საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი კახიანი ექს-პრემიერ გიორგი გახარიას გუნდში გადასვლის მიზნით უმრავლესობიდან დეპუტატების შემდგომ გადინებას არ ელოდება.
“დანაკლისს რაც შეეხება, რომ ვთქვა, რომ ჩვენთვის [დეპუტატების გასვლა] არაფერს ნიშნავს-თქო, არ ვიქნები გულწრფელი. ნებისმიერი წევრის მიერ გუნდის დატოვება არ არის სასიამოვნო ფაქტი. მაგრამ ფაქტია, უმრავლესობის არსებობას საფრთხე არ ემუქრება. 6 დეპუტატის გასვლის შემდეგ უმრავლესობაში დარჩენილია 84 წევრი. უმრავლესობის არსებობას სჭირდება 76 დეპუტატი და ვერ ვხედავ ვინმეს ისეთს, ვინც შეიძლება კიდევ დატოვოს უმრავლესობის რიგები ამ მიზეზით”, – განაცხადა კახიანმა.
საპარლამენტო უმრავლესობა დღეს 6-მა დეპუტატმა დატოვა და გიორგი გახარიასთან ერთად ახალი პარტიის შექმნა დააანონსა. გიორგი ხოჯევანიშვილის ვარაუდით, მათი თანამოაზრეების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.
კახიანი არ ფიქრობს, რომ გახარიას პარტია მმართველი გუნდისთვის არსებითი კონკურენციის გაწევას შეძლებს.
“დღეს პარტიულ სისტემას თუ გადავავლებთ თვალს, მთავარი პრობლემა არის ის, რომ პირველი ოპოზიციური ძალა არის რადიკალური, დესტრუქციული “ნაციონალური მოძრაობა”. ამ თვალსაზრისით მივესალმებით ნებისმიერი პოლიტიკური გუნდის ჩამოყალიბებას, ახალი გუნდის შექმნას, რომელიც კონსტრუქციული იქნება და რომელთანაც თანამშრომლობა შესაძლებელი იქნება. მივესალმები იმასაც, თუ შეიქმნება ოპოზიციური გუნდი, რომელიც რადიკალურ გუნდს, როგორიცააა “ნაციონალური მოძრაობა”, ჩაანაცვლებს და დაიკავებს პირველი ოპოზიციური გუნდის ადგილს, მაგრამ მე დღეს ვერ ვხედავ თუნდაც ამ [გახარიას] გუნდის ჩამოყალიბების თვალსაზრისით, რომ შეიძლება არსებითი კონკურნცია გაუწიოს მმართველ გუნდს”, – განაცხადა გიორგი კახიანმა.