ქუთაისი-ალპანას გზაზე რიონის ხეობაში ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე აქტივისტი, ლაშა ქუთათელაძე დააკავეს. შემთხვევა 9 აპრილს მოხდა. ადვოკატის განცხადებით, დაკავებულს პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.
“ნეტგაზეთი” დაინტერესდა, რაში გამოიხატება დაუმორჩილებლობა. “საიას” იურისტმა სალომე სალდაძემ ქუთათელაძისგან მიღებულ ცნობებზე დაყრდნობით გვითხრა, რომ პოლიცია დაკავებულს “სოფელ გუმათთან არსებული ე.წ. ბლოკპოსტის გვერდის ავლაში” ადანაშაულებს. ადგილზე გადაადგილება მას შემდეგ შეიზღუდა, რაც გასულ კვირას ნამახვანჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები განახლდა.
“ედავებიან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენას, რაც გულისხმობს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნებისადმი დაუმორჩილებლობას.
თუმცა, მიღებული ინფორმაციით, რაც ბატონმა ლაშამ მომაწოდა, ფაქტობრივი გარემოებები არც ერთ ვარიანტში შეესაბამება იმ მუხლის შემადგენლობას, რასაც მას ედავებიან.
ამიტომ, მივიჩნევთ, რომ სამართალდარღვევას ადგილი არ ჰქონია და სასამართლო პროცესზე, რომელიც დღეს გაიმართება, იგივე პოზიცია გვექნება”, — უთხრა იურისტმა “ნეტგაზეთს”.
ქუთათელაძე იმერეთის სამხარეო პოლიციაში, წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული. სასამართლო პროცესი დღესვე გაიმართება.
“ნეტგაზეთი” შსს-საც დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ დეტალებს არკვევენ.
რა ხდება რიონის ხეობაში?
რიონის ხეობაში თვეების მანძილზე აპროტესტებენ მდინარეზე ჰესების კასკადის მშენებლობას. პროტესტის მონაწილეებს ხეობის სოფელ ნამახვანში კარვები აქვთ გაშლილი. მათი ორგანიზებით ორჯერ გაიმართა მრავალათასიანი საპროტესტო აქცია ქუთაისის ცენტრში.
ვითარება ხეობაში კვლავ დაიძაბა 3 აპრილს, მას შემდეგ, რაც ხსენებული კასკადის მშენებელი კომპანიის ახალი დირექტორი მერაბ ლომინაძე ხეობაში ჩავიდა, მშენებლობის მოწინააღმდეგეებს შეხვდა და უთხრა, რომ ადგილზე ჰესის წინამოსამზადებელი სამუშაოები უნდა გაგრძელებულიყო.
სამუშაოების განახლებას ადგილობრივი აქტივისტები შეეწინააღმდეგნენ. იმ დღეს ორი ადამიანი დააკავეს პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით.
3 აპრილის შემდეგ, რიონის ხეობაში გადაადგილება შეზღუდულია. შსს ამ ფაქტს უსაფრთხოების დაცვით ხსნის.
გადაადგილების შეზღუდვა ადგილობრივმა აქტივისტებმა უკვე გააპროტესტეს გუმათჰესთან, სადაც პოლიცია დგას. ადგილზე სახალხო დამცველიც ჩავიდა და ხაზი გაუსვა, რომ გადაადგილების შეზღუდვა არაპროპორციული ზომაა. მიუხედავად ამისა, ხეობაში ვითარება არ შეცვლილა.
ფოტო გარეკანზე: Facebook/ სამართლიანი ენერგოპოლიტიკისთვის/Fair Energy Politics Collective
ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები გუმათში იკრიბებიან – მობილიზებულია პოლიცია [ფოტო]