ახალი ამბები

გოლეთიანის თქმით, ნამახვანის პროტესტის აქტივისტები ნათია თურნავას არ შეხვდებიან

12 აპრილი, 2021 • 1533
გოლეთიანის თქმით, ნამახვანის პროტესტის აქტივისტები ნათია თურნავას არ შეხვდებიან

“ნამახვანი ჰესის” მოწინააღმდეგე ერთ-ერთი აქტივისტის, ვარლამ გოლეთიანის თქმით, აქტივისტები ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავასთან შეხვედრაზე უარს ამბობენ, თუმცა სურთ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა. ამის შესახებ გოლეთიანმა “TV პირველთან” ისაუბრა.

გოლეთიანის განმარტებით, აქტივისტები თურნავასთან შეხვედრაზე უარს მას შემდეგ ამბობენ, რაც ქუთაისში დაგეგმილი შეხვედრისას თურნავამ ადგილობრივ მოსახლეობას არ მოუსმინა და საკუთარი პოზიციების გაცნობის შემდეგ შეხვედრის ადგილი დატოვა. გოლეთიანის განცხადებით, ამით შეურაცხყოფა მიაყენეს ათასობით ადამიანს, ვისთვისაც “ნამახვანი ჰესის” საკითხი მნიშვნელოვანი იყო. ამასთან, გოლეთიანის განმარტებით, აღნიშნული ქმედებით თურნავამ აჩვენა, რომ ჰესთან დაკავშირებით “გადაწყვეტილებების მიმღები” არ არის.

“ჩვენ ხელისუფლებას მივმართეთ და ჩვენი ტრიბუნიდან გავაჟღერეთ, რომ შემდეგი საფეხური ვინც მოდის გადაწყვეტილებების მიმღებებს შორის, და ეს ალბათ არის ბატონი პრემიერი, ის უნდა ჩართულიყო პირადად ამ საკითხებში და მასთან უნდა ყოფილიყო შემდგომი განხილვა, როგორც გადაწყვეტილების მიმღებთან.

თურნავას იმ მოტივითაც ვერ შევხდებით მათ შორის, რომ მისი გადადგომა მოვითხოვეთ აქციაზე მისივე საქციელის გამო. შესაბამისად, რადგან ის ვერ ღებულობს გადაწყვეტილებას და იმ შეხვედრიდანაც იმიტომ გაიპარა, როგორც ვიცით, რომ კონკრეტული რაღაცების თქმა არ შეეძლო, ანუ გადაწყვეტილებების მიღება, როცა ჩვენ შევიდოდით გარკვეულ პოლემიკაში, ამიტომაც აარიდა თავი… ამიტომ მასზე უფრო მეტად ვინც არის გადაწყვეტილების მიმღები ჩვენს სახელისუფლებო წრეებში, შესაბამსიად, ვითხოვთ იმ პიროვნებასთან შეხვედრას, ამ შემთხვევაში გამოდის, რომ ეს არის ბატონი პრემიერი”, – განაცხადა გოლეთიანმა.

დღეს, 12 აპრილს, ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა, რომ სამინისტრო მზად არის ნებისმიერ დაინტერესბულ პირთან შესახვედრად, “მაგრამ ეს არ უნდა იყოს შეხვედრა შეხვედრისთვის”. მისი თქმით, ბოლო პერიოდის განმავლობაში “ნამახვანი ჰესთან” დაკავშირებით “ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იყო მიღებული”, მათ შორის კაშხლის მშენებლობის გადადება, და ისინი მზად არიან ამ თემებზე სასაუბროდ. თუმცა, “თუკი უბრალოდ ულტიმატუმი გაისმის, რომ როგორც არ უნდა გაუმჯობესდეს პროექტი, ის უბრალოდ არ უნდა განხორციელდეს”, მინისტრის თქმით “ეს, რა თქმა უნდა, ჩვენთვის მიუღებელია”.


უკვე 170 დღეა, რაც მოქალაქეები რიონის ხეობაში „ნამახვან ჰესის“ მშენებლობას ეწინააღმდეგებიან. თავდაპირველად მოქალაქეები სოფელ ნამოხვანში კარავში იმყოფებოდნენ და პერიოდულად მართავდნენ ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციებს.

არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, ექსპერტი თუ აქტივისტი ამბობს, რომ კომპანია „ენკას“ მიერ აშენებული ჰესი დიდ კითხვის ნიშნებს აჩენს, მათი ნაწილის შეფასებით კი, ჰესის მოსამზადებელი სამუშაოები უკანონოა. ამასთანავე, მიუხედავად მთავრობის განცხადებისა, რომ ეს ჰესი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას წაადგება, „ნამახვანი ჰესის“ აშენების შემთხვევაში, ორგანიზაციები ამბობენ, რომ  ელექტროენერგიის ეს საფასური იმაზე მაღალი იქნება, ვიდრე ენერგობაზარზე სხვა მომწოდებლების მიერ უზრუნველყოფილი ენერგია.

თუმცა უკვე რამდენიმე დღეა, რაც პოლიციამ ნამოხვანთან გზა გადაკეტა, „რიონის ხეობის დამცველები“ კი გუმათთან მობილიზდნენ. მათ აქაც გაშალეს კარვები, რომელიც პოლიციამ 11 აპრილს აიღო.

დღეს, 12 აპრილს რიონის ხეობაში, ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეების მორიგი აქციის დროს, მოქალაქეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა.აქციის მონაწილეობმა რიონის ხეობისკენს მიმავალი გზის გახსნა მოითხოვეს, რომელიც საპოლიციო ძალების მიერაა გადაკეტილი.

ხელებაწეულმა აქტივისტებმა პოლიციის კორდონის გარღვევა სცადეს, თუმცა, საბოლოოდ გადაწყვტიეს, რომ ქუთაისისკენ მსვლელობით წასულიყვნენ.

ამჟამად აქცია გუმანჰესთან გრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი