ახალი ამბები

ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში ოპოზიციის წევრები მიიწვია

9 აპრილი, 2021 •
ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში ოპოზიციის წევრები მიიწვია

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა  დღეს, 9 აპრილს, ორბელიანების სასახლეში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებაზე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც მიიწვია.

ინფორმაციას ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციაშიც ადასტურებენ, თუმცა, კონკრეტულად რამდენი პარტიის წარმომადგენელს გაუგზავნეს მოსაწვევი, ჯერ უცნობია. ცნობილია, რომ პანდემიის გამო არსებული შეზღუდვების გათვალისწინებით, პრეზიდენტმა პოლიტიკური პარტიებიდან თითო წარმომადგენელი დაპატიჟა.

ორბელიანების სასახლეში “ნაციონალური მოძრაობიდან” მიიწვიეს სალომე სამადაშვილი, რომელმაც მოსაწვევის ფოტო ფეისბუზე გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ღონისძიებას ვერ დაესწრება.

“მადლობას ვუხდი საქართველოს პრეზიდენტს, ჩვენი დამოუკიდებლობის აღდგენის 30 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებაზე მიწვევისთვის. ვწუხვარ, რომ ვერ დავესწრები, თუმცა კი, სიამოვნებით მივიღებდი მოწვევას, მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის ფონზე, თქვენთვის მინიჭებულ საკონსტიტუციო უფლებამოსილებებს უკეთ რომ იყენებდეთ, ჩვენი ქვეყნისა და ხალხის სასიკეთოდ”, — წერს სამადაშვილი.

ნეტგზეთმა სხვა ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთანაც სცადა გადაემოწმებინა, მიიწვიეს თუ არა მათი წარმომადგენლები ორბელიანების სასახლეში. პარტიების ნაწილში: “ევროპულ საქართველოში”, “სტრატეგია აღმაშენებელში”, ლეიბორისტულ პარტიაში, რესპუბლიკურ პარტიაში, ლელოსა და “გირჩში” ადასტურებენ, რომ მათ პრეზიდენტისგან მოწვევა მიიღეს. თუმცა პრეზიდენტის ღონისძიებაზე მისვლას მხოლოდ “გირჩის” წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი აპირებს, როგორც ამის შესახებ იაგო ხვიჩიამ განგვიცხადა. რაც შეეხება “ევროპულ საქართველოს”, “სტრატეგია აღმაშენებელს”, “რესპუბლიკელებს”, “ლელოსა” და “ლეიბორისტებს”, მათი წევრები ორბელიანების სასახლეში არ მივლენ, თუმცა პარტიები არმისვლის მიზეზს არ ასახელებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი