ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

მუხთარლი: პროკურატურაში თარჯიმანი არ ჰყავდათ, ჩვენების მიცემა ხვალამდე გადაიდო

8 აპრილი, 2021 • 1052
მუხთარლი: პროკურატურაში თარჯიმანი არ ჰყავდათ, ჩვენების მიცემა ხვალამდე გადაიდო

პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი აცხადებს, რომ უწყებას ჩვენება ვერ მისცა, რადგან მათ თარჯიმანი არ ჰყავდათ.

მუხთარლიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თავდაპირველად ადგილზე თურქული ენის თარჯიმანი დახვდა, რაზეც უარი თქვა, მოგვიანებით კი ახალი თარჯიმანი მივიდა, თუმცა შეამჩნია, რომ „მანაც არ იცოდა აზერბაიჯანული“.

„დღეს აქ არაფერი მომხდარა“, — განაცხადა მან ჟურნალისტებთან. მისი ადვოკატი, არჩილ ჩოფიკაშვილი ამბობს, რომ მუხთარლი მზადაა, ითანამშროლოს გამოძიებასთან.

მუხთარლის თქმით, პროკურატურისგან მიიღეს პირობა, რომ 9 აპრილისთვის იპოვიან თარჯიმანს, რომელიც აზერბაიჯანულად გამართულად საუბრობს.

პროკურატურაში „ნეტგაზეთს“ უთხრეს, რომ მუხთარლიმ პირველ თარჯიმანთან გასაუბრების შემდეგ მასზე უარი თქვა სათანადო თაგრმანის უზრუნველყოფის შესაძლებლობის არარსებობის საფუძვლით.

ამასთან, უწყების თანახმად, მეორე თარჯიმანის ჩართულობით გამოკითხვა სამ საათს გაგრძელდა, თუმცა ჟურნალისტმა თქვა, რომ ისიც ვერ თარგმნიდა სათანადოდ მის მონათხრობს. ამის შემდეგ, პროკურატურის თანახმად, მუხთარლის შესთავაზეს შესვენება და კიდევ სხვა თრჯიმანის მოყვანა, რაზეც უარი თქვა.

პროკურატურა ადასტურებს, რომ გამოკითხვა 9 აპრილს გაგრძელდება.


აფგან მუხთარლი ამბობს, რომ არ აქვს გამოძიების სამართლიანად ჩატარების მოლოდინი პროკურატურისგან, რადგანაც მიიჩნევს, რომ მის გატაცებაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს მთავრობამ, იმჟამინდელი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით.

ამასთან, მუხთარლი ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, აზერბაიჯანულმა მხარემ საქართველოს მთავრობას აღნიშნული „საქმის შესრულებისთვის ფული გადაუხადა“.

მუხთარლის განმარტებითვე, მას შეუძლია ამოიცნოს საკუთარი გამტაცებლები ფოტოსურათებით.


მუხთარლი – პრეზიდენტ ილჰამ ალიევის რეჟიმის მიერ დევნილი ჟურნალისტი, რომელიც წლების განმავლობაში ოჯახთან ერთად თბილისში ცხოვრობდა, 2017 წლის 29 მაისს თბილისის ცენტრიდან გაიტაცეს და ბაქოს ციხეში გადაიყვანეს.

მას რამდენიმე მუხლით წარუდგინეს ბრალი; ბრალდებებს შორის იყო საზღვრის უკანონო კვეთა და 10 000 ევროს უკანონოდ გადატანა. მას 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მუხთარლი თავიდანვე აცხადებდა, რომ გაიტაცეს და ბრალდებები მოგონილი იყო.

მუხთარლის დაკავებას საპროტესტო აქციები მოჰყვა თბილისში. მუხთარლი საქართველოს ხელისუფლებას სდებდა ბრალს გატაცების ხელშეწყობაში. ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები აზერბაიჯანის ხელისუფლებას მის გათავისუფლებას სთხოვდნენ.

მუხთარლის საქმის შემდეგ, თბილისი თანდათანობით დატოვეს აზერბაიჯანელმა სამოქალაქო/პოლიტიკურმა აქტივისტებმა, რომლებიც ილჰამ ალიევის რეჟიმს აკრიტიკებდნენ.

აფგან მუხთარლის ცოლი, გამომძიებელი ჟურნალისტი ლეილა მუსტაფაევა, რომელიც ბოლო წლებში ასევე თბილისში ცხოვრობდა, ქმრის გატაცების შემდეგ არსებული რისკების გამო მცირეწლოვან შვილთან ერთად საცხოვრებლად გერმანიაში გაემგზავრა.

მუხთარლი, 2020 წლის მარტში ციხიდან გათავისუფლების შემდეგ, საცხოვრებლად ასევე გერმანიაში, ოჯახთან გაემგზავრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი