ახალი ამბები

J&J-ის ვაქცინის გამოყენება სამხრეთ აფრიკასა და ევროპაშიც შეაჩერეს

14 აპრილი, 2021 • 663
J&J-ის ვაქცინის გამოყენება სამხრეთ აფრიკასა და ევროპაშიც შეაჩერეს

აშშ-ის შემდეგ Johnson & Johnson-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენება სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკასა და ევროპაშიც შეაჩერეს. აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყნებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც ცნობილი გახდა, რომ Johnson & Johnson-ის ვაქცინა შესაძლოა იშვიათ, მაგრამ მწვავე სისხლის შედედების სისტემის გართულებას იწვევდეს.

გუშინ, 13 აპრილს აშშ-ის საკვებისა და წამლის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ 6.8 მილიონი ვაქცინირებულიდან 6 პირს იშვიათი თრომბოემბოლიური გართულება გამოუვლინდა. როგორც BBC წერს, შემთხვევები იდენტურია იმ გართულებებისა, რომელიც AstraZeneca-ს ვაქცინის შემთხვევაშიც გამოვლინდა. აღნიშნული ორი ვაქცინა ერთი და იმავე ტექნოლოგიითაა დამზადებული.

Johnson&Johnson-ის ვაქცინის შემთხვევაში ექვსივე ამგვარი გართულება 18-დან 48 წლის ქალებში ვაქცინაციიდან მე-6-დან მე-13 დღემდე პერიოდში გამოვლინდა.

FDA-ს რეკომენდაციის შემდეგ, აშშ-ში ვაქცინის გამოყენება დამატებითი კვლევების გამოქვეყნებამდე შეჩერდა. მსგავსი გადაწყვეტილება მიიღეს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკასა და ევროპის ქვეყნებმაც.

როგორც BBC წერს, ევროკავშირში ვაქცინის მიწოდება აღნიშნულ განცხადებამდე 24 საათით ადრე დაიწყო და ჯერჯერობით ევროკავშირის ქვეყნებში J&J-ის ვაქცინით იმუნიზაცია დაწყებული არ იყო.

რაც შეეხება ბრიტანეთს, Johnson & Johnson-ს ბრიტანეთში ავტორიზაცია ჯერ არ აქვს მინიჭებული, თუმცა ქვეყანას 30 მილიონი დოზა წინასწარ აქვს შესყიდული. ვაქცინა წინასწარ შეძენილი აქვს კანადასაც, კერძოდ, პრეპარატის 10 მილიონი დოზა ქვეყანას თვის ბოლოს უნდა მიეღო.

J&J-ის ვაქცინამ FDA-სგან გადაუდებელი გამოყენებისთვის ავტორიზაცია თებერვალში მიიღო და რამდენადაც სხვა მწარმოებლების შექმნილი ვაქცინებისგან განსხვავებით ერთჯერადი დოზით იმუნიზაციას საჭიროებდა, ითვლებოდა, რომ უფრო მარტივად შეიძლებოდა მისი ადმინისტრირება.

ერთი კვირის წინ კი ევროპის წამლების სააგენტომ AstraZeneca-ს ვაქცინასა და თრომბოემბოლიურ გართულებას შორის კავშირი დაადგინა, რომელსაც თან ახლავს სისხლში თრომბოციტების რაოდენობის კლება და უფრო ხშირად ახალგაზრდებში ვითარდება. თუმცა ევროპულმა მარეგულირებელმა ასევე აღნიშნა, რომ ვაქცინის სარგებელი ბევრი ადამიანისთვის მის მიერ გამოწვეულ შესაძლო გართულებების რისკებს გადაწონის.

AP წერს, რომ J&J იმავე ტექნოლოგიითაა დამზადებული, რითაც AstraZeneca-ს წარმოებული ვაქცინა. ორივე მათგანი ამზადებს ორგანიზმს, ამოიცნოს “ცილის წვეტები”, რომელიც კორონავირუსული ინფექციის გამომწვევ ვირუსს გარს აკრავს. აღნიშნული გენის ორგანიზმისთვის მისაწოდებლად ორივე მწარმოებელი საკუთარ ვაქცინაში გრიპის ვირუსს, ადენოვირუსს იყენებს იმ ერთი განსხვავებით, რომ J&J ადამიანის ადენოვირუსს იყენებს, AstraZeneca კი, შიმპანზეებში გავრცელებულ ვერსიას.

მასალების გადაბეჭდვის წესი