ახალი ამბები |

ნამოხვანში ჟურნალისტების არ შეშვებას ქარტია და კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ ეხმიანება

11 აპრილი, 2021 | | 487
ნამოხვანში ჟურნალისტების არ შეშვებას ქარტია და კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ ეხმიანება

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია და კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ ნამოხვანში ჟურნალისტებისთვის მუშაობაში ხელის შეშლის ფაქტს ეხმაურება.

ქარტია სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს „არ ჩაერიონ ჟურნალისტურ საქმიანობაში და მედიას შეუქმნან შესაბამისი სამუშაო პირობები“.

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ წევრი ორგანიზაციები კი შინაგან საქმეთა სამინიტროს მოუწოდებენ იმოქმედოს ნამოხვანში მიმდინარე პროცესების მიმართ მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით.

„დღეს, 2021 წლის 11 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ჟურნალისტებს ნამახვანში წასვლის და მუშაობის უფლებას არ აძლევენ. პოლიციამ გუმათჰესთან მოწყობილ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე შეაჩერა ყველა გადამღები ჯგუფი და მათ გადაადგილების უფლებას არ აძლევს. დღესვე პოლიციამ  “რიონის მცველების” კარვები დაშალა, რაც მდინარე რიონის მოსალოდნელი ადიდებას დაუკავშირა.

ჩვენთვის ამ დრომდე უცნობია ჟურნალისტებისათვის პროფესიული საქმიანობის შეზღუდვის მიზეზები.

კრიზისულ სიტუაციაში გადამწყვეტად მიგვაჩნია,  ჟურნალისტებს მიეცეთ შესაძლებლობა თავისუფლად ასახონ განვითარებული მოვლენები, საზოგადოებას კი შეუნარჩუნდეს უფლება მიიღოს სრული ინფორმაცია ნამოხვანში მიმდინარე პროცესებზე,“ – ნათქვამია კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი