ახალი ამბები

კრამონის თქმით, თბილისში ყოფნისას გახარიას შეხვდა

15 აპრილი, 2021 • 664
კრამონის თქმით, თბილისში ყოფნისას გახარიას შეხვდა

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ამბობს, რომ რამდენიმე დღის წინ, თბილისში ვიზიტისას, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას შეხვდა. ამის შესსახებ კრამონმა გუშინ, 14 აპრილს “TV პირველის” ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, გახარიასთან კონკრეტულ საკითხებზე არ უსაუბრია:

“ჩვენ ვისაუბრეთ, მაგრამ არა კონკრეტულ თემებზე. ვისაუბრეთ უფრო ფართო საკითხებზე, თუ რა გეგმები შეიძლება გააჩნდეს [გახარიას], რა წინადადებები, მაგრამ კონკრეტულად არაფერზე გვისაუბრია.

ტელეკომპანიის ეთერში კრამონმა გახარიას მიერ პარტიის შესაძლო დაარსების გეგმებიც შეაფასა:

“თუ ადამიანებს ახალი პარტიის დაარსება სურთ და ეს არის კონკრეტული ნაბიჯი კრიზისის დასაძლევად, თუ გვაქვს სურვილი უფრო ზომიერი ელექტორატისთვის, უფრო ზომიერი პოზიციებისთვის, პროევროპული პარტიის არსებობისთვის, რატომ არ უნდა მოხდეს ეს? ჩემზე არ არის დამოკიდებული ასეთი კომენტარი, ეს არის ქართველი ამომრჩევლის გადასაწყვეტი”, – განაცხადა კრამონმა.

გუშინ პარლამენტში გიორგი გახარიას გუნდის წევრებმა “ქართული ოცნება” დატოვეს და დღეიდან საკანონმდებლო ორგანოში საქმიანობას დამოუკიდებლად გააგრძელებენ. შესაბამისი განცხადება მათ დღეს პარლამენტში გააკეთეს.

“ქართული ოცნება” დატოვეს შემდეგმა დეპუტატებმა:

  • გიორგი ხოჯევანიშვილმა (გორი – კასპის მაჟორიტარი)
  • ალექსანდრე მოწერელიამ (წალენჯიხა-მარტვილი-ჩხოროწყუს მაჟორიტარი)
  • ბექა ლილუაშვილმა (გახარიას ყოფილი მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში)
  • შალვა კერსელიძემ (მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარი)
  • ანა ბუჩუკურმა (პრემიერის აპარატის ყოფილი უფროსი)
  • მიხეილ დაუშვილმა (ყოფილი ბიზნესომბუდსმენი)

გიორგი ხოჯევანიშვილის განცხადებით, გიორგი გახარიასთან ერთად პარტიის მშენებლობას იწყებენ. ამასთან, ეს პარტია, ხოჯევანიშვილის განმარტებით, მონაწილეობას მიიღებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში.

კითხვაზე, დაუჭერს თუ არა მხარს გახარიას პარტია ვადამდელი არჩევნების იდეას, ხოჯევანიშვილი პასუხობს:

“ყველა ინიციატივას დავუჭერთ მხარს, რომელიც რადიკალიზაციას და ამ დიდ განხეთქილებას განმუხტავს საზოგადოებაში. წინ ნუ გავუსწრებთ მოვლენებს”, – განაცხადა ხოჯევანიშვილმა.

პარლამენტში გახარიას გუნდის წევრებმა ‘ოცნება” დატოვეს

მასალების გადაბეჭდვის წესი