ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ ნამახვანჰესთან დაკავშირებით ადგილობრივ მოსახლეობასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ექსპერტებთან შეხვედრა დატოვა, რასაც ადგილობრივების უკმაყოფილება მოჰყვა. რამდენიმე წუთში შეხვედრა „რიონის ხეობის მცველებმაც“ დატოვეს.
12 მარტს ეკონომიკის და სოფლის მეურნეობის მინისტრები, ნათია თურნავა და ლევან დავითაშვილი ადგილობრივებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდნენ ნამახვანჰესის საკითხზე. შეხვედრა ჰესის წინააღმდეგ მასშტაბურ პროტესტს მოჰყვა.
შეხვედრის დაწყებისას ნათია თურნავამ გამოაცხადა ის პუნქტები, რასაც, მისი თქმით, კომპანიასთან შეთანხმებით მიაღწიეს:
- კაშხლის და წყალსაცავის მშენებლობა არ დაიწყება ძირითადი კვლევების გადამოწმებამდე;
- შეიქმნება რიონის ხეობის განვითარების ფონდი 5 მლნ ბიუჯეტით;
- ნამახვანის ინვესტორ კომპანიაში ქართველი დირექტორი დაინიშნება.
ამის შემდეგ თურნავამ იმავე შინაარსის კომენტარი მისცა ჟურნალისტებს, შემდეგ კი ტერიტორია დატოვა. შეხვედრის ოთახიდან გავიდა მინისტრი ლევან დავითაშვილიც, თუმცა განაცხადა, რომ სანამ მოსახლეობის ყველა კითხვას არ უპასუხებს, არ წავა.
ადგილობრივმა აქტივისტმა ვარლამ გოლეთიანმა, დემონსტრანტების ერთ-ერთმა სპიკერმა, უკმაყოფილება გამოხატა თურნავას გადაწყვეტილების გამო და განაცხადა:
„ჩვენ შეთანხმება გვქონდა მათთან, მინისტრებთან საუბრის და დიალოგის წარმოების, არ გვქონია სხვა, თანმხლებ ადამიანებთან თუ კომპანიის წარმოამდგენლებთან საუბრის სურვილი. მინისტრთან დიალოგის სურვილი გვქონდა… ამ ტიპის საუბარი უნდა მომხდარიყო, მაგრამ სამწუხაროა, რომ თავად ჩაშალეს“, – თქვა გოლეთიანმა.
„როცა აღიარეს, კომუნიკაციის პრობლემა გვაქვს, ეს არის კომუნიკაციის პრობლემის მოგვარება“? – იკითხა გოლეთიანმა. რამდენიმე წუთში ადგილობრივებმა შეხვედრა დატოვეს.
„რაც ახლა მოხდა, არის წარმოუდგენელი სითავხედე და იმ ადამიანების შეურაცხყოფა, ვინც ლამის 4 თვეა, კარვებში ათენებენ, და იმ შეთანხმების დარღვევა, რაც მიღწეული იყო“, – თქვა „მწვანე ალტერნატივის“ წარმომადგენელმა დავით ჭიპაშვილმა.