ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ნამახვანჰესის საკითხე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს ეხმაურება და აცხადებს, რომ მზადაა დიალოგისათვის, თუმცა „მიუღებელია დიალოგის წარმართვა, როდესაც პროცესის მონაწილე ერთი მხარე საჯარო სივრცეში ავრცელებს მეორის წინააღმდეგ უსაფუძვლო და დაუსაბუთებელ ბრალდებებს“.
უწყების განცხადებით, ის აწარმოებს „ღია და გახსნილ პოლიტიკას, რომელიც მიმართულია ქვეყნისა და მისი მოქალაქეების ინტერესების დასაცავად“ და გადაწყვეტილებების მიღებისას „ხელმძღვანელობს საჯაროობის პრინციპით“.
„სამინისტროში შექმნილია რამდენიმე ათეული ასეთი მუდმივმოქმედი თუ დროებითი ჯგუფი, რომლებთან ეფექტიანი თანამშრომლობის შედეგია არაერთი საკანონმდებლო ინიციატივა. აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ ჩვენი უწყება ერთ-ერთი ყველაზე გახსნილია დიალოგისთვის“, – წერს სამინისტრო.
აქედან გამომდინარე, სამინისტრო მიიჩნევს, რომ „დღეს სამი არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან გამოთქმული ბრალდებები, თითქოს ჩვენ არ ვართ დიალოგის მომხრე, არ შეესაბამება სინამდვილეს“.
„ამავე დროს, აღვნიშნავთ, რომ ჩვენთვის მიუღებელია დიალოგის იმ ფორმატში წარმართვა, როდესაც პროცესის მონაწილე ერთი მხარე საჯარო სივრცეში ავრცელებს მეორის წინააღმდეგ უსაფუძვლო და დაუსაბუთებელ ბრალდებებს, რომლებიც აპრიორი გამიზნულია ფართო საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და ნამახვანი ჰესის მშენებლობის ადგილზე ვითარების დაძაბვისკენ“, – წერია სამინისტროს მიერ 8 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში.
„სხვადასხვა საკითხების პოლიტიკურ ჭრილში და ტემპერატურის ხელოვნურად მომატების ნაცვლად, ცხადია, მივესალმებით ნებისმიერ საგნობრივ დისკუსიას და განსხვავებულ აზრს. სამინისტრო აღნიშნულ არასამთავრობო ორგანიზაციებს მოუწოდებს, დათანხმდნენ დისკუსიის ფორმატს და მხოლოდ ასეთ ფორმატში მოხდეს მათ მიერ დაყენებული საკითხების განხილვა, უნდა შემუშავდეს სადისკუსიო საკითხების კონკრეტული დღის წესრიგი, პროცესში ჩაერთონ კომპეტენტური ექსპერტები და დაინტერესებული მხარეები“, – აცხადებს სამინისტრო.
„ამავე დროს, სამინისტროსთვის მიუღებელია და დიალოგის ფორმატის უხეშ დარღვევად აღიქმება, კონსულტაციის პროცესში, აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან ნამახვანი ჰესის საკითხის პოლიტიკურ სიბრტყეში გადაყვანა და პროექტის მშენებლობის გაჩერების ნებისმიერი მცდელობა“, – წერს უწყება.
„ჩვენი სურვილია, ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაესვას სპეკულაციებს როგორც კონკრეტულად ნამახვანი ჰესის პროექტთან, ასევე, ზოგადად, საქართველოს ენერგოუსაფრთხოების გასამყარებლად მიმართულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით“, – აცხადებს სამინისტრო არასამთავრობოების კრიტიკის პასუხად.
უწყება აცხადებს, რომ მზად არის, „შეხვდეს ყველა დაინტერესებულ არასამთავრობო ორგანიზაციას, მათ შორის, იმ სამ ორგანიზაციას, რომლებმაც დღეს ბრიფინგი გამართეს, საქმიან ვითარებაში კონკრეტულ საკითხებზე დიალოგის გასამართად“.
რას პასუხობს სამინისტრო?
ნამახვანი ჰესის საკითხზე მომუშავე ორგანიზაციები აცხადებენ, რომ მთავრობისა და ინვესტორი კომპანიის, „ენკას“ მხრიდან ბოლო პერიოდში ადგილი აქვს „დეზინფორმაციულ და მადისკრედიტირებელ შეტევებს აქტივისტების, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მეცნიერების წინააღმდეგ“.
სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ — „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ (ყოფილმა EMC-მ), „მწვანე ალტერნატივამ“ და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“, — 8 აპრილს გაავრცელა განცხადება და შეშფოთება გამოთქვა, რადგან:
„ნამახვანი ჰესის პროექტის განხორციელებისას ჩადენილი ფუნდამენტური კანონდარღვევების, ადამიანის უფლებების უხეში შელახვის, სახელმწიფო ინტერესების დათმობით დადებული ხელშეკრულების, გაუმჭვირვალობისა და ინსტიტუციური ჩავარდნების შესახებ ჩვენ მიერ გაჟღერებული კრიტიკის საპასუხოდ ხელისუფლება უარს ამბობს დიალოგის პროცესზე და აგრძელებს ადგილობრივების შეკრების, გარემოს დაცვის, საჯარო სივრცით სარგებლობის, გამოხატვის თავისუფლებისა და გადაადგილების უფლებების შეზღუდვას რიონის ხეობაში“.
განცხადების თანახმად, „ამ უფლებაშემლახავ პრაქტიკას ბოლო პერიოდში თან ახლავს დეზინფორმაციული და მადისკრედიტირებელი შეტევები აქტივისტების, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მეცნიერების წინააღმდეგ, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ნამახვანჰესის პროექტის ამ ფორმით განხორციელებას“.
ორგანიზაციები შეშფოთებას გამოთქვამენ იმის გამოც, რომ, მათ თანახმად, მთავრობის მისამართით საზოგადოებაში არსებული „ლეგიტიმური, სრულიად სამართლიანი პროტესტისა და კრიტიკული შეკითხვების საპასუხოდ გადადგმული კონსტრუქციული ნაბიჯების ნაცვლად, სახეზე გვაქვს ცილისწამების კამპანია – როგორც პროექტის განმახორციელებელი კომპანია “ენკას”, ასევე სახელმწიფო კომპანია “საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის” მხრიდან“.
„ამ პროცესში მთავრობა არათუ არ გვევლინება საჯარო ინტერესის დამცველად, მეტიც, საჯარო კომუნიკაციაში მას ღიად ანაცვლებს კომპანია, რაც შლის ზღვარს სახელმწიფოსა და კერძო კომპანიას შორის“, – აცხადებენ ისინი.
ვრცლად:
„ნამახვანზე“ მომუშავე NGO-ები მთავრობისგან „დეზინფორმაციულ შეტევებზე“ საუბრობენ