ახალი ამბები

ბაქრაძე “ევროპულ საქართველოს” ტოვებს

10 აპრილი, 2021 • 1649
ბაქრაძე “ევროპულ საქართველოს” ტოვებს

დავით ბაქრაძე “ევროპულ საქართველოს” ტოვებს. ამის შესახებ მან 10 აპრილს, პარტიის ყრილობამდე რამდენიმე საათით ადრე, “ფეისბუქზე” დაწერა.

ჯერ კიდევ მიმდინარე წლის თებერვალში გახდა ცნობილი, რომ ბაქრაძე გიგი უგულავას მსგავსად, პარტიულ თანამდებობას(თავმჯდომარეობას) ტოვებდა. თუმცა, დღეს გავრცელებულ განცხადებაში ის აღნიშავს, რომ უარს ამბობს პარტიის წევრობაზეც. მიზეზებზე საუბრისას დავით ბაქრაძე დასძენს, რომ პარტიის ფუნდამენტური განახლება არ ხდება.

“მიუხედავად ხელისუფლების მხრიდან 2020 საპარლამენტო არჩევნების უხეში და დაუფარავი გაყალბებისა, “ევროპული საქართველოს” მიერ ნაჩვენები შედეგი ძალიან შორს იდგა სასურველისგან – წინა არჩევნებთან შედარებით მიღებული ხმების მნიშვნელოვანი კლება და დიდ ქალაქებში (პირველ რიგში, თბილისში) ნაჩვენები უკიდურესად ცუდი შედეგი მკაფიო ნიშანია, რომ პარტია საჭიროებს ფუნდამენტურ სიახლეებს და რეფორმებს, მათ შორის, ლიდერების გუნდის მთლიან განახლებას, ახალი სახეების წინ წამოწევას და სხვა პარტიებთან ახალ პოლიტიკურ კონფიგურაციებში ჩართვას.

სწორედ ამიტომ, მივიღე გადაწყვეტილება, აღარ დავრჩენილიყავი თავმჯდომარის თანამდებობაზე და ამით გზა გამეხსნა პარტიაში ახალი ლიდერების დამკვიდრებისთვის. ანალოგიური პოზიცია აქვთ გიგი უგულავას და ლიდერების გუნდის მნიშვნელოვან ნაწილსაც. განსხვავებული ხედვა აღმოაჩნდა გიგა ბოკერიას, რომელმაც ჩათვალა, რომ მიზანშეწონილი იყო მისი დარჩენა პარტიულ თანამდებობაზე.

პატივს ვცემ გიგას აზრს, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს პოზიცია არ ემსახურება პარტიის ინტერესს – დღეს ყრილობაზე წარდგენილი ლიდერების შემადგენლობით ძალიან რთული იქნება, პარტიამ მოახერხოს ამომრჩევლის და პოტენციური კოალიციური პარტნიორების დარწმუნება განახლებაში, ახალ ხედვებში და შესაბამისად, უკეთეს სამომავლო პერსპექტივაში

სწორედ ამიტომ, რადგან არ ხდება პარტიის ფუნდამენტურად განახლება – რაშიც მზად ვიყავი, თავმჯდომარეობიდან წასვლის შემდეგ, უკვე რიგითი წევრის სტატუსით დავხმარებოდი პარტიას – მივიღე გადაწყვეტილება, თავმჯდომარეობასთან ერთად უარი ვთქვა პარტიის წევრობაზეც.”, — აღნიშნულია განცხადებაში.

ბაქრაძის თქმით, ეს “ადამიანურად ძალიან რთული გადაწყვეტილებაა” და “ევროპული საქართველო” მისთვის დარჩება “ძვირფასი და ღირებული ადამიანების გუნდად”. ის მადლობას უხდის პარტიის ლიდერებსა და თანამშრომლებს.

“რაც შეეხება ჩემს პოლიტიკურ გეგმებს, ამ ეტაპზე არ ვაპირებ რომელიმე პარტიაში გაწევრიანებას და “ევროპული საქართველოდან” წასვლის შემდეგ ვიღებ პარტიულ პაუზას.

მაგრამ ვრჩები პოლიტიკურ და საერთო ოპოზიციურ ბრძოლაში და როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე და პოლიტიკოსი, ყველაფერს გავაკეთებ, რომ საქართველო იყოს დემოკრატიული, ეკონომიკურად წელში გამართული, თავისუფალი, ერთიანი და ევროპული სახელმწიფო!” — ნათქვამია განცხადებაში.

“ევროპული საქართველოს” ყრილობა თბილისში დღეს, 13:00 საათზე გაიმართება.

“ევროპული საქართველო” გიგი უგულავამაც დატოვა

მასალების გადაბეჭდვის წესი