.


14 აპრილს ცნობილი გახდა, რომ პარლამენტში გიორგი გახარიას გუნდის ექვსმა წევრმა “ქართული ოცნება” დატოვა. ისინი ამბობენ, რომ გიორგი გახარიასთან ერთად ახალი პარტიის შექმნას იწყებენ.

დღეს “ქართული ოცნება” დატოვეს შემდეგმა დეპუტატებმა:

  • გიორგი ხოჯევანიშვილმა (გორი – კასპის მაჟორიტარი)
  • ალექსანდრე მოწერელიამ (წალენჯიხა-მარტვილი-ჩხოროწყუს მაჟორიტარი)
  • ბექა ლილუაშვილმა (გახარიას ყოფილი მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში)
  • შალვა კერსელიძემ (მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარი)
  • ანა ბუჩუკურმა (პრემიერის აპარატის ყოფილი უფროსი)
  • მიხეილ დაუშვილმა (ყოფილი ბიზნესომბუდსმენი)

2019 წლის 20 ივნისს სპეცრაზმმა პარლამენტთან საპროტესტო აქცია დაარბია. იმ დროს შს მინისტრი სწორედ გიორგი გახარია იყო. დარბევის შემდეგ, სამოქალაქო აქტივისტების გარდა, გახარიას გადადგომას ოპოზიციაც ითხოვდა, თუმცა ის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დააწინაურეს. გახარიამ პრემიერის პოსტი მიმდინარე წლის თებერვალში დატოვა.

პარლამენტში გახარიას გუნდის წევრებმა ‘ოცნება” დატოვეს

მასალების გადაბეჭდვის წესი