შესწორება: სტატიის თავდაპირველ ვერსიაში ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ეწერა, რომ საქართველო მაისში COVAX პლატფორმისგან 83 000 დოზა “ფაიზერის” ვაქცინას მიიღებდა. აღნიშნული ინფორმაცია ეყრდნობოდა ჯანდაცვის სამინისტროდან “ბათუმელებისთვის” გამოგზავნილ ოფიციალურ წერილს.
თუმცა, მასალის გამოქვყენების შემდეგ ჯანდაცვის სამინისტროდან დაგვიკავშირდნენ და გვითხრეს, რომ წერილში შეცდომა დაუშვეს და “ფაიზერის” ნაცვლად “ასტრაზენეკა” უნდა ყოფილიყო მითითებული. შესაბამისად, შეიცვალა სტატიის სათაური და ტექსტი.
მივიღებთ არა ფაიზერის, არამედ ასტრაზენეკას 83 000 დოზას მაისის დასაწყისში – სამინისტრო
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანა 83 000 დოზა „ასტარაზენეკას“ წარმოების ვაქცინას მაისის დასაწყისში მიიღებს.
„მაისის დასაწყისში ქვეყანა COVAX-ის ფარგლებში კვლავ მიიღებს 83 000 დოზა „ასტრაზენეკას“ წარმოების ვაქცინას. ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკება სხვადასხვა მწარმოებელთან და ევროკავშირის ქვეყნებთან, ვაქცინების დამატებითი დოზების მიღებასთან დაკავშირებით“, – აღნიშნულია სამინისტროდან „ბათუმელებისთვის“ გამოგზავნილ წერილში.
სამინისტროს ვაქცინებსა და მის ფასებთან დაკავშირებით წერილობით მარტის ბოლოს მივმართეთ.
„COVAX პლატფორმის ფარგლებში მარტის თვეში შემოვიდა ასტრაზენეკას წარმოების 43 200 ვაქცინა და ფაიზერის წარმოების 29 250 ვაქცინა. აპრილის დასაწყისში ქვეყანამ მიიღო ჩინური წარმოების სინოფარმის 100 000 დოზა ვაქცინა“, – მოგვწერეს სამინისტროდან.
რაც შეეხება ვაქცინების ფასებს, „გაცნობებთ, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ვაქცინების გლობალურ ალიანსთან გაფორმებული აქვს ე.წ. “Covax Facility shareholders council confidentiality agreement”. ასევე, როგორც მოგეხსენებათ, მწარმოებელ კომპანიებთან კომუნიკაციის დოკუმენტაცია წარმოადგენს მათ კომერციულ საიდუმლოს“, – აღნიშნულია სამინისტროდან მიღებულ წერილში.