გუმათთან ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები მორიგი აქციისთვის ემზადებიან. ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების ფონზე, “რიონის ხეობის მცველები” გუმათის დასახლებასთან მორიგ საპროტესტო აქციას გამართავენ.
მათ თბილისიდან და სხვა რეგიონებიდანაც შეუერთდებიან მხარდამჭერები. წინა დღით, 11 აპრილს, პოლიციამ “რიონის ხეობის მცველების” კარვების ბანაკი, რომელიც სოფელ ნამოხვანში მდებარეობდა, დაშალა. ამის საფუძვლად პოლიციამ რიონის ადიდების რისკი დაასახელა, თუმცა დემონსტრანტები ამ საფუძველს არ მიიჩნევენ სანდოდ და აცხადებენ, რომ პოლიციას მათი პროტესტის დაშლა სურს, კომპანიამ კომფორტულად რომ გააგრძელოს სამშენებლო სამუშაოები.
კარვების აყრის შემდეგ, 13 აპრილს, აღნიშნული ადგილი ტრაქტორებით გადახნეს. ახლა ადგილობრივები იმყოფებიან გუმათჰესთან, სადაც უკვე 2 კვირაა, მეორე საბანაკე ადგილია გაშლილი. ეს ადგილი პროტესტის პირვანდელი, ძირითადი ადგილიდან დაახლოებით 15 კმ-ში მდებარეობს. კარავი აქ მას შემდეგ აღმართეს, რაც პოლიციამ გადაადგილება შეზღუდა. როგორც ადგილობრივები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები და სახალხო დამცველი გადაადგილების შეზღუდვის გადაწყვეტილებას დაუსაბუთებლად მიიჩნევენ.