ახალი ამბები

“გადადგეს ნათია თურნავა!” — ქუთაისში ნამახვანჰესის წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს

14 მარტი, 2021 •
“გადადგეს ნათია თურნავა!” — ქუთაისში ნამახვანჰესის წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს

ქუთაისის მთავარ მოედანზე, “ნამახვანი ჰესის” წინააღმდეგ მორიგი საპროტესტო აქცია იმართება.

აქციის ორგანიზატორები, „რიონის ხეობის მცველები“ გეგმავენ, კვირა საღამოს ქალაქში დარჩნენ და ასე გამოხატონ პროტესტი ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ. ამასთან, აქციის ორგანიზატორებმა აქციებით თბილისში, პარლამენტის შენობასთან გადმოტანა დაანონსეს.

აქციის ძირითადი მოთხოვნაა, გაუქმდეს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის N2405 განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების „ენკა რინიუებლზისთვის“ აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების“ შესახებ.

“ენკამ” უნდა დატოვოს რიონის ხეობა”, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა.

ამასთან, აქციის მოთხოვნებს დაემატა ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას გადადგომა. აქციის მონაწილეების თქმით, ახალი მოთხოვნა გამოწვეულია ნათია თურნავას მიერ 12 მარტს “ნამახვან ჰესზე” შეხვედრის დატოვებით.

“გადადგეს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა!” – განაცხადა გოლეთიანმა.

12 მარტს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ ნამახვანჰესთან დაკავშირებით ადგილობრივ მოსახლეობასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ექსპერტებთან შეხვედრა დატოვა, რასაც ადგილობრივების უკმაყოფილება მოჰყვა. რამდენიმე წუთში შეხვედრა „რიონის ხეობის მცველებმაც“ დატოვეს.

რას პასუხობს ეკონომიკის მინისტრი EMC-ის კითხვებს

მასალების გადაბეჭდვის წესი