ახალი ამბები

“უფრო მეტი სანერვიულო ოპოზიციას ექნება” – თალაკვაძე გახარიას პარტიაზე

14 აპრილი, 2021 • 1827
“უფრო მეტი სანერვიულო ოპოზიციას ექნება” – თალაკვაძე გახარიას პარტიაზე

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ ექს-პრემიერ გიორგი გახარიას გუნდის წევრებმა “ქართული ოცნებიდან” გასვლის შესახებ წინასწარ აცნობეს.

“ეს არის არასწორი გადაწყვეტილება და არათანმიმდევრული დამოკიდებულება, რომელიც გიორგი გახარიამ გამოავლინა ბოლო რთული გადაწყვეტილების მიღების დროს და გუნდთან ურთიერთობაში. სამწუხაროა, რომ ჩვენმა კოლეგებმა პირადი ურთიერთობები აირჩიეს იმ სახელმწიფო ინტერესების და პირობის ნაცვლად, რომელიც ჩვენ ერთად მივეცით საზოგადოებას და ერთად გვქონდა პასუხისმგებლობა აღებული.  დაველოდებით და ვნახავთ, რა პოლიტიკურ პარტიას შექმნიან, რა იქნება მათი პოზიციონირება. არსებობს ძალიან ბევრი კითხვა და ამ კითხვებზე პასუხი იქნება გასაცემი”, – განაცხადა თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, გახარიას თანამოაზრეების მხრიდან გუნდის პასუხისმგებლობაზე მითითება და საკუთარი პასუხისმგებლობისგან თავის გათავისუფლების მცდელობა მიუღებელი და გაუმართლებელია.

“უბრალოდ სირცხვილია, როდესაც შენს საერთო პასუხისმგებლობას ტოვებ, გადიხარ აქედან და საუბრობ ზუსტად იმ პრობლემებზე, რომელზეც შენც გეკისრება პასუხისმგებლობა და გაქვს ვალდებულება, ამის მოსაგვარებლად იმუშაო”, – დასძინა თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ საპარლამენტო უმრავლესობას საფრთხე არ ემუქრება ახალი პოლიტიკური ძალის შექმნით.

“ვფიქრობ, უფრო მეტი სანერვიულო ოპოზიციას ექნება, რომელმაც უარი თქვა, ყოფილიყო ოპოზიცია პარლამენტში და აირჩია ქუჩა. პოლიტიკაში ასე ხდება – როდესაც ოპოზიცია კარგავს თავის ადგილს, ამ ადგილს აუცილებლად იკავებს სხვა. იქნება თუ არა ეს გიორგი გახარია, შემდეგი პროცესები გვიჩვენებს”, – თქვა თალაკვაძემ.

ამასთან, თალაკვაძე ირწმუნება, რომ გიორგი გახარია კონსტრუქციული ოპოზიციის ჩამოსაყალიბებლად ბიძინა ივანიშვილის პროექტი არ არის.

“სხვა პოლიტიკური პარტიები ნერვიულობენ, არ დაკარგონ ის ადგილი, რაც ოპოზიციას ეკუთვნის ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ სისტემაში, თუმცა ძალიან იაფფასიანად ცდილობენ, რომ ამას ადვილი და უპასუხისმგებლო არგუმენტი მოუძებნონ, თითქოს გიორგი გახარია “ქართული ოცნების” პროექტია. მერწმუნეთ, ეს ასე არ არის და დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ასე არ არის. ჩვენ ვნახავთ, რა პოლიტიკურ პარტიას ქმნიან ჩვენი ყოფილი კოლეგები, რა მიზნებს ჩამოაყალიბებენ და მერე კიდევ უფრო დარწმუნდებით, რომ ოპოზიცია ტყუილად არ ნერვიულობს”, – განაცხადა თალაკვაძემ

არჩილ თალაკვაძე ვარაუდობს, რომ გახარიას მომავალი პარტია ვადამდელი არჩევნების შესახებ საერთო ოპოზიციურ მოთხოვნას შეუერთდება.

“თუ მთელ ოპოზიციას აწყობს ვადამდელი არჩევნები, დიდი ალბათობით, ახალი ოპოზიციური პარტია, როდესაც ის ჩამოყალიბდება, შეუერთდება ამ მოთხოვნას. ჩემი მოლოდინი ასეთია, თუმცა რიგგარეშე არჩევნები მოთხოვნა და არჩევნების გაყალბების ბრალდება ცარიელი ბრალდება აღმოჩნდა”, – განაცხადა თალაკვაძემ.


“ჩვენ მხარს დავუჭერთ ყველა ისეთ ინიციატივას, რომელიც განმუხტავს რადიკალიზაციასა და ამ დიდ განხეთქილებას საზოგადოებაში. შესაბამისად, წინ ნუ გავუსწრებთ მოვლენებს”, – ეს განცხადება გიორგი ხოჯევანიშვილმა გააკეთა იმ კითხვაზე საპასუხოდ, რომელიც ვადამდელი არჩევნების საკითხზე გიორგი გახარიას გუნდის პოზიციას ეხებოდა.

დღეს ცნობილი გახდა, რომ პარლამენტში გიორგი გახარიას გუნდის ექვსმა წევრმა “ქართული ოცნება” დატოვა. ისინი ამბობენ, რომ გიორგი გახარიასთან ერთად ახალი პარტიის შექმნას იწყებენ.

დღეს “ქართული ოცნება” დატოვეს შემდეგმა დეპუტატებმა:

  • გიორგი ხოჯევანიშვილმა (გორი – კასპის მაჟორიტარი)
  • ალექსანდრე მოწერელიამ (წალენჯიხა-მარტვილი-ჩხოროწყუს მაჟორიტარი)
  • ბექა ლილუაშვილმა (გახარიას ყოფილი მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში)
  • შალვა კერსელიძემ (მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარი)
  • ანა ბუჩუკურმა (პრემიერის აპარატის ყოფილი უფროსი)
  • მიხეილ დაუშვილმა (ყოფილი ბიზნესომბუდსმენი)

პარლამენტში გახარიას გუნდის წევრებმა ‘ოცნება” დატოვეს

მასალების გადაბეჭდვის წესი