ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი განმარტებას ავრცელებს 4 აპრილის ქადაგებასთან დაკავშირებით, რომლის დროსაც მან ჭყონდიდის ეპარქიაში სასულიერო პირებს შორის მიმდინარე ღია დაპირისპირებაზე ისაუბრა. მისი თქმით, “თუ ვინმე თვლის, რომ უკვე გატარებული ღონისძიებების შედეგად დასახული ამოცანა შესრულებულია და ამით პრობლემა ამოწურულია, ეს მხოლოდ თავის მოტყუება იქნებოდა!”
მიტროპოლიტ გრიგოლის განმარტებას წინ უძღოდა ჭყონდიდის ეპარქიის ახლად დანიშნული მიტროპოლიტის, სტეფანეს კრიტიკა მის მიმართ, სწორედ 4 აპრილის ქადაგების გამო. მიტროპოლიტმა სტეფანემ ფოთელი მიტროპოლიტი “ბატონ მეუფედ” მოიხსენია და თქვა, რომ ამ უკანასკნელის მიერ გაკეთებული განცხადებების გამო “გულისწყრომა” აქვს.
“თავის მოტყუება”
10 აპრილის განცხადებაში ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი დასძენს:
სამწუხაროდ, მიტროპოლიტის ეს სიტყვა ზოგიერთისთვის გაუგებარი და მიუღებელი აღმოჩნდა;
მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით მეუფე გრიგოლი განმარტავს:
„თუ ვინმე თვლის, რომ უკვე გატარებული ღონისძიებების შედეგად დასახული ამოცანა შესრულებულია და ამით პრობლემა ამოწურულია, ეს მხოლოდ თავის მოტყუება იქნებოდა!
ნებისმიერი მწვავე პრობლემა მრავალი წახნაგისგან შედგება და მის არსში გასარკვევად განხილული და გაანალიზებული უნდა იქნეს მთელი მოცემული სიტუაცია მთლიანობაში.
პრობლემები არამც და არამც არ გაქრებიან – მათი პირდაპირი თუ ირიბი – უგულებელყოფის შედეგად, არამედ მათ შესაძლოა კიდევ უფრო მწვავე და მძაფრი ხასიათი შეიძინონ.
თუკი ჩვენ დღეს ეკლესიაში არსებული პრობლემების თაობაზე წუხილს გამოვთქვამთ, ამან კი არ უნდა შეაკრთოს ან შეაშინოს ვინმე, არამედ უნდა დააფიქროს არსებული პრობლემის ძირებზე, რადგან ჩვენი (ანუ მწყემსთა) მისიაა ცხვრების შეკრება და არა გაბნევა, შერიგება და არა – დაპირისპირება და დაყოფა.
აქ განგებ არ ვსაუბრობთ პრობლემის დეტალებზე, რადგან დღეს არსებულმა ემოციურმა აღქმებმა შესაძლოა სხვა მიმართულებით წარმართოს ადამიანის გონება.
ბოლო წლებში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრება ჩვენი საზოგადოებისა და მედიის განსაკუთრებული ინტერესის საგანი გახდა. საჯარო სივრცეში ეკლესიისა და მისი საქმეების გარშემო მრავალი ურთიერთგამომრიცხავი პოზიცია დაფიქსირდა, ეკლესიის მიმართ გახშირდა მწვავე კრიტიკა, გარდა ამისა, გაჩნდა ღია დაპირისპირებები სასულიერო პირებს შორის, რამაც დამატებით არაერთი პრობლემა წარმოშვა.
ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ ამ ვითარებამ მორწმუნეებში დაბნეულობა ან სულაც იმედგაცრუება გამოიწვიოს, რადგან საქართველოს მრავალი მკვიდრი სწორედ ჩვენს ეკლესიას შეჰყურებს იმედის თვალით, თუმცა არც ის უნდა დავუშვათ, რომ არსებული დაპირისპირება კიდევ უფრო გაღრმავდეს და ეკლესიას, როგორც ინსტიტუციას, დამატებით ახალი მწვავე პრობლემები გაუჩნდეს.
ეკლესიამ ( მისმა ინსტიტუციურმა ერთობამ) ჩვენს თავში უნდა მოვნახოთ ძალა, რათა გამოვავლინოთ სულიერი ერთობა და ისედაც მძიმე კრიზისში მყოფ ჩვენს საზოგადოებას ნათლად ვაჩვენოთ, რომ გაგვაჩნია ნება და შეგვწევს ძალა იმისა, რომ ყველაზე ურთულესი საკითხებიც კი დედა ეკლესიის ინტერესების ჭრილში შეგვიძლია განვიხილოთ და თვით ეკლესიის წიაღში გადავჭრათ. ამის საუკეთესო ეფექტურ საშუალებად კი მოცემული გვაქვს ქრისტიანებს ქრისტიანული სიყვარული და კანონიკური სამართალი.
ღრმად მწამს და მჯერა, რომ ჩვენი ეკლესიის წიაღში არის საკმარისი რესურსი იმისთვის, რომ ეკლესიაში არსებულ აქტუალურ და უაღრესად მწვავე პრობლემებზე დაიწყოს სერიოზული დისკუსია; ამის პრეცენდენტი უნდა გახდეს თუნდაც ბოლო დროს განვითარებულ შემაშფოთებელ მოვლენებზე მსჯელობა, რისთვისაც კანონიკური საფუძველი მოამზადა და საკითხზე მსჯელობის ვალდებულება დაგვაკისრა წმიდა სინოდის 2021 წლის 11 თებერვლის დადგენილებამ (დროებითი კომისიის შექმნის თაობაზე). შესაბამისად, გადაუდებელ ამოცანად გვესახება არსებულ პრობლემებზე კვალიფიციური მსჯელობის დაწყება და მისი კანონიკურ ჩარჩოებში წარმართვა.
უტყუარი ფაქტია, რომ ხსენებულ მოვლენებზე საზოგადოებასა და მედიაში ფართო დისკუსიაა გაშლილი, რის შედეგადაც ისმის არაერთი მწვავე შეკითხვა, რომლებზეც დამაჯერებელი პასუხების გაცემა ჩვენი პირუთვნელი მოვალეობაა. ამ და სხვა პრობლემური საკითხების შესახებ ეკლესიაში უნდა დავიწყოთ კონსტრუქციული და საქმიანი დიალოგი, რომლის შედეგებმაც ხელი უნდა შეუწყოს არსებული კრიზისული (ხშირად, უაღრესად კონფლიქტური) ვითარების განმუხტვას და დამაჯერებელი პასუხი გასცეს ყველა იმ სირთულესა და გამოწვევას, რომლის წინაშეც სწორედ რომ დღეს დგას ჩვენი დედა ეკლესია!
და ბოლოს; კიდევ ერთხელ დავძენთ, რომ სწორედ ამ პათოსით იყო ნასაზრდოები ჩვენს ქადაგებაში გამოთქმული წუხილი. დღეს, როგორც არასდროს, გვჭირდება ერთმანეთის მოსმენისა და შეწყნარების უნარი. ერთმანეთის აღიარებით თითოეული ჩვენგანი არა თუ სუსტდება, არამედ ძლიერდება. და ამით, შესაბამისად, ძლიერდება ჩვენი დედა ეკლესია!
რა თქვა ფოთელმა მიტროპოლიტმა 4 აპრილის ქადაგებისას?
რამდენიმე თვეა, ჭყონდიდის ეპარქიაში დაპირისპირება სასულიერო პირებს შორის უკიდურესად გამწვავებულია. მიტროპოლიტმა სტეფანემ არაერთი სასულიერო პირი დასაჯა საეკლესიო წესებით.
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი დაპირისპირების სერიოზულობას ეჭვქვეშ არ აყენებს. 4 აპრილს მან თქვა, რომ ამ მოვლენების “ფესვები ბევრად უფრო ფართომასშტაბიანია, ვიდრე ერთი ეპარქიის საზღვრებმა შეიძლება დაიტიოს”. ის სამომავლო რისკებზე საუბრობს და არ ფიქრობს, რომ პროცესის მონაწილეთა დასჯა პრობლემას გადაჭრის.
“ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, როგორც საერთოდ ცოდვების მიმართ წაყრუება არის ძალიან დიდი რისკების შემცველი საეკლესიო ცხოვრებაში, ასევე, სადამსჯელო ღონისძიებების იმედად ყოფნა არანაკლები სიმძიმეების მომტანია და არანაკლები საფრთხის შემცველი არის ეკლესიისთვის.
არ უნდა დავუშვათ, რომ ეკლესია გაიხლიჩოს. არ უნდა შევქმნათ იმის პრეცედენტი, რომ გაჩნდეს პარალელურად მიმდინარეობები, სადაც ჩვენ დავინახავთ იერარქიას, რომელსაც მერე გინდა, კანონიერი დაარქვი და გინდა, უკანონო…
ჩვენ საქმე გვაქვს ჩვენს სულიერი შვილებთან, ჩვენს ძმებთან და დებთან. მე ვფიქრობ, რომ დღეს ის პროცესი მიმდინარეობს, რომელსაც კანონიკურ სივრცეში სჭირდება დაბრუნება”, — დასძინა მიტროპოლიტმა.
როგორ უპასუხა ამ გზავნილებს მიტროპოლიტმა სტეფანემ?
ხსენებული გზავნილები ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სტეფანემ დაპირისპირებული მღვდლებისა და მონაზვნების “უკანონო ქმედებებისაკენ” წააქეზაბად მიიჩნია. კერძოდ, ქადაგებისას, მან თქვა:
“ბატონ მეუფეს, ფოთელს ვთხოვ, რომ მათთან [მიტროპოლიტ სტეფანესთან დაპირისპურებულ სასულიერო პირებთან] დაამყაროს კავშირი და სთხოვოს, რომ შემოვიდნენ კანონიერ ჩარჩოებში. მადლობას გადავუხდი, თუ ასე იქნება, ეს ხალხი მოინანიებს და აღარ დაგვჭირდება იმ ღონისძიებების გაგრძელება, რომელიც, გინდა-არ გინდა, გიწევს, როდესაც აღკვეთ ამბოხს.
ამბოხის აღკვეთა არ ხდება “შენი ჭირიმე, შენ გენაცვალეთი” მხოლოდ. ვისაც სინანული აქვს, გულშიც ჩავიკვრავთ და ვაპატიებთ და ყველაფერს გავაკეთებ, ამისთვის მზად ვარ. თუ ბატონო ფოთელი მიტროპოლიტი ჩემთან მოიყვანს მონანიე რომელიმე იმ სასულიერო პირს, მე ვეცდები, რომ ისინი ჩაჯდნენ კანონიკურ ჩარჩოებში.
თუ ამაში მომეხმარება ფოთელი მიტროპოლიტი, დიდ მადლობას გადავუხდი. ეს იქნება შეწევნა და მხარდაჭერა, ხოლო განცხადებების გაკეთება, რომლითაც მათ მხარს უმაგრებ და უკანონო ქმედებაზე წააქეზებ, მე ვფიქრობ, ეს არ არის სწორი მოქმედება და ამის გამო მაქვს გარკვეული გულისწყრომაც და გაუგებრობაც არის ეკლესიის მიმართ ასეთი ქმედება”.
მისივე განცხადებით, მიტროპოლიტმა გრიგოლმა უნდა გააკეთოს ახსნა-განმარტებები, გასცდა თუ არა ვინმე კანონიკურ ჩარჩოებს ჭყონდიდის ეპარქიაში.
ჭყონდიდის ეპარქია: პატარა შფოთი თუ განხეთქილება სამომავლო რისკებით