ახალი ამბები

“ეს არაა სწორი მომენტი [გვერდზე] გასაწევად” – ბოკერია პარტიასა და აქტიურ პოლიტიკაში რჩება

12 თებერვალი, 2021 •
“ეს არაა სწორი მომენტი [გვერდზე] გასაწევად” – ბოკერია პარტიასა და აქტიურ პოლიტიკაში რჩება

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია პარტიული თანამდებობიდან წასული პოლიტიკოსების გადაწყვეტილებას პატივს სცემს, თუმცა არ ფიქრობს, რომ ამისთვის შესაბამისი დრო შეარჩიეს. ბოკერიამ ბრიფინგზე თქვა, რომ პარტია აგრძელებს მუშაობას სამომავლო სტრატეგიაზე, თავად კი მომავალ თანამდებობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს.

“ძალიან დიდ პატივს ვცემ გიგის გადაწყვეტილებას. მე ასეთი გადაწყვეტილება არ მაქვს მიღებული. ჩვენ ამ თვეების განმავლობაში განვაგრძობთ მუშაობას პარტიის შიგნით ჩვენს სტრატეგიაზე, მათ შორის, განახლების საკითხზე, მათ შორის, პერსონალურ საკითხზე და უკვე შემდეგ ყრილობაზე, აპრილში, ჩვენ მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას.

მე ყველა შემთხვევაში ვაპირებ, რომ დავრჩე აქტიურ პოლიტიკაში, ოღონდ არანაირი გადაწყვეტილება თანამდებობასთან დაკავშირებით მიღებული არ მაქვს იმიტომ, რომ ჩემი აზრით, ეს დაკავშირებულია პარტიის სტრატეგიასთან და განახლების კონკრეტულ ფორმებთან, რა ფორმებითაც იქნება საჭირო”, – აღნიშნა მან “ევროპული საქართველოს” ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, უგულავასა და ბაქრაძის არგუმენტები “აბსოლუტურად ნორმალურია”, თუმცა არ ფიქრობს, რომ პოლიტიკური პოზიციებიდან დისტანცირებისთვის ახლა შესაბამისი მომენტია:

“აბსოლუტურად ნორმალურია ის არგუმენტები, რაც დათომ და გიგიმ თქვეს, როცა ასეთ რთულ ვითარებაშია ნებისმიერი პოლიტიკური პარტია და ჩვენ ძალიან ამბიციური პარტია ვართ და ის, რომ მესამე ადგილზე გავედით იმ ციფრებით, რა ციფრებიც იყო, მანიპულაციის მიუხედავად… მაგრამ არ ვიზიარებ იმ გადაწყვეტილებას, რომ ეს არის სწორი მომენტი იმისთვის, რომ ლიდერები გაიწიონ პოლიტიკური პოზიციებიდან”.

გიგა ბოკერიას განცხადებით, მისი და პარტიაში მყოფი სხვა პოლიტიკოსების პასუხისმგებლობაა, “ევროპული საქართველო” “სერიოზული კონკურენტი” იყოს “ივანიშვილის რეჟიმის შეცვლის საქმეში” და საქართველოს “ევროპულ გზაზე დაბრუნებაში”.

“მე ვთვლი, რომ ეს პარტია შეუცვლელია, პარტნიორებთან ერთად, ამ საქმეში. სწორედ აქედან გამომდინარეობს ჩემი გადაწყვეტილება, რომ არ ვაპირებ პარტიის, ევროპული საქართველოს სახელით გაწევას და ვემზადებით ყრილობისთვის, სადაც უნდა მივიღოთ მთელი რიგი გადაწყვეტილებებისა, როგორ გააგრძელებს პარტია ბრძოლას”, – თქვა ბოკერიამ.

მანამდე, “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ თქვა, რომ პარტიის  თავმჯდომარის პოსტს ტოვებს და პარტიული პოლიტიკიდან პაუზას იღებს.

მის მსგავსად, არც გიგი უგულავა აპირებს პარტიის გენერალური მდივნის თანამდებობაზე დარჩენას: მისი განცხადებით, “ევროპული საქართველოს” ყრილობის შემდეგ პარტიის გენერალური მდივანი აღარ იქნება. ამასთან, დარჩება თუ არა უგულავა პარტიაში, ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად განახლდება პარტიის მენეჯმენტი.

მენეჯმენტის განახლებაში უგულავა სამივე ლიდერის, მათ შორის გიგა ბოკერიას მიერ თანამდებობის დატოვებას გულისხმობს. დღესვე ზურაბ ჭიაბერაშვილმა თქვა, რომ ტოვებს როგორც პარტიას, ისე პოლიტიკურ ცხოვრებას. გიგა ბოკერიას პარტიაში პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა უკავია.

მასალების გადაბეჭდვის წესი