“რა ისეთი აუცილებლობაა ეგ (ალიევის) ცენტრი, რომ ამდენ მოსახლეს ქუჩაში გვტოვებს მთავრობა?” – იკითხა ტარიელ გუსეინოვმა.  პასუხი არც მას აქვს და მის მეზობლებს, რომლებსაც საკუთარი სახლებიდან იძულებით გამოასახლებენ. 

გუსეინოვი ძველ თბილისში, აბანოთუბანში, იბრაჰიმ ისფაჰანლის ქუჩის #3-ში, ტრადიციულ თბილისურ ეზოში ცხოვრობს. ამ ეზოში დაიბადა და გაიზარდა. თავად თბილისელი ქურთია. ამავე ეზოში ცხოვრობენ ეთნიკური სომხები, აზერბაიჯანელები, ქართველები, ინგილოები– სულ 10 ოჯახი.

სამეზობლოში რამდენიმე დღის წინ, მედიით გაიგეს, რომ ეკონომიკის სამინისტრომ მათი ქონების ექსპროპრიაციის ბრძანება გასცა. ეს ნიშნავს, რომ იძულებით გამოასახლებენ და სახლებს დაანგრევენ, რათა ამ ადგილას ჰეიდარ ალიევის სახელობის კულტურის ცენტრი აშენდეს.

ჰეიდარ ალიაევის ცენტრი – აუცილებლობა საქართველოსთვის?

ჰეიდარ ალიევი დამოუკიდებელი აზერბაიჯანის მე-3 პრეზიდენტი იყო. ის მოქმედი პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის მამაა.

ექსპროპრიაციის ბრძანებას ხელს აწერს მარიამ ქვრივიშვილი. ამ დოკუმენტით ალიევის სახელობის კულტურის ცენტრის მშენებლობა “აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად” ფასდება. სწორედ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებაა ის საბაბი, რის საფუძველზეც აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიას მიენიჭა კერძო მესაკუთრეთა ქონების ექსპროპრიაციის უფლება.

ეს კომპანია არის ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული შპს, რომლის ფუნქციაა სახელმწიფოს კუთვნილი უძრავი ქონების ეფექტიანი მართვა და განკარგვა. ამ პროცესს კომპანია ახორციელებს “სახელმწიფოს მიერ პრიორიტეტულად მიჩნეული ინტერესების” შესაბამისად.

სწორედ აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიას დაევალა ისფაჰანლის ქუჩის #3-ში მცხოვრებთა საკუთრების შესყიდვა. ხოლო შემდეგ, იმ მესაკუთრეთა ქონების ექსპროპრიაცია, ანუ იძულებით ჩამორთმევა, რომლებთანაც მოლაპარაკება ვერ მოახერხეს.

“ვინაიდან კომპანიასა და უძრავი ქონების მესაკუთრეებს შორის ვერ მოხდა შეთანხმება უძრავი ქონების ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე, არსებობს ექსპროპრიაციის გზით საკუთრების უფლების ჩამორთმევის საჭიროება”, – წერია ქვრივიშვილის ბრძანებაში.

დოკუმენტის მიხედვით, შეთანხმება მოხერხდა 13 მესაკუთრესთან. მათ უკვე გაყიდეს სახლები, აიღეს თანხა და სხვაგან გადავიდნენ საცხოვრებლად. ექსპროპრიაციის ბრძანება ეზოში დარჩენილ 5 მესაკუთრეზეა გაცემული. თუმცა საკუთრების იძულებით ჩამორთმევის მოლოდინი აქვთ დანარჩენებსაც. არცერთი მათგანი არ თანხმდება იმ პირობებს, რომლებსაც სახელმწიფო სთავაზობს სახლების დაცლის სანაცვლოდ.

იბრაჰიმ ისფაჰანლის ქუჩის #3-ის სამეზობლო

რას სთავაზობდა სახელმწიფო ექსპროპრიაციის სანაცვლოდ?

როგორც ირკვევა, მცხოვრებლებისთვის შეთავაზებული პირობები ეფუძნება სამხარაულის ეროვნული ბიუროს შეფასებებს. სწორედ ბიუროს ექსპერტებმა გაზომეს და შეაფასეს სახლების ღირებულება. თუმცა მესაკუთრეები ქონების გაყიდვას არ თანხმდებიან. ამის რამდენიმე მიზეზი აქვთ:

  • მათ ნაწილს საერთოდ არ უნდა საკუთარი სახლის გაყიდვა და სხვაგან გადასვლა;
  • ნაწილი თანახმაა მოლაპარაკებაზე იმ შემთხვევაში, თუ აღებული თანხით უკეთეს პირობებში გადასვლას შეძლებს;
  • ნაწილისთვის მისაღებია თანხა, რომელსაც სახელმწიფო სთავაზობს კვადრატულ მეტრში იმ დათქმით, თუ მის სარგებლობაში არსებულ სივრცეს სრულად აუნაზღაურებენ – ამბობენ, რომ კომპანია უარს ეუბნება აივნის, კიბის, ან სხვენის ფართობის ანაზღაურებაზე;
  • სადავოა ეზოსა და საერთო სარგებლობაში არსებული აივნების საკითხიც – მცხოვრებლები ამბობენ, რომ საერთო სივრცეები უნდა ანაზღაურდეს და თანხა წილობრივად გაიყონ, კომპანია კი ამაზე უარს ეუბნება.

ნეტგაზეთი იბრაჰიმ ისფაჰანლის ქუჩის #3-ში მცხოვრებლებს ესაუბრა – მათ, ვისი ქონების ექსპროპრიაციის ბრძანება გაიცა და მათაც, ვინც ამ სიაში ჯერ არ არის.

“70 წლის ქალი ვარ. 50 წელია ამ ეზოში, ამ სახლში ვცხოვრობ. ახლა მოვიდნენ, უნდა ვიყიდოთ ეს ადგილიო. მე ვუთხარი, თუ კარგად დაგვაკმაყოფილებთ, იმ შემთხვევაში გავალთ-მეთქი. თუ ამას არ იზამთ, ფეხსაც არ გადავდგამ-მეთქი. კაპიკებს, კაპიკებს მაძლევენ”, – გვიყვება ნაზო გასპარიანი.

გასპარიანების 8-სულიანი ოჯახი ერთ-ერთია, ვისაც ექსპროპრიაციის ბრძანება ეხება. სახლი, სადაც 5 ათეული წელია ცხოვრობს, სადაც შვილები გაზარდა და ახლა შვილიშვილებს ზრდის, არ ეთმობა. თუმცა, “რადგან მაინცდამაინც ამ ეზოს დაადგეს თვალი”, მზად იყო მოლაპარაკებისთვის. მოლაპარაკება ვერ შედგა, ამიტომ ოჯახს იძულებით გამოსახლება ემუქრება. 

ოჯახებისთვის მიუღებელია ის ფასი, რომელსაც სახელმწიფოს სახელით აქტივების მართვისა და განვითარების კომპანია სთავაზობს. გარდა ამისა, ნაზოს თქმით, ფართობის განსაზღვრისას კომპანია არ ითვლის სრულ საცხოვრებელ სივრცეს.

“ბალკონს არ თვლიან, კიბეს არ თვლიან …  მე ხომ არ ვფრინავ, არა?! როგორ ჩამოვდივარ, დაბლა?! ბალკონზე ხომ დავდივარ?! ისე გაზომეს, რომ ფართი დაგვიპატარაონ. იცით, რამდენი მაქვს დახარჯული ამ ბინაში? შვილები დავტოვე, წავედი თურქეთში, ვიმუშავე, გავარემონტე, გავალამაზე, რომ ჩემი ბავშვები კომფორტულად ვაცხოვრო. ყველაფერი გაკეთებული მაქვს სახლში. რატომ უნდა დავუთმო ახლა ვინმეს?!”, – ამბობს ნაზო გასპარიანი.

ნაზო 6 წელი ემიგრანტი იყო. ამბობს, რომ სწორედ თურქეთში გამომუშავებული ფულით გაარემონტა სახლი. მათ შორის ის სივრცე, რომლის ანაზღაურებაზეც ახლა უარს ეუბნებიან.

ნაზო გასპარიანი და მედიკო პაპიაშვილი

ემიგრანტი იყო მედიკო პაპიაშვილიც. ის საინგილოდანაა, თუმცა ამ ეზოში უკვე ათეულობით წელია ცხოვრობს – ფაქტობრივად მას შემდეგ, რაც თბილისში სასწავლებლად ჩამოვიდა.

“სამი წელი მოხუცს ვუვლიდი საბერძნეთში, მერე ამის გამო ვეღარ შევძელი”, – გვეუბნება 68 წლის ქალი და ყავარჯენზე მიგვითითებს, – “შარშან, ოქტომბრის 21-ში ჩამოვფრინდი და სამ დღეში დამადგნენ თავზე. შემომთავაზეს თანხა. მე ვუთხარი, არ დაგთანხმდებით-მეთქი.  სამხარაულიდან იყვნენ მოსულები და აზომეს. თავიდან ვიფიქრე, ადეკვატურ თანხას შემომთავაზებენ-მეთქი. მასხრად ამიგდეს. ახლა უკვე არსად არ მივდივარ. ცოცხალი თავით აღარ დავთმობ”, – გვეუბნება მედიკო.

იძულებით გამოსახლება ემუქრება მის დას, დარიკოსაც. ის გვიყვება, რომ კომპანია ოჯახებთან მოსალაპარაკებლად “ჩუმ-ჩუმად დადიოდა”. მისი თქმით, 8 ოჯახმა ისე გაყიდა სახლი, რომ დანარჩენ სამეზობლოს ამის შესახებ არ გაუგია. დარიკო ამბობს, რომ ოჯახები, რომლებმაც მარტივად დათმეს საცხოვრებელი, ამ ეზოში ახალგადმოსულები იყვნენ. მათთვის კი, ვინც აქ ათეულობით წელია ცხოვრობს, ამ გადაწყვეტილების მიღება რთულია. მით უფრო, რომ კომპანია უარზეა აუნაზღაუროს სრული საცხოვრებელი ფართობი.

“პირდაპირ რომ მოსულიყვნენ, ეთქვათ, რომ ასეთი მდგომარეობააო, ჩვენც ავწონ-დავწონიდით, დავილაპარაკებდით. სათითაოდ მოვიდნენ, ჩუმად. ახალმოსულებმა მარტივად გაყიდეს – ზოგი ვიწროდ იყო, ზოგი ვერ ეგუებოდა. ჩვენ, ძველ ხალხს გვიჭირს გასვლა აქედან. გვიჭირს კი არა, არც მინდა.

მაინც რამდენი გინდაო. ჩემი ბინა შეუფასებელია-მეთქი. ჩემთვის სახლი არის ჩემი ოჯახის საყდარი. მილიონი რომ მომცე, არ გავყიდი-მეთქი. 2800 დოლარი შემომთავაზეს კვადრატული მეტრზე – შენ დიდი ფართი გაქვსო. თუნდაც 200 კვადრატი მქონდეს, რა მნიშვნელობა აქვს?! ეს ჩემია, შვილო. შენ მოდიხარ, მყიდველი და შენ აფასებ ღირებულებას?! ბალკონი თვითონ მიითვალეს. რატომ? მე არ დავდივარ იმ ბალკონზე? ჩემი არაა?” – გვიყვება დარიკო პაპიაშვილი.

მანანა ხორხელის საკუთრების თითქმის ნახევარი სხვენია. ის თანახმაა სამხარაულის ბიუროს მიერ შეფასებულ თანხაზეც, ოღონდ იმ დათქმით, თუ სხვენის ერთ კვადრატულ მეტრში იმის ნახევარს მაინც გადაუხდიან, რამდენსაც ძირითად სივრცეში. თუმცა, კომპანია ამაზე უარს ეუბნება:

ამბობს, რომ სამხარაულმა მისი სახლის ერთი კვადრატული მეტრი დაახლოებით 3400 დოლარად შეაფასა. კომპანია ამ თანხას სთავაზობს სახლის ძირითად სივრცეში, თუმცა, სხვენში “კაპიკებს” – კვადრატულ მეტრში დაახლოებით 200 დოლარს. მანანა ამბობს, რომ კომპანიის გაფრთხილების მიუხედავად, ერთ-ერთმა მეზობელმა, რომელმაც უკვე გაყიდა სახლი და გადავიდა, გაუმხილა, რომ მას სხვენში ძირითადი სივრცის ღირებულების ნახევარი გადაუხადეს.

“მე რატომ არ უნდა გადამიხადონ ნახევარი?” – სვამს კითხვას მანანა, თუმცა კომპანიისგან პასუხი არც ამ კითხვაზე მიუღია.

მანანა ხორხელის სახელი ჯერ არ არის ექსპროპრიაციის წესით გამოსასახლებელთა სიაში, თუმცა მოლოდინი აქვს, რომ მასაც იგივე ბედი ელის, რაც მის მეზობლებს. შემოთავაზებულ წინადადებაზე დათანხმებას არც ის აპირებს.

“თავიდან რომ მოვიდნენ, სიტყვიერი დაპირება იყო, რომ ყველანაირად დაგვაკმაყოფილებდნენ. თანდათან გადაუხვიეს ამ პირობას. ბოლოს გვითხრეს, ჯობია გახვიდეთ, ქალბატონოო, თუ არა და იძულებით გაგაგდებთ ექსპროპრიაციის კანონის საფუძველზეო. რა არის ეს, მუქარა არ არის?!

მე გავეცანი ამ კანონს. წერია, რომ სტრატეგიული ობიექტი თუ შენდება, მოქალაქეს არ აქვს უფლება, წინ აღუდგეს. რა სტრატეგიული ობიექტია კულტურული ცენტრი?”, – ამბობს ხორხელი.

მანანა ხორხელი

მეზობლების მსგავსად, საცხოვრებლის გაყიდვა არ სურდა არც ტარიელ გუსეინოვს. მით უფრო, რომ სულ ახლახან გაარემონტა სახლი – როგორც ამბობს, ამისთვის 15 000 დოლარამდე დახარჯა. ახლა არემონტებს მის საკუთრებაში არსებულ სხვენსაც, რომლითაც საცხოვრებელ სივრცის გაფართოებას გეგმავს.

მოლოდინი რომ ჰქონოდა, რომ გაყიდვა, მით უფრო კი, იძულებით გამოსახლება მოუწევდა, რემონტს არ წამოიწყებდა. თუმცა ამბობს, რომ ამას საერთოდ ვერ იფიქრებდა. მით უფრო იმ ფონზე, როცა გასულ წელს, თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, თბილისის მერიამ რეაბილიტაცია დაიწყო.

ტარიელი გვიყვება, რომ სწორედ ეზოს და ფასადების რეაბილიტაციის დროს გაიგეს, რომ სახელმწიფო სახლების შესყიდვას და დანგრევას გეგმავდა.

“შარშან იყო რეაბილიტაცია. დიდი ფული დაიხარჯა – აივნები გაკეთდა, მთლიანად გაკეთდა ეზო, კომუნიკაციები, ასფალტი. რატომ მოიფიქრეს ასე და საიდან გახადეს სტრატეგიული მნიშვნელობის ეს ეზო? ჩვენ ჩვენი პოზიცია გვიჭირავს, იმათ თავიანთი. იმათ აწყობთ, რომ კაპიკებში გაგვიყვანონ, კაპიკები მოგვაყარონ და არ აინტერესებთ ჩვენი მომავალი. ჩვენი ინტერესია, გადაგვიხადონ იმდენი, რომ მინიმუმ ერთი იმდენი ფართის ყიდვა შევძლოთ, საიდანაც გავდივართ.

აუცილებლობაა ალიევის სახელობის ცენტრის მშენებლობაო. ბოდიში, მაგრამ მაინცდამაინც აქ რატომ? მე რატომ უნდა დავრჩე უსახლკაროდ და უნდა აშენდეს თეატრი, საცეკვაო თუ გასართობი ცენტრი? არანაირი ისეთი აუცილებლობა არ არის მაგ ცენტრისაც, რომ ჩვენ, ამდენი მოსახლე, მიზერული თანხებით უსახლკაროდ და ქუჩაში დაგვტოვოს ამ მთავრობამ”, – ამბობს გუსეინოვი.

მიუხედავად იმისა, რომ ვერ ხვდება, რატომ არის აუცილებელი ალიევის სახელობის კულტურის ცენტრის მშენებლობა, ტარიელი მზადყოფნას გამოთქვამს მოლაპარაკებაზე და სახლის გაყიდვაზე. თუმცა ითხოვს, რომ თანხა განისაზღვროს მის სახელზე რეგისტრირებული სრული სივრცის შესაბამისად. მანანა ხორხელის მსგავსად, მისი მთავარი პრობლემაც სხვენის ფართობის ანაზღაურებაა. სწორედ ამ სივრცეს არემონტებს ახლა.

“უკვე ცოტანი დავრჩით სამეზობლოში. ნახევარი წავიდა. რადგან ასეთი ვითარება შეიქმნა, მე უკვე თანახმა ვარ. არ ვდავობ იმაზე, რომ ჩვენ იძულებული ვართ აქედან გავიდეთ. მთავრობას ვერ გადავიკიდებ მე. თუკი ყველა [მეზობელი] დათანხმდა და ყველას დააკმაყოფილებენ, გავალ. მინიმუმს ვითხოვ მე, რომ შეაფასონ და დამიანგარიშონ ის ფართი სრულად, რაც რეგისტრირებული მაქვს”, – ამბობს ტარიელი.

მისთვის მიუღებელია კომუნიკაციის ფორმაც, რაც სახელმწიფო უწყებებს მათთან აქვთ. ამბობს, რომ ვერ შეთანხმდნენ, რადგან “რეპრესიული იმიჯით” მოდიოდნენ მოლაპარაკებაზე.

“რეპრესიული იმიჯით მოდიოდნენ, მუქარებით და ა.შ. რომ ჩვენ აუცილებლად უნდა გავიდეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში გაგვყრიან ქუჩაში, გაიტანენ ყველაფერს აღსრულებით და ა.შ.

როგორც მინიმუმ, უნდა მოვიდნენ და მოგვირიგდნენ, მოგველაპარაკონ. მაგრამ არა ისე, როგორც თვითონ აკეთებენ – როგორც პირუტყვს და ტარაკნებივით, ისე რომ გვექცევიან. ადამიანურად დაგველაპარაკონ და თანხაზე მოგვირიგდნენ. იმდენი მოგვცენ, რომ ჩვენ ერთი მაგდენი ფართი აქ, სადღაც ახლომახლო შევიძინოთ, რაღაცა გვეშველოს ჩვენც. სხვა შემთხვევაში, ეს არის ყაჩაღობა, ბანდიტობა და წართმევა, დამტოვებენ უარაფროდ”, – ამბობს ტარიელ გუსეინოვი.

ეზოს ამხანაგობის თავმჯდომარე, მარიკა იზორია, ყურადღებას ამახვილებს სამეზობლოს ეთნიკურ მრავალფეროვნებაზე და ხაზს უსვამს, რომ მსგავსი სივრცეები ძველი თბილისის კულტურული ავთენტურობის ნაწილია. მისი თქმით, ეზოს დანგრევის გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ ხელისუფლება პატივს არ სცემს არა მხოლოდ საკუთარი მოქალაქეების კერძო საკუთრებას, არამედ დედაქალაქის ისტორიულ იერსახეს.

“როგორ ბედავენ, ასე ხელაღებით გაანადგურონ ჩვენი ავთენტურობა, ჩვენი იდენტობა, ჩვენი ისტორია?! ეს არის უგულობა, უსიყვარულობა საკუთარი ქალაქის მიმართ. მხოლოდ დღეს დანახული ფულია. ხვალ, ზეგ ის ფული რად გადაიქცევა, ამაზე ხომ ესენი საერთოდ არ ფიქრობენ?!

თუმცა ჩვენი წინააღმდეგობის მთავარი მიზეზი მაინც არის კერძო საკუთრების დაცვა. მე ვამბობ არას, ეს ნიშნავს, რომ ჩემს კერძო საკუთრებაში არ უნდა შემოიჭრან. მიზეზია მათი ტყუილი, რომ თურმე ეს ადგილი სტრატეგიულად მნიშვნელოვანია. იმიტომ, რომ აქ არც გზატკეცილი გადის, არც აეროპორტია, არც რკინიგზა. სახელმწიფოსთვის კი არა, მათი ჯიბეებისთვის არის მნიშვნელოვანი. ამას ყველა ხვდება, დიდიც და პატარაც.

რომ იძახიან, “მშვიდობაო”, მშვიდობა იწყება ოჯახებიდან და კერძო საკუთრებიდან. ოჯახებს პატივი რომ სცენ, ყველაფერი უკეთ იქნება ჩვენს ქვეყანაში”, – ამბობს მარიკა იზორია ნეტგაზეთთან საუბრისას.

იბრაჰიმ ისფაჰანლის ქუჩის #3-შ მცხოვრებლები აპირებენ გაასაჩივრონ მინისტრის ბრძანება. ამისთვის მათ 1-თვიანი ვადა აქვთ.

მარიამ ქვრივიშვილმა ბრძანებას ხელი 3 აპრილს მოაწერა. 3 დღით ადრე, ვიდრე საქართველოში ჰეიდარ ალიევის ვაჟი, აზერბაიჯანის მოქმედი პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ჩამოვიდოდა.

საკუთრების უფლება საქართველოს კონსტიტუციითაა გარანტირებული. ეს თავად ქვრივიშვილის ბრძანებაშიც წერია. თუმცა იქვეა აღნიშნული, რომ ეს არ არის აბსოლუტური უფლება. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ “საზოგადოებრივი საჭიროებისათვის აუცილებელი ნაგებობის” მშენებლობისთვის სახელმწიფოს აქვს უფლება, იძულებით ჩამოართვას ქონება კერძო მესაკუთრეს.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ ჩაითვალა ჰეიდარ ალიევის სახელობის კულტურის ცენტრის მშენებლობა “აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების” მქონე პროექტად – ეკონომიკის სამინისტრო გადაწყვეტილების დასასაბუთებლად კულტურის სამინისტროს პოზიციას იშველიებს:

“საქართველოში ჰეიდარ ალიევის სახელობის კულტურის ცენტრის მშენებლობა მნიშვნელოვანია როგორც საქართველოს მრავალეთნიკური კულტურული სივრცის განვითარებისათვის, ასევე კულტურული თანამშრომლობისათვის, რომელიც ეფუძნება საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ მრავალწლიან მეგობრულ ურთიერთობებს.

ამასთან, ახალი ინფრასტრუქტურული ცენტრი, როგორც კულტურული დიალოგის, ისტორიული ურთიერთობის გააზრებისა და რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელოვანი ადგილი გაამდიდრებს საქართველოს კულტურულ სივრცეს და კიდევ უფრო გააძლიერებს ქართულ-აზერბაიჯანულ კულტურულ ურთიერთობებს”, – წერია კულტურის სამინისტროს წერილში, რომელიც 2026 წლის 19 მარტითაა დათარიღებული.

ალიევისა და კობახიძის მინისტრთა კაბინეტის შეხვედრა, რომელსაც, მარიამ ქვრივიშვილიც ესწრება (06.04.2026)

გარდა ამისა, ალიევის სახელობის ცენტრის მშენებლობის აუცილებლობის დასაბუთებისას ეკონომიკის სამინისტრო აქცენტს აკეთებს ეთნიკური უმცირესობების ინტერესების დაცვაზე. ქვრივიშვილის ბრძანებაში წერია, რომ ცენტრი მოემსახურება ეთნიკურად აზერბაიჯანელი საქართველოს მოქალაქეების კულტურული იდენტობის დაცვას, რაც სახელმწიფოს ვალდებულებაა.

ეკონომიკის სამინისტროს ბრძანებიდან ირკვევა, რომ ცენტრი მხოლოდ ისფაჰანლის ქუჩის #3-ში არსებულ თბილისურ ეზოს არ მოიცავს. საერთო ჯამში, მისთვის უნდა გამოიყოს 5 380 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი. ცენტრის მთავარი შენობა იქნება  780 კვადრატული მეტრი ფართობის საზოგადოებრივი სივრცე, რომელიც “ძველი აბანოს” ისტორიულ შენობას დააკავშირებს მთავარ “ფოიესთან”. აქვე იგეგმება “ბავშვთა თეატრის” მოწყობა, რომელიც ცენტრისგან დამოუკიდებლად იმუშავებს. გარდა ამისა, მოეწყობა საკონცერტო დარბაზი, მისაღები და სხვა კულტურული ღონისძიებებისთვის გათვლილი სივრცეები.

“ცენტრი უნდა ჩამოყალიბდეს როგორც მრავალფუნქციური საგანმანათლებლო პლატფორმა, სადაც განხორციელდება კულტურული და აკადემიური პროგრამები. აღნიშნული ხელს შეუწყობს ცოდნის გაცვლას, ახალგაზრდების განვითარებასა და რეგიონული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებას.

ამასთანავე, ცენტრი შექმნის დამატებით შესაძლებლობას კულტურული ტურიზმის განვითარებისათვის და იქცევა საერთაშორისო კულტურული ღონისძიებების, გამოფენებისა და ფესტივალების ჩატარების მნიშვნელოვან სივრცედ, რაც, თავის მხრივ, დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ აქტივობაზე და ხელს შეუწყობს საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ცენტრის მშენებლობა წარმოადგენს მნიშვნელოვან ინიციატივას”, – წერია მარიამ ქვრივიშვილის ბრძანებაში.

ეკონომიკის სამინისტროს ბრძანებაში ვკითხულობთ, რომ ჰეიდარ ალიევის სახელობის კულტურის ცენტრის მშენებლობისთვის თანხებს გამოყოფს როგორც აზერბაიჯანი, ისე საქართველო. ქართული მხარის ჩართულობა ამ პროექტში სწორედ უძრავი ქონების (მიწის) შესყიდვით გამოიხატება.

ამავე თემაზე: