ახალი ამბები

მიტროპოლიტი სტეფანე მიტროპოლიტ გრიგოლს “ბატონ მეუფეს” უწოდებს და აკრიტიკებს

9 აპრილი, 2021 •
მიტროპოლიტი სტეფანე მიტროპოლიტ გრიგოლს “ბატონ მეუფეს” უწოდებს და აკრიტიკებს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ჭყონდიდის ეპარქიის მმართველი მიტროპოლიტი სტეფანე ფოთელ მიტროპოლიტ გრიგოლს “ბატონ მეუფედ” მოიხსენიებს და აცხადებს, რომ ამ უკანასკნელის მიერ გაკეთებული განცხადებების გამო “გულისწყრომა” აქვს.

ამის შესახებ მიტროპოლიტმა სტეფანემ დღეს ისაუბრა ქადაგებისას. ის გამოეხმაურა მიტროპოლიტ გრიგოლის განცხადებებს ჭყონდიდის ეპარქიაში სასულიერო პირებს შორის მიმდინარე ღია დაპირისპირების თაობაზე და აღნიშნა, რომ ფოთელმა მიტროპოლიტმა დაპირისპირებული მღვდლები და მონაზვნები “უკანონო ქმედებებისაკენ” წააქეზა.

“ბატონ მეუფეს, ფოთელს ვთხოვ, რომ მათთან [მიტროპოლიტ სტეფანესთან დაპირისპურებულ სასულიერო პირებთან] დაამყაროს კავშირი და სთხოვოს, რომ შემოვიდნენ კანონიერ ჩარჩოებში. მადლობას გადავუხდი, თუ ასე იქნება, ეს ხალხი მოინანიებს და აღარ დაგვჭირდება იმ ღონისძიებების გაგრძელება, რომელიც, გინდა-არ გინდა, გიწევს, როდესაც აღკვეთ ამბოხს. ამბოხის აღკვეთა არ ხდება “შენი ჭირიმე, შენ გენაცვალეთი” მხოლოდ. ვისაც სინანული აქვს, გულშიც ჩავიკვრავთ და ვაპატიებთ და ყველაფერს გავაკეთებ, ამისთვის მზად ვარ. თუ ბატონო ფოთელი მიტროპოლიტი ჩემთან მოიყვანს მონანიე რომელიმე იმ სასულიერო პირს, მე ვეცდები, რომ ისინი ჩაჯდნენ კანონიკურ ჩარჩოებში. თუ ამაში მომეხმარება ფოთელი მიტროპოლიტი, დიდ მადლობას გადავუხდი. ეს იქნება შეწევნა და მხარდაჭერა, ხოლო განცხადებების გაკეთება, რომლითაც მათ მხარს უმაგრებ და უკანონო ქმედებაზე წააქეზებ, მე ვფიქრობ, ეს არ არის სწორი მოქმედება და ამის გამო მაქვს გარკვეული გულისწყრომაც და გაუგებრობაც არის ეკლესიის მიმართ ასეთი ქმედება”, – განაცხადა მიტროპოლიტმა სტეფანემ.

მისვე თქმით, მიტროპოლიტმა გრიგოლმა უნდა გააკეთოს ახსნა-განმარტებები, გასცდა თუ არა ვინმე კანონიკურ ჩარჩოებს ჭყონდიდის ეპარქიაში.

მიტროპოლიტ სტეფანეს თქმით, ის გააკვირვა ფოთელი მიტროპოლიტის გულმოდგინებამ ჭყონდიდის ეპარქიის საკითხებთან მიმართებაში.

რამდენიმე თვეა ჭყონდიდის ეპარქიაში დაპირისპირება სასულიერო პირებს შორის უკიდურესად გამწვავებულია. მიტროპოლიტმა სტეფანემ არაერთი სასულიერო პირი დასაჯა საეკლესიო წესებით.

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი დაპირისპირების სერიოზულობას ეჭვქვეშ არ აყენებს. მისი განცხადებით, ამ მოვლენების “ფესვები ბევრად უფრო ფართომასშტაბიანია, ვიდრე ერთი ეპარქიის საზღვრებმა შეიძლება დაიტიოს”. ის სამომავლო რისკებზე საუბრობს და არ ფიქრობს, რომ პროცესის მონაწილეთა დასჯა პრობლემას გადაჭრის.

“ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, როგორც საერთოდ ცოდვების მიმართ წაყრუება არის ძალიან დიდი რისკების შემცველი საეკლესიო ცხოვრებაში, ასევე, სადამსჯელო ღონისძიებების იმედად ყოფნა არანაკლები სიმძიმეების მომტანია და არანაკლები საფრთხის შემცველი არის ეკლესიისთვის.

არ უნდა დავუშვათ, რომ ეკლესია გაიხლიჩოს. არ უნდა შევქმნათ იმის პრეცედენტი, რომ გაჩნდეს პარალელურად მიმდინარეობები, სადაც ჩვენ დავინახავთ იერარქიას, რომელსაც მერე გინდა, კანონიერი დაარქვი და გინდა, უკანონო…

ჩვენ საქმე გვაქვს ჩვენს სულიერი შვილებთან, ჩვენს ძმებთან და დებთან. მე ვფიქრობ, რომ დღეს ის პროცესი მიმდინარეობს, რომელსაც კანონიკურ სივრცეში სჭირდება დაბრუნება”, — დასძინა მიტროპოლიტმა გრიგოლმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი