“ევროპული საქართველოს” ყრილობა თბილისში დღეს, 13:00 საათზე გაიმართება.
დავით ბაქრაძესთან ერთად პარტია “ევროპული საქართველო” გიგი უგულავამაც დატოვა. აღნიშნულის შესახებ ის “ფეისბუქზე” წერს და დავით ბაქრაძის მსგავსად დასძენს, რომ პარტიას განახლება სჭირდება.
ჯერ კიდევ მიმდინარე წლის თებერვალში გახდა ცნობილი, რომ როგორც ბაქრაძე, გიგი უგულავა, პარტულ თანამდებობებს ტოვებდნენ. უგულავას თქმით, სურდათ, პოლიტსაბჭოს რიგით წევრებად დარჩენილიყვნენ, თუმცა ეს მოსაზრება გიგა ბოკერიამ არ გაიზიარა.
მანამდე, უგულავა პარტიის გენერალური მდივნის, ბაქრაძე კი — თავმჯდომარის პოზიციებს იკავებდნენ.
“დღეს მე არ ვიქნები ევროპული საქართველოს ყრილობაზე, რითაც საბოლოოდ გაფორმდება – მე პარტია დავტოვე 2020-ის არჩევნების ტოტალური გაყალბების მიუხედავად, პარტიისთვის ეს არჩევნები წარუმატებელი იყო. ასეთ დროს სრულიად ლოგიკურია, რომ მმართველმა ლიდერებმა აღარ იყარონ კენჭი და მისცეს სხვებს შესაძლებლობა განავითაროს პარტია. ამასვე ითვალისწინებს პარტიის წესდებაც.
ასეთივე გადაწყვეტილება მიიღო პარტიის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ. სამწუხაროდ, ჩვენი მოსაზრება გავწეულიყავით პარტიის მართვისგან, დავრჩენილიყავით მხოლოდ პოლიტსაბჭოს რიგით წევრებად, არ გაიზიარა პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ. მისი არგუმენტია რომ ახლა ამის დრო არაა. ჩემის აზრით, ეს არასწორია, რადგან ამ ლოგიკით ამის დრო არც არასდროს დადგება.
ლიდერობა სწორედ იმას ნიშნავს, რომ შენ გყოფნის ნება გაიწიო და არ დაელოდო როდის გაგწევენ. პარტიას განახლება სჭირდება, განახლება რომელიც მემკვიდრეობითობას, კურსის გაგრძელებას, მის გაუმჯობესებას და არა წარსულთან დაპირისპირებას ან უარყოფას, გულისხმობს. ვწუხვარ, მაგრამ გზა რომელიც ახლა პარტიამ აირჩია, უფრო წარსულში სვლას ჰგავს, ვიდრე მომავლისკენ”, — ვკითხულობთ უგულავას განცხადებაში.
უგულავას თქმით, აპირებს, იყოს უპარტიო და დარჩეს “ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლ პარტიებთან თუ სამოქალაქო ჯგუფებთან ერთად ბრძოლაში”. ის მადლობას უხდის პარტიის ყველა წარმომადგენელს, მათ შორის, გიგა ბოკერიას, თუმცა, ამავე დროს, აკრიტიკებს მას:
“მადლობას ვუხდი გიგა ბოკერიას. ჩვენი ურთიერთობა გასული საუკუნიდან იწყება. ბევრი რამ გადაგვიტანია ერთად, ბევრისთვისაც მიგვიღწევია. ბევრ საკითხში ჩვენ თანამოაზრეები ვართ, მაგრამ ერთ პარტიაში ყოფნა შეუძლებელი გახდა. ის რაც მისთვის პასუხისმგებლობით აღსავსე გადაწყვეტილებაა, ჩემთვის ლამაზად შეფუთული უპასუხისმგებლობაა. თუმცა არც ამას აქვს ახლა მნიშვნელობა. იმის მიუხედავად, თუ როგორ ვუყურებ ევროპული საქართველოს პერსპექტივას, მე მას გულწრფელად წარმატებას ვუსურვებ”.
დღესვე, 10 აპრილს, ცნობილი გახდა, რომ პარტიიდან დავით ბაქრაძეც მიდის. მიზეზებზე საუბრისას დავით ბაქრაძე დასძენს, რომ პარტიის ფუნდამენტური განახლება არ ხდება.