13 არასამთავრობო ორგანიზაცია სოლიდარობას უცხადებს სოფელ გუმათთან მიმდინარე აქციის მონაწილეებს. ორგანიზაციების განცხადებით, სახელმწიფო უხეშად არღვევს დემონსტრანტების მიმართ კონსტიტუციით გარანტირებული შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებას.
“168- დღიანი უწყვეტი მშვიდობიანი პროტესტის ფონზე, ხელისუფლება ყოველდღიურად ზრდის რეპრესიას რიონის ხეობაში მცხოვრები მოქალაქეების მიმართ. უკანასკნელი დღეების განმავლობაში სამართალდამცავი ორგანოები თავად სცდებიან სამართლის ფარგლებს და მიზანმიმართულად, უკანონო ძალისმიერი მეთოდებით ცდილობენ პროტესტის ჩახშობას”, – ნათქვამია განცხადებაში.
არასამთავრობოები აცხადებენ, რომ ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტის მიმართ ხელისუფლების შეხედულების მიუხედავად, ის ვალდებულია, მოისმინოს ხალხის ხმა.
“საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვის მიზნით, შეკრების შესაძლებლობა დემოკრატიული მმართველობის განუყოფელი ნაწილია და ამ უფლებით თანაბარი და სრულფასოვანი სარგებლობის შესაძლებლობა საზოგადოების ღიაობის და დემოკრატიულობის ხარისხს განსაზღვრავს. სწორედ იქ, სადაც არსებობს დიდი საზოგადოებრივი ინტერესი და პროტესტი, ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს დიალოგი ყველა დაინტერესებულ პირთან: ადგილობრივ მოსახლეობასთან, სამეცნიერო წრეებთან, პოლიტიკურ თუ სამოქალაქო ჯგუფებთან”, – წერია არასამთავრობოების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამასთან, არასამთავრობოები მიიჩნევენ, რომ ადგილობრივი მოსახლეობის პოზიციების მოსმენის ნაცვლად მათ წინააღმდეგ “რეპრესიული მექანიზმებით მოქმედება” საფრთხეს წარმოადგენს ზოგადად დემოკრატიისთვის, “ანუ უკლებლივ ყველასთვის”.
განცხადებას ხელს აწერენ შემდეგი არასამთავრობო ორგანიზაციები:
- მმართველობის მონიტორინგის ცენტრი(GMC)
- საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
- დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD)
- პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)
- საქართველოს ატლანტიკური საბჭო
- უფლებები საქართველო
- ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
- მედიის განვითარების ფონდი (MDF)
- ადამიანის უფლებათა ცენტრი
- კავშირი “საფარი”
- შავი და ბალტიის ზღვის ალიანსი-საქართველო
- ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისთვის (RIVG)
- სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
უკვე 170 დღეა, რაც მოქალაქეები რიონის ხეობაში „ნამახვან ჰესის“ მშენებლობას ეწინააღმდეგებიან. თავდაპირველად მოქალაქეები სოფელ ნამოხვანში კარავში იმყოფებოდნენ და პერიოდულად მართავდნენ ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციებს.
არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, ექსპერტი თუ აქტივისტი ამბობს, რომ კომპანია „ენკას“ მიერ აშენებული ჰესი დიდ კითხვის ნიშნებს აჩენს, მათი ნაწილის შეფასებით კი, ჰესის მოსამზადებელი სამუშაოები უკანონოა. ამასთანავე, მიუხედავად მთავრობის განცხადებისა, რომ ეს ჰესი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას წაადგება, „ნამახვანი ჰესის“ აშენების შემთხვევაში, ორგანიზაციები ამბობენ, რომ ელექტროენერგიის ეს საფასური იმაზე მაღალი იქნება, ვიდრე ენერგობაზარზე სხვა მომწოდებლების მიერ უზრუნველყოფილი ენერგია.
თუმცა უკვე რამდენიმე დღეა, რაც პოლიციამ ნამოხვანთან გზა გადაკეტა, „რიონის ხეობის დამცველები“ კი გუმათთან მობილიზდნენ. მათ აქაც გაშალეს კარვები, რომელიც პოლიციამ 11 აპრილს აიღო.
დღეს, 12 აპრილს რიონის ხეობაში, ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეების მორიგი აქციის დროს, მოქალაქეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა.აქციის მონაწილეობმა რიონის ხეობისკენს მიმავალი გზის გახსნა მოითხოვეს, რომელიც საპოლიციო ძალების მიერაა გადაკეტილი.
ხელებაწეულმა აქტივისტებმა პოლიციის კორდონის გარღვევა სცადეს, თუმცა, საბოლოოდ გადაწყვტიეს, რომ ქუთაისისკენ მსვლელობით წასულიყვნენ.
ამჟამად აქცია გუმანჰესთან გრძელდება.