ახალი ამბები

სამართალდამცების მოქმედებები იყო მთლიანად უკანონო და ანტიკონსტიტუციური – ბოკერია ნამახვანის პროტესტზე

12 აპრილი, 2021 •
სამართალდამცების მოქმედებები იყო მთლიანად უკანონო და ანტიკონსტიტუციური – ბოკერია ნამახვანის პროტესტზე

“ევროპული საქართველოს” ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, “ნამახვანი ჰესის” მოწინააღმდეგე აქტივისტების მიმართ სამართალდამცავი ორგანოების ქმედებები არაკონსტიტუციურია და მოქალაქეების ფუნდამენტურ უფლებებს ზღუდავს. ამის შესახებ ბოკერიამ დღეს, 12 აპრილს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

მისი განცხადებით, აქტივისტების უფლებების შეზღუდვის შედეგად ხელისუფლება მათი მხრიდან რადიკალურ ნაბიჯებს ახალისებს.

“აბსოლუტურად ცალსახაა, რომ სამართალდამცავი ორგანოების მოქმედებები, ამ ბოლო დღეების განმავლობაში განსაკუთრებით, იყო მთლიანად უკანონო, ანტიკონსტიტუციური, მოკლებული ყოველგვარ გონივრულ საფუძველს და ზღუდავდა ჩვენი მოქალაქეების ფუნდამენტურ უფლებებს, პოლიტიკური პროტესტის უფლებას, გადაადგილების თავისუფლებას, სიტყვის თავისუფლებას, შეიძლება ითქვას. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ამ პოზიციასთან არანაირ კავშირში არ არის უშუალოდ პროტესტის შინაარსის შეფასება. “ევროპული საქართველოს” პოზიცია ძალიან კრიტიკულია იმ ნაწილთან დაკავშირებით, რომელიც აშკარად ქსენოფობიურია.

ნებისმიერი პოლიტიკური გზავნილის ჩვენს მოქალაქეებს აქვთ აბსოლუტურად იგივე უფლებები, რაც ყველა დანარჩენს, ეს ერთი. მეორე, ამ პროტესტის მონაწილეები არიან ის ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ ქსენოფობიური გზავნილი და აქვთ სხვა ტიპის კრიტიკული დამოკიდებულება ამ პროექტთან დაკავშირებით და ამ რეპრესიული, ანტიკონსტიტუციური მოქმედებებით ხელისუფლება ახალისებს სწორედ რადიკალური და ქსენოფობიური განწყობების მქონე ნაწილის პოზიციებს და ქვეყანა უარეს შედეგს მიიღებს ამ ყველაფრის შემდეგ”, – განაცხადა ბოკერიამ.

მისი თქმით, ყველა ის საბაბი, რომელსაც სამართალდამცავი ორგანოები პროტესტის წინააღმდეგ იყენებენ, მოკლებულია კანონიერ საფუძველს. ამასთან, მისი განმარტებით ყველა მოქალაქის კონსტიტუციური უფლებაა მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვა.

“იმის თქმა, რომ პოტენციური პრობლემების აცილების მიზნით, მით უმეტეს, თუ ეს კერძო ტერიტორიაზე ხდება, მოხდეს კარვების აღება, შეიზღუდოს გადაადგილება მთლიანად და იმ მოქალაქეებს შეეზღუდოთ ეს უფლებები, ვისი პოლიტიკური პოზიციაც მათთვის ცნობილია, ეს არის პირდაპირ ანტიკონსტიტუციური მოქმედება ფუნდამენტური უფლებების წინააღმდეგ”, – განმარტა ბოკერიამ.


უკვე 170 დღეა, რაც მოქალაქეები რიონის ხეობაში „ნამახვან ჰესის“ მშენებლობას ეწინააღმდეგებიან. თავდაპირველად მოქალაქეები სოფელ ნამოხვანში კარავში იმყოფებოდნენ და პერიოდულად მართავდნენ ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციებს.

არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, ექსპერტი თუ აქტივისტი ამბობს, რომ კომპანია „ენკას“ მიერ აშენებული ჰესი დიდ კითხვის ნიშნებს აჩენს, მათი ნაწილის შეფასებით კი, ჰესის მოსამზადებელი სამუშაოები უკანონოა. ამასთანავე, მიუხედავად მთავრობის განცხადებისა, რომ ეს ჰესი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას წაადგება, „ნამახვანი ჰესის“ აშენების შემთხვევაში, ორგანიზაციები ამბობენ, რომ  ელექტროენერგიის ეს საფასური იმაზე მაღალი იქნება, ვიდრე ენერგობაზარზე სხვა მომწოდებლების მიერ უზრუნველყოფილი ენერგია.

თუმცა უკვე რამდენიმე დღეა, რაც პოლიციამ ნამოხვანთან გზა გადაკეტა, „რიონის ხეობის დამცველები“ კი გუმათთან მობილიზდნენ. მათ აქაც გაშალეს კარვები, რომელიც პოლიციამ 11 აპრილს აიღო.

დღეს, 12 აპრილს რიონის ხეობაში, ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეების მორიგი აქციის დროს, მოქალაქეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა.აქციის მონაწილეობმა რიონის ხეობისკენს მიმავალი გზის გახსნა მოითხოვეს, რომელიც საპოლიციო ძალების მიერაა გადაკეტილი.

ხელებაწეულმა აქტივისტებმა პოლიციის კორდონის გარღვევა სცადეს, თუმცა, საბოლოოდ გადაწყვტიეს, რომ ქუთაისისკენ მსვლელობით წასულიყვნენ.

ამჟამად აქცია გუმანჰესთან გრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი