ახალი ამბები

აქტივისტებმა რიონის ხეობაში პოლიციელთა კორდონის გარღვევა სცადეს

12 აპრილი, 2021 •
აქტივისტებმა რიონის ხეობაში პოლიციელთა კორდონის გარღვევა სცადეს

რიონის ხეობაში, სადაც ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები მორიგი აქციას მართავენ, პოლიციასა და აქტივისტებს შორის დაძაბულობაა.

აქციის მონაწილეობმა რიონის ხეობისკენს მიმავალი გზის გახსნა მოითხოვეს, რომელიც საპოლიციო ძალების მიერაა გადაკეტილი. ხელებაწეულმა აქტივისტებმა პოლიციის კორდონის გარღვევა სცადეს. როგორც ნეტგაზეთის რეპორტიორი ადგილიდან იტყობინება, ადგილზე დამატებითი საპოლიციო ძალების მობილიზება ხდება.

რამდენიმეწუთიანი დაძაბულობის შემდეგ საპროტესტო მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ვარლამ გოლეთიანმა აქტივისტებს უკან მშვიდობიანი დახევისკენ მოუწოდა, რის შემდეგაც დაპირისპირება რიონის ხეობაში განიმუხტა.

ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების ფონზე, “რიონის ხეობის მცველები” გუმათის დასახლებასთან მორიგ საპროტესტო აქციას მართავენ.

აქტივისტები პოლიციის კორდონის გარღვევას ცდილობენ. რიონის ხეობა. 12 აპრილი, 2021. ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები/ნეტგაზეთი

მათ თბილისიდან და სხვა რეგიონებიდანაც შეუერთდნენ მხარდამჭერები. წინა დღით, 11 აპრილს, პოლიციამ დაშალა “რიონის ხეობის მცველების” კარვების ბანაკი, რომელიც სოფელ ნამოხვანში მდებარეობდა. ამის საფუძვლად პოლიციამ რიონის ადიდების რისკი დაასახელა, თუმცა დემონსტრანტები ამ საფუძველს არ მიიჩნევენ სანდოდ და აცხადებენ, რომ პოლიციას მათი პროტესტის დაშლა სურს, კომპანიამ კომფორტულად რომ გააგრძელოს სამშენებლო სამუშაოები.

კარვების აყრის შემდეგ, 13 აპრილს, აღნიშნული ადგილი ტრაქტორებით გადახნეს. ახლა ადგილობრივები იმყოფებიან გუმათჰესთან, სადაც უკვე 2 კვირაა, მეორე საბანაკე ადგილია გაშლილი. ეს ადგილი პროტესტის პირვანდელი, ძირითადი ადგილიდან დაახლოებით 15 კმ-ში მდებარეობს. კარავი აქ მას შემდეგ აღმართეს, რაც პოლიციამ გადაადგილება შეზღუდა. როგორც ადგილობრივები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები და სახალხო დამცველი გადაადგილების შეზღუდვის გადაწყვეტილებას დაუსაბუთებლად მიიჩნევენ.

პოლიციის კორდონი რიონის ხეობაში. 12 აპრილი, 2021. ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები/ნეტგაზეთი

პოლიციის კორდონი რიონის ხეობაში. 12 აპრილი, 2021. ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები/ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი