ინდოეთიდან მომავალი ნებისმიერი პირი, მოქალაქეობისა და ვაქცინაციის სრული კურსის ქონის მიუხედავად, ექვემდებარება საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის წარდგენას საზღვარზე, შემდგომ კი -სავალდებულო 14-დღიან კარანტინს საკუთარი ხარჯებით.
შესაბამისი ცვლილება „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში შევიდა.
ცვლილებების მიხედვით, რომელიც უკვე ამოქმედდა, ინდოეთის რესპუბლიკიდან მომავალი ნებისმიერი პირი, საქართველოში შემოსვლისას, საზღვარზე წარადგენს ნებისმიერი ტიპის კოვიდვაქცინის სრული კურსის მიღების დამადასტურებელ დოკუმენტს, ხოლო ინდოეთის რესპუბლიკიდან მომავალი უცხოელი სტუდენტები, მიუხედავად მოქალაქეობისა და ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარებისა, დამატებით წარადგენენ საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR-ტესტის ნეგატიურ პასუხს და ექვემდებარებიან 14-დღიან სავალდებულო კარანტინს.
დადგენილების თანახმად, ინდოეთის რესპუბლიკიდან 14 აპრილს მომავალი უცხოელი სტუდენტების (მიუხედავად მოქალაქეობისა) საკარანტინო ხარჯები დაფინანსდება ერთჯერადად, მხოლოდ 6 დღის განმავლობაში, ხოლო დანარჩენი 8 დღის განმავლობაში საკარანტინო ხარჯებს საკუთარი თანხით დაფარავენ.