ახალი ამბები

საპატრიარქოში მღვდელმთავრები იკრიბებიან, განიხილება ჭყონდიდის საკითხიც

8 აპრილი, 2021 • 989
საპატრიარქოში მღვდელმთავრები იკრიბებიან, განიხილება ჭყონდიდის საკითხიც

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოში დღეს მღვდელმთავრები შეიკრიბებიან და სხვა საკითხებთან ერთად, ჭყონდიდის ეპარქიაში მიმდინარე მოვლენებზეც იმსჯელებენ.

როგორც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, მსგავსი შეხვედრები საპატრიარქოში უჩვეულო არაა, თუმცა დღეს უფრო გაფართოებულ ფორმატში გაიმართება:

“დღეს საპატრიარქოში მღვდელმთავრები შეიკრიბებიან. ეს არ არის უჩვეულო შეკრება და პირველი პრეცედენტი, პერიოდულად ასეთი შეხვედრები იმართებოდა, თუმცა დღეს უფრო გაფართოებული იქნება ეს შეხვედრა და დაეთმობა დრო მიმდინარე მოვლენების განსჯას, მათ შორის, ჭყონდიდის ეპარქიაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე” ,- აცხადებს დეკანოზი.

მისივე თქმით, დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ საზოგადოება გადაწყვეტილებებს არ უნდა ელოდოს, რადგანაც შეხვედრის მიზანია საკითხების განხილვა:

“დღეს შედეგებს და გადაწყვეტილებებს არ უნდა ველოდოთ, ეს იქნება განხილვის და მსჯელობის გარემო. ეპისკოპოსები იმსჯელებენ, შეაფასებენ. გადაწყვეტილებები დღეს არ იქნება მიღებული” ,- ამბობს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.


“მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ მოწყობილ ამბოხში მონაწილეობა და შეუფერებელი საქციელი” ის ბრალდებებია, რომელთა გამოც ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სტეფანემ ეპარქიის ყოფილი მიტროპოლიტის, პეტრე ცაავას მხარდამჭერი კიდევ ერთი სასულიერო პირი — არქიმანდრიტი ათინოგენი — განკვეთა.

ამავე მოტივით მიტროპოლიტმა მღვდელმსახურება კიდევ 4 სასულიერო პირს აუკრძალა, თუმცა ეს მხოლოდ 1 ბრძანებით: გასულ კვირებში გამოცემული სხვა ბრძანებებით, ჯერ დედათა მონატრის წინამძღვრის პატივი ჩამოართვეს, შემდეგ კი მონასტრიდან გარიცხეს მონაზონი სოსანა, მორჩილ ნინო გამყრელიძესთან ერთად.

კიდევ უფრო ადრე ზიარება აეკრძალა სასულიერო პირებისა და მრევლის ნაწილს, ორი დიაკონი კი მოვალეობის შეუსრულებლობის მოტივით მღვდელმოქმედებას ჩამოაშორეს.

ვრცლად ეპარქიაში მიმდინარე მოვლენებზე წაიკითხეთ:

ჭყონდიდის ეპარქია: პატარა შფოთი თუ განხეთქილება სამომავლო რისკებით

 

მასალების გადაბეჭდვის წესი