თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას პროცესი თავად მელიას გარეშე დაიწყო. საქმეს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი განიხილავს.
როგორც პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსის ადვოკადი გიორგი კონდახაშვილი ამბობს, დაცვის მხარემ ჯერ კიდევ 6 აპრილს იშუამდგომლა სასამართლოსთან, რომ მელიას პროცესზე დასწრების შესაძლებლობა ჰქონოდა, თუმცა, უშედეგოდ. გარდა ამისა, მელიას ადვოკატებს პროცესის პირდაპირ ეთერში გადაცემა სურდათ, რაც მოსამართლემ ასევე არ დააკმაყოფილა.
დაცვის მხარე აცხადებს, რომ მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების გაუქმებას ითხოვენ:
“პატიმრობა აუცილებლად უნდა გაუქმდეს და ნიკა მელიას მიმართ არ უნდა იქნას გამოყენებული არცერთი აღკვეთის ღონისძიება. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ეტაპირება არ განხორციელდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ჯერ კიდევ 6 აპრილს ვიშუამდგომლეთ სასამართლოსთან, რომ მას მისცემოდა დასწრების შესაძლებლობა ამ უმნიშვნელოვანეს სასამართლო პროცესზე, ჩვენი ინფორმაციით, ეტაპირება არ მოხდა და მელია სასამართლო სხდომას არ დაესწრება”, — ამბობს კონდახაშვილი.
მელიას აღმკვეთ ღონისძიებასთან დაკავშირებით დღეს პროკურორმა ამირან გულუაშვილმაც ისაუბრა. მისი თქმით, პროკურატურის თვითმიზანი არასოდეს ყოფილა მელიას პატიმრობა და, როგორც უკვე არაერთხელ განუცხადებიათ, მზად არიან აღკვეთის სახით პატიმრობის გირაოთი შესაცვლელად შუამდგომლობის დასაყენებლად:
“რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის საკითხს, იმის გამო, რომ ნიკანორ მელიას მიმართ გამოყენებულია პატიმრობა, სასამართლოს აქვს კანონისმიერი ვალდებულება, ორ თვეში ერთხელ გადასინჯოს მის მიმართ გამოყენებული პატიმრობა ან საკუთარი ინიციატივით, ან მხარის შუამდგომლობის საფუძველზე. რაც შეეხება ჩვენს პოზიციას, მის მიმართ გამოყენებულ აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით, როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ მიერ ჯერ კიდევ 25 თებერვალს საჯაროდ იქნა გაკეთებული შეთავაზება დაცვის მხარისთვის და ჩვენ შევთავაზეთ მათ ლეგიტიმური, კანონისმიერი საშუალება იმისთვის, რომ ნიკანორ მელიას მიმართ გამოყენებული პატიმრობა შეცვლილიყო გირაოთი, იმ შემთხვევაში, თუ დაცვის მხარეს ამის სურვილი ჰქონდა.
ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად ვაცხადებ, ნიკანორ მელიას პატიმრობა არასდროს ყოფილა პროკურატურის თვითმიზანი. პროკურატურამ საჯარო განცხადებით დაცვის მახრეს შესთავაზა კონკრეტული სამართლებრივი გზა, მათი მზადყოფნის შემთხვევაში როგორ უნდა მომხდარიყო აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის შეცვლა უფრო მუსუბუქი აღკვეთის ღონისძიებით.
თუმცა დაცვის მხარე ახდენს კანონით სპეკულირებას და საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანას, იძახის რა, რომ მსგავსი სამართლებრივი მექანიზმი არ არსებობს. ნებისმიერი იურიდიული ფაკულტეტის პირველკურსელმაც იცის, რომ ბრალდების მხარეს აქვს უფლება მოითხოვოს შეფარდებული პატიმრობის შეცვლა გირაოთი. რეალურად, ნიკანორ მელიას და მისი ადვოკატების მიზანია, რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს ნიკანორ მელიას პატიმრობაში ყოფნა. ნიკანორ მელიას პატიმრობა არის ნიკანორ მელიას თვითმიზანი” ,— ამბობს ამირან გულუაშილი.
მოგვიანებით გულუაშვილს უპასუხა მელიას კიდევ ერთმა ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა, რომელმაც პროკურატურის შეთავაზებას სამართლებრივი ნონსენსი უწოდა:
“ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა პროკრუატურა გირაოზე საუბრობს, თუმცა ამოუხსნელია მათი ქმედებები იმიტომ, რომ წინა შემთხვევაში ისინი ითხოვდნენ დაპატიმრებას და იმუნიტეტიც მოუხსნეს პარლამენტში. შემდეგ მოვისმინეთ განცხადება, რომ თუ გადაიხდიდა გირაოს, გაათავისუფლებდნენ, რაც აბსურდია, რადგან სამართლებრივად შეფარდებული გირაო აღარ არსებობს. ახლა თუ ექნება პროკურატურას შუამდგომლობა, ჩვნეთვის უცნობია. არ ვიცი, რა გადაწვყეტილებას მიიღებს ქართული ოცნების ხელისუფლება ნიკა მელიასთან დაკავშირებით” ,— ამბობს საძაგლიშვილი.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 17 თებერვალს დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს, ნიკა მელიას გირაო პატიმრობით შეუცვალა. ბრალდების მხარემ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების დამძიმების შუამდგომლობა მას შემდეგ დააყენა, რაც მან არ გადაიხადა 30 000-ლარიან გირაოს დამატებული 40 000 ლარი, რომელიც ელექტრონული მონიტორინგის სამაჯურის მოხსნისთვის, 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით დაეკისრა.
ნიკა მელია 23 თებერვალს დააკავეს. თბილისის სააპელაციო სასამართლომ 25 თებერვალს დაუშვებლად ცნო საჩივარი მელიას აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით, რის შემდეგაც პროკურატურამ ბრიფინგი გამართა და მზადყოფნაგამოთქვა, დაცვის მხარის მიერ მოსამართლის 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით განსაზღვრული გირაოს პირობების შესრულების შემთხვევაში, მიმართოს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მელიას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე.
ნიკა მელიას 20 ივნისის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობაში ედება ბრალი.