ახალი ამბები

პრემიერის წარმომადგენლები ქუთაისში „რიონის ხეობის მცველებს“ შეხვდებიან

15 აპრილი, 2021 • 824
პრემიერის წარმომადგენლები ქუთაისში „რიონის ხეობის მცველებს“ შეხვდებიან

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია იუწყება, რომ მათი წარმომადგენლები იმერეთში იმყოფებიან და მზად არიან ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებთან დიალოგისათვის.

„პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, ქუთაისში იმყოფებიან მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი და ორი გუბერნატორი, რომლებიც მზად არიან აქციის მონაწილეებთან დიალოგის გასაგრძელებლად“, – აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.

„მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, სახელმწიფო რწმუნებულები იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმ- ქვემო სვანეთის მხარეში, ზვიად შალამბერიძე და პარმენ მარგველიძე, იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში იმყოფებიან და მზად არიან, მოუსმინონ აქციის მონაწილეებს და განაგრძონ მათთან დიალოგი“, – აცნობეს „ნეტგაზეთს“ მთავრობის ადმინისტრაციიდან.

ვარლამ გოლეთიანმა, დემონსტრანტების ერთ-ერთმა ლიდერმა, განაცხადა, რომ ისინი შეხვდებიან მთავრობის წარმომადგენლებს, თუმცა მათი პირობაა, საჯაროობა უზრუნველყოფილი იქნას.

დიალოგი „რიონის ხეობის მცველებს“ წინა დღითაც შესთავაზა ეკონომიკის სამინისტრომ, თუმცა ეკონომიკის სამინისტროს შეთავაზებაზე, „დიალოგს დაუბრუნდნენ“, დემონსტრანტების ლიდერმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, რომ დიალოგის სივრცის შესაქმნელად აუცილებელია შემდეგი ნაბიჯები:

„აიღონ ეს რკინის კედელი, დავბრუნდეთ ნამოხვანში, კარვებში, გავაგრძელოთ ჩვენი მშვიდობიანი პროტესტი და გადაწყვეტილების მიმღები მოვიდეს ჩვენთან და შემოვიდეს შინაარსობრივ დიალოგში“…

ვრცლად:

„საშიში პრეცედენტი“ – ბლოკპოსტი და ბარიკადები რიონის ხეობაში

მასალების გადაბეჭდვის წესი