საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ მიტროპოლიტ სტეფანეს ყველა გადაწყვეტილება სრულად მხარდაჭერილი და ლეგიტიმურია. ამის შესახებ მან საქართველოს საპატრიარქოში მღვდელმთავართა მონაწილეობით გამართული სხდომის შემდეგ განაცხადა, რომელზეც სხვა საკითხებთან ერთად მართლმადიდებელი ეკლესიის ჭყონდიდის ეპარქიაში მიმდინარე საკითხებზეც მსჯელობდნენ.
დეკანოზ ჯაღმაიძის თქმით, მღვდელმთავრები მოუწოდებენ ეპარქიის სასულიერო პირებს, დაემორჩილონ და აღასრულონ მიტროპოლიტის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება:
“მე ვთქვი, რომ გადაწყვეტილება დღეს არ იქნება მიღებული. ეს არ არის იმ ფორმატის შეხვედრა, რომელიც გადაწყვეტილებებს იღებს. აქ იყო მსჯელობა. უნდა ითქვას მკაფიოდ და ერთმნიშნველოვნად, რომ მეუფე სტეფანეს ყველა მოქმედება და გადაწყვეტილება, რაც მან ეპარქიაში განახორციელა, არის სრულად მხარდაჭერილი და არის ლეგიტიმური, აბსოლუტურად კანონიერი. ამიტომ გაგრძელდება მხარდაჭერა იმ ზომებისა, რაც მეუფე სტეფანემ მიიღო.
რაც შეეხება მათ მიერ შემოტანილ აპელაციებს, ამას, რა თქმა უნდა, მიიღებს და განიხილავს სინოდი. სწორედ ამას უნდა დაელოდონ და მანამდე ვალდებულები არიან, მეუფე სტეფანეს მითითებებს, განკარგულებებს და კურთხევებს დაემორჩილონ” ,- ამბობს დეკანოზი ჯაღმაიძე.
“მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ მოწყობილ ამბოხში მონაწილეობა და შეუფერებელი საქციელი” ის ბრალდებებია, რომელთა გამოც ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სტეფანემ ეპარქიის ყოფილი მიტროპოლიტის, პეტრე ცაავას მხარდამჭერი კიდევ ერთი სასულიერო პირი — არქიმანდრიტი ათინოგენი — განკვეთა.
ამავე მოტივით მიტროპოლიტმა მღვდელმსახურება კიდევ 4 სასულიერო პირს აუკრძალა, თუმცა ეს მხოლოდ 1 ბრძანებით: გასულ კვირებში გამოცემული სხვა ბრძანებებით, ჯერ დედათა მონატრის წინამძღვრის პატივი ჩამოართვეს, შემდეგ კი მონასტრიდან გარიცხეს მონაზონი სოსანა, მორჩილ ნინო გამყრელიძესთან ერთად.
კიდევ უფრო ადრე ზიარება აეკრძალა სასულიერო პირებისა და მრევლის ნაწილს, ორი დიაკონი კი მოვალეობის შეუსრულებლობის მოტივით მღვდელმოქმედებას ჩამოაშორეს.
ვრცლად ეპარქიაში მიმდინარე მოვლენებზე წაიკითხეთ:
ჭყონდიდის ეპარქია: პატარა შფოთი თუ განხეთქილება სამომავლო რისკებით