ახალი ამბები

პრეზიდენტმა ოპოზიცია გააკრიტიკა მის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე არდასწრების გამო

9 აპრილი, 2021 • 1109
პრეზიდენტმა ოპოზიცია გააკრიტიკა მის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე არდასწრების გამო

საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში დაგეგმილ ღონისძიებაზე, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს ეძღვნება, მიუხედავად მიწვევისა, მხოლოდ “ქართული ოცნების” და “მოქალაქეების” წარმომადგენლები მივიდნენ.

სალომე ზურაბიშვილმა შალვა პაპუაშვილსა და ლევან იოსელიანს მისვლისთვის მადლობა გადაუხადა და მწუხარება გამოთქვა, რომ ოპოზიციური პარტიების ნაწილმა, რომლებიც მისი ინფორმაციით გეგმავდნენ ღონისძიებაზე დასწრებას, გადაწყვეტილება “ბოლო წუთს” შეიცვალეს.

ზურაბიშვილის განცხადებით , ეს მიანიშნებს, რომ ოპოზიციური პარტიები დამოუკიდებლები არ არიან:

“მივესალმები აქ მყოფ პოლიტიკურ პარტიებს. მადლობა მინდა მოგახსენოთ, ვინც მობრძანდით. სამწუხაროა, რომ ამდენი ცარიელი სკამია დღეს პრეზიდენტის სასახლეში, როცა აღვნიშნავთ ერთიანობის, დამოუკიდებლობის ისტორიულ დღეს. კიდევ უფრო სამწუხაროა, როცა ნაწილი ამ პარტიების მოდიოდა, თუნდაც ნახევარი საათის წინ და ბოლო წუთში რაღაც მოხდა, რაც აჩვენებს ალაბთ იმას, რომ ისეთი დამოუკიდებლები არ არიან, როგორც ჩვენ ვისურვებდით, რომ იყვნენ”, – ამბობს სალომე ზურაბიშვილი.

ზურაბიშვილმა ასევე ისაუბრა მის მიმართ გახმიანებულ კრიტიკაზე, რომ პრეზიდენტი ქვეყნის შიგნით პოლიტიკურ პროცესებში მედიატორის სახით ჩართული არაა. პრეზიდენტის თქმით, იმ ფონზე, როდესაც პარტიები მის მიწვევაზე უარს ამბობენ, რთული წარმოსადგენია, როგორ უნდა ითამაშოს მედიატორის როლი:

“სამწუხაროა ასევე იმიტომ, რომ მე მესმის სხვადასხვა კუთხიდან წამოძახილები, რომ პრეზიდენტი რატომ არ თამაშობს მედიატორის როლს. მეც ვეთანხმები იმაში და ნათქვამიც მაქვს ჩვენი უცხოელი პარტნიორებისთვის, რომ უთუოდ უნდა დადგეს დრო, როცა საქართველოს პრეზიდენტი და თავად საქართველო იქნება მედიატორი საკუთარი პოლიტიკური პროცესების და არ უნდა ვიყოთ მუდმივად მიბმული იმაზე, რომ ჩვენი უცხოელი პარტნიორები დაგვეხმარონ ამ პროცესში. მაგრამ ძალიან ძნელი წარმოსადგენია, როგორ უნდა ითამაშოს პრეზიდენტმა ეს მედიატორის როლი, როცა ცარიელი სკამებია”, – ამბობს სალომე ზურაბიშვილი.

მიღებაზე პრეზიდენტმა, პანდემიის გამო არსებული შეზღუდვების გათვალისწინებით, პოლიტიკური პარტიებიდან თითო წარმომადგენელი დაპატიჟა,  თუმცა უცნობია, კონკრეტულად რამდენი პარტიის წარმომადგენელს გაუგზავნეს მოსაწვევი.

ორბელიანების სასახლეში “ნაციონალური მოძრაობიდან” მიიწვიეს სალომე სამადაშვილი, რომელმაც მოსაწვევის ფოტო ფეისბუზე გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ღონისძიებას ვერ დაესწრება.

“მადლობას ვუხდი საქართველოს პრეზიდენტს, ჩვენი დამოუკიდებლობის აღდგენის 30 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებაზე მიწვევისთვის. ვწუხვარ, რომ ვერ დავესწრები, თუმცა კი, სიამოვნებით მივიღებდი მოწვევას, მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის ფონზე, თქვენთვის მინიჭებულ საკონსტიტუციო უფლებამოსილებებს უკეთ რომ იყენებდეთ, ჩვენი ქვეყნისა და ხალხის სასიკეთოდ”, — წერს სამადაშვილი.

ნეტგზეთმა სხვა ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთანაც სცადა გადაემოწმებინა, მიიწვიეს თუ არა მათი წარმომადგენლები ორბელიანების სასახლეში. პარტიების ნაწილში: “ევროპულ საქართველოში”, “სტრატეგია აღმაშენებელში”, “ლელოში”, ლეიბორისტულ პარტიაში, რესპუბლიკურ პარტიასა და “გირჩში” ადასტურებენ, რომ მათ პრეზიდენტისგან მოწვევა მიიღეს.

თუმცა პრეზიდენტის ღონისძიებაზე მისვლას მხოლოდ “გირჩის” წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი აპირებდა, როგორც ამის შესახებ იაგო ხვიჩიამ განგვიცხადა. რაც შეეხება “ევროპულ საქართველოს”, “სტრატეგია აღმაშენებელს, რესპუბლიკელებსა და ლეიბორისტიბს, მათი წევრები ორბელიანების სასახლეში არ მივლენ, თუმცა პარტიები ვერმისვლის მიზეზს არ ასახელებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი