ახალი ამბები

რატომ (არ) უნდა მოეწერა ხელი ქართულ დელეგაციას აგვისტოს ომზე PACE-ს რეზოლუციისთვის

8 აპრილი, 2021 • 5270
რატომ (არ) უნდა მოეწერა ხელი ქართულ დელეგაციას აგვისტოს ომზე PACE-ს რეზოლუციისთვის

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) 2008 წლის რეზოლუცია №1633 წლებია, “ქართული ოცნების” ერთ-ერთი მთავარი საკითხია პოლიტიკური ოპონენტების, კერძოდ, ყოფილი ხელისუფლების “ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში” დასადანაშაულებლად. რუსეთ-საქართველოს ომიდან 2 თვეში მიღებულ რეზოლუციას მოქმედი ხელისუფლება პერიოდულად უბრუნდება პოლიტიკურ დისკუსიებში და საქართველოს დელეგაციის მიერ დოკუმენტის მხარდაჭერას ღალატად აფასებს. დისკუსიის ძირითადი ფოკუსია, რომ აღნიშნული რეზოლუცია აგვისტოს ომის დაწყებას საქართველოს აბრალებს — ასეა კი?! რაში მდგომარეობს რეზოლუციაზე ხელმოწერის მხარდამჭერების და მოწინააღმდეგეების არგუმენტები? “ნეტგაზეთი” საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილე სერგი კაპანაძეს და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მოქმედ თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძეს ესაუბრა.

რა მოხდა?

6 აპრილს “ევროპული საქართველოს” წევრმა სერგი კაპანაძემ დაწერა, რომ ტელეკომპანია “პოს TV”-დან დაურეკეს და სთხოვეს ვითომდა კოსაჩოვის გამონათქვამის, სინამდვილეში, 2008 წლის ევროპის საბჭოს საპარლამენტო რეზოლუციიდან “დამახინჯებული ამონარიდის” შეფასება, სადაც საუბარია, რომ ქართულმა მხარემ დაბომბა ცხინვალი და გამოიყენა კასეტური ბომბები.

“ვუპასუხე, რომ არც არავინ უარყოფს, რომ ქართულმა მხარემ ცხინვალი დაბომბა და კასეტური ბომბები გამოიყენა-თქო, უბრალოდ ეგ არ იყო ომის დასაწყისი-მეთქი”, – დაწერა კაპანაძემ.

აღნიშნულს გამოეხმაურა ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე:

“საქართველო უარყოფს იმას, რასაც თქვენ აბრალებთ!.. “ცხინვალის კასეტური ბომბებით დაბომბვა” — რუსული ნარატივი, რომელიც ვერ დაამტკიცეს!” — დაწერა მდინარაძემ.

შემდეგ სერგი კაპანაძემ განმარტა, რომ საქართველომ ცხინვალში დაბომბა სამხედრო წერტილები და არა — მშვიდობიანი მოსახლეობა, როგორც ამას პრეზიდენტი ზურაბიშვილი იძახის, ხოლო კასეტური მ-85 ბომბები სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ გამოიყენა.

ზურაბიშვილის განცხადება მოსახლეობის დაბომბვაზე
“თუ თქვენ გინდათ კვალიფიკაცია იმის, თუ რა მოხდა, მაშინ მე სხვანაირად დავსვამ ამ კითხვას. როგორი კვალიფიკაცია უნდა მივცეთ იმ მოვლენებს, როცა დაიწყო საომარი მოქმედებები იმ დროს, როცა საქართველოს არანაირი უპირატესობა არ ჰქონდა; საქართველო იყო გაფრთხილებული თავისი ყველა მოკავშირეებისგან, რომ სამხედრო ნაბიჯი არ გადაედგა და გაფრთხილებული იყო, რომ არანაირი დახმარება არ იქნებოდა. როცა დახმარების იმედი არ გაქვს, უპირატესობა არ გაქვს, როცა მოულოდნელობის ფაქტორი შენს მხარეს არ არის — როცა ეს ყველაფერი არის სახეზე, იმ მომენტში პროვოკაციაზე აყოლა და შენს ტერიტორიაზე, შენს მოსახლეობაზე მასიური დაბომბვის დაწყება, ამას რა ჰქვია – უგუნურობა, გიჟი პრეზიდენტის ახირება, თუ რაღაცა უცნაური და გაუგებარი გარიგება ჩვენს საუკუნოვან მტერთან?“ — სალომე ზურაბიშვილი, 2018 წლის 8 აგვისტო

“ოსლოს კონვენციას, რომელიც კრძალავს ასეთი ბომბების გამოყენებას, შეერთებული არ ვიყავით… ახლა აქედან თუ რომელიმე დასკვნას გააკეთებს, რომ ომი საქართველომ დაიწყო, გააკეთოს. ოღონდ აქედან ეგ არ გამომდინარეობს. არც ევროსაბჭოს რეზოლუცია 1633-დან”, — დაწერა კაპანაძემ და “ქართულ ოცნებას” მოუწოდა, რეზოლუცია სრულად წაიკითხოს და არამხოლოდ მე-5 პუნქტი.

ძალიან სასაცილო პროცესს ვაკვირდები. ქოცებს ისე ძალიან უნდათ, რომ ოპოზიციიდან ვიღაცას ათქმევინონ, რომ ომი საქართველომ…

Posted by Sergi Kapanadze on Tuesday, 6 April 2021

მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ რეზოლუციის სხვა პუნქტები თავის მართლებისთვის საკმარისი საფუძველი არაა.

“მე-4 პუნქტში წერია, 2008 წლის 7 აგვისტოს დაიწყო ომიო და მეხუთე პუნქტშივე საქართველოს სამხედრო ძალებს დააბრალეს ამ ომის დაწყება…მე-6 პუნქტი იმით იწყება, რომ თითქოს რუსეთის შეტევა იყო საპასუხო. რეზოლუციის სხვა ნაწილით იმიტომ იმართლებენ თავს, რომ იქ სიტყვა ოკუპაცია წერია და რუსების ბევრი სხვა დანაშაულიც, მაგრამ წინა პუნქტებში რაც წერია, იმის საპირწონეა? აუცილებელი იყო საკუთარი სამხედრო ძალებისთვის ომის დაწყების დაბრალება? დიახ, ეგ არ იყო ომის დასაწყისი, მაგრამ მაინც დააბრალეს, ტყუილზე მოუწერეს ხელი! და ბოლოს, სიტყვა აღიარებას ასე ნურავინ ეთამაშება, არავის უხსენებია. ეს არა აღიარება, არამედ ტყუილი, დაბრალება და ღალატია!” – დაწერა მდინარაძემ.

ღალატში მხილებულები აშკარად აიჭრნენ.

პირად შეურაცხყოფაზე გადმოსვლა გასაგებია, ვერ დავეშვები მანდ…?

აქ უფრო…

Posted by მამუკა მდინარაძე / Mamuka Mdinaradze on Tuesday, 6 April 2021

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც “ქართული ოცნება” წინამორბედ ხელისუფლებას აკრიტიკებს PACE-ს 2008 წლის რეზოლუციის მხარდაჭერის გამო.

ზურაბიშვილის წიგნის საპასუხოდ, “ოცნება” ბაქრაძეს PACE-ს რეზოლუციის მხარდაჭერას ახსენებს

ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები ადასტურებენ, რომ რეზოლუციის მე-5 მუხლი მართლაც პრობლემურია საქართველოსთვის, თუმცა მიუთითებენ, რომ იმ პერიოდში, როცა ომი ახალი დასრულებულია, რუსეთმა დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა ოკუპირებული ტერიტორიები და ყველგან აცხადებდა, რომ საქართველომ დაიწყო ომი და ეთნიკურ ნიადაგზე კონფლიქტისას გენოციდი მოუწყო ოსებს, საერთაშორისო ორგანზიაციაში პირველად იქნა მიღებული რეზოლუცია, რომელიც ოკუპანტად რუსეთს აღიარებს და გმობს მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების აღიარებას.

რა წერია რეზოლუციაში?

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 2008 წლის 2 ოქტომბერს 93 ხმით 29-ის წინააღმდეგ მიიღო რეზოლუცია საქართველოსა და რუსეთს შორის ომის შედეგების შესახებ. რეზოლუციას მხარი დაუჭირეს საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა: გიორგი გაბაშვილმა, გიორგი კანდელაკმა, ჩიორა თაქთაქიშვილმა და გიორგი თარგამაძემ, ხოლო რუსეთის დელეგაცია რეზოლუციის წინააღმდეგ წავიდა.

კენჭისყრის შედეგები იხილეთ ბმულზე

№1633 რეზოლუციით ასამბლეამ დაგმო ომის დაწყება ორგანიზაციის ორ წევრ სახელმწიფოს შორის და შედეგი რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციად, საქართველოს სუვერენიტეტზე შეტევად და შესაბამისად, ევროპის საბჭოს წესდების დარღვევად შეაფასა. რეზოლუციის თანახმად, ესკალაცია, რომელიც გაცილებით უფრო ადრე დაიწყო, 7 აგვისტოს საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვის გაუფრთხილებლად დაწყებით გადავიდა სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების საფეხურზე.

ასამბლეამ მიუთითა, რომ ვინაიდან ომის დაწყების გარშემო არსებულ ფაქტებს სადავოდ მიიჩნევს როგორც საქართველოს, ასევე რუსეთის მხარე, “ისინი უნდა იქნას დადგენილი ობიექტურად, დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიების მიერ”. ამასთან, ეს გამოძიება არ უნდა შემოფარგლულიყო მხოლოდ ომის დაწყებით, არამედ ყურადღება გაემახვილებინა წინარე წლებზეც.

რეზოლუციაში შეშფოთებაა გამოთქმული ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული სამართლის დარღვევის ფაქტების გამო, რომლებიც ჩადენილ იქნა ორივე მხარის მიერ ომის მიმდინარეობისას, ხოლო მის ფაქტობრივ კონტროლქვეშ მოქცეულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული სამართლის დარღვევის ფაქტებზე სრულ პასუხისმგებლობას რუსეთს ეკისრება.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში ვკითხულობთ:

“4. ასამბლეა აცნობიერებს, რომ თუმცა ომის დაწყება 2008 წლის 7 აგვისტოს მოულოდნელი აღმოჩნდა ორგანიზაციის წევრთა უმრავლესობისთვის, ის წარმოადგენდა დაძაბულობის მნიშვნელოვანი ესკალაციის შედეგს, რომელიც, თანდართული პროვოკაციებითა და შედეგად, უსაფრთხოების მდგომარეობის გაუარესებით, დაიწყო გაცილებით უფრო ადრე. არ იქნა გადადგმული ნაბიჯები დაძაბულობის შემცირებისკენ და ამდენად, სამხედრო ძალის გამოყენება იქცა ერთ-ერთ შესაძლებლობად კონფლიქტის მონაწილე ორივე მხარისათვის. ეს მიუღებელია ასამბლეისთვის. მისი აზრით, ბოლო პერიოდში სამშვიდობო ფორმატი ვეღარ ასრულებდა მის ჩაფიქრებულ ფუნქციას და სამშვიდობო ძალების პირადმა შემადგენლობამაც ვერ უზრუნველყო საკუთარი მისიის აღსრულება, რაც გულისხმობდა კონფლიქტის ზონაში მყოფი ადამიანების სიცოცხლისა და საკუთრების დაცვას. შესაბამისად, ის გამოთქვამს წუხილს იმის გამო, რომ მისი წინარე მოწოდებები, განხილულიყო სამშვიდობო ფორმატის ცვლილება და კონფლიქტის გადაწყვეტის პროცესი, არ იქნა გაზიარებული სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის მიერ. 

5. თუმცა, 2008 წლის 7 აგვისტოს, საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვის გაუფრთხილებლად დაწყებით, ესკალაცია ახალ, კერძოდ ღია და სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების საფეხურზე გადავიდა. მძიმე არტილერიისა და კასეტური ბომბების გამოყენება, რამაც სერიოზული საფრთხე შეუქმნა სამოქალაქო მოსახლეობას, წარმოადგენდა სამხედრო ძალის არაპროპორციულ გამოყენებას საქართველოს მხრიდან, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ხდებოდა მისი ტერიტორიის ფარგლებში და როგორც ასეთი, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და საქართველოს მიერ აღებული ვალდებულების დარღვევას, კონფლიქტები გადაწყვიტოს მშვიდობიანი საშუალებებით.

6. იმავდროულად, რუსეთის საპასუხო შეტევამ, მათ შორის ფართომასშტაბიანმა სამხედრო მოქმედებებმა ცენტრალურ და დასავლეთ საქართველოსა და აფხაზეთში, ასევე ვერ უზრუნველყო პროპორციულობისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის პრინციპების დაცვა და წარმოადგენდა ევროპის საბჭოს პრინციპების, ისევე როგორც რუსეთის, როგორც წევრი სახელმწიფოს საწესდებო მოვალეობებისა და მის მიერ გაწევრიანებისას აღებული განსაკუთრებული ვალდებულებების დარღვევას. ამან შედეგად მოიტანა საქართველოს ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილის ოკუპაცია, ისევე როგორც დარტყმები სახელმწიფოს ეკონომიკურ და სტრატეგიულ ინფრასტრუქტურაზე, რაც შეიძლება მიჩნეულ იქნას ან პირდაპირ შეტევად საქართველოს სუვერენიტეტზე და შესაბამისად, ევროპის საბჭოს წესდების დარღვევად, ან რუსეთის მცდელობად, გაეფართოებინა საკუთარი გავლენა უახლოესი საზღვარგარეთის სახელმწიფოზე, მის მიერ გაწევრიანებისას აღებული ვალდებულების დარღვევით, რაც გულისხმობს ამდაგვარ კონცეფციაზე უარის თქმას.

რეზოლუციის სრული ტექსტი შეგიძლიათ ნახოთ შემდეგ დოკუმენტში:

არგუმენტები

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის შეფასებით, ქართული მხრიდან PACE-ს რეზოლუციის ხელმოწერა იყო “ძალიან არასწორი ნაბიჯი და არასახელმწიფოებრივი მიდგომა, ვინაიდან რეზოლუციაში გარკვევით წერია, რომ საქართველოს მხრიდან დაიწყო საომარი მოქმედები”.

“ჩვენი ოპონენტები ამბობენ, რომ იქ სხვა რაღაცეებიც წერია, რამაც გადაწონა მათ მიერ ამ ნაბიჯის გადადგმა, თუმცა მე ვერ ვიტყოდი ამას, ვინაიდან იქ, სადაც წერია, რომ საქართველომ დაიწყო საომარი მოქმედებები, ასეთი სიტყვათაწყობისთვის საქართველოს ხელი არ უნდა მოეწერა. ყველანაირად უნდა ემუშავათ იმაზე, რომ ასეთი სიტყვათაწყობა არ დაფიქსირებულიყო რეზოლუციაში”, — ამბობს სამხარაძე “ნეტგაზეთთან” საუბარში.

კითხვაზე, თუ რით განასხვავებს “ოცნება” რეზოლუციის სულისკვეთებას საქართველოს ხელისუფლების ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნების, მაგალითად, ბიძინა ივანიშვილის და სალომე ზურაბიშვილის განცხადებებისგან ომის დაწყებაზე, სამხარაძე პასუხობს, რომ არ ახსოვს, მოქმედი ხელისუფლების ოფიციალურ პირს ომის დაწყებაში საქართველო დაედანაშაულებინოს. ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომ “სა­ჯა­რი­სო ნა­წი­ლე­ბი მზად­ყოფ­ნა­ში მო­ვი­და და და­იწ­ყეს სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბი მა­ნამ, სა­ნამ რუ­სეთ­მა გად­მო­ლა­ხა საზ­ღვა­რი”, სამხარაძის შეფასებით, “არ ნიშნავს, რომ ომი დაიწყო”.

“საქართველოს ომი არ დაუწყია, როგორც ასეთი, საომარი მოქმედებები არ დაუწყია. რაც შეეხება იმას, ბრალეულობა იყო თუ არა ქართული მხარის, რა თქმა უნდა, იყო, იმიტომ რომ ისინი შევიდნენ იმ მახეში, რომელიც მათ დაუგო რუსეთმა. ომი დაიწყო რუსეთმა”, — მიიჩნევს სამხარაძე.

სერგი კაპანაძე დღევანდელი გადმოსახედიდანაც მიიჩნევს, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2008 წელს რეზოლუცია “იყო სერიოზული წარმატება ძალიან ბევრი მიზეზის გამო”.

“მათ შორის, იმის გამო, რომ რუსეთი აღიარებული იქნა ოკუპანტად, დაფიქსირდა ეთნიკური წმენდა და ბევრი სხვა ჩვენთვის მნიშვნელოვანი რამ. ამიტომ ამ რეზოლუციის ხელმოწერა იყო სრულიად სწორი ნაბიჯი. რაც შეეხება იმას, თითქოს რეზოლუციაში წერია, რომ საქართველომ დაიწყო ომი, როგორც ბოლო წლების განმავლობაში პროპაგანდისტულად იმეორებენ “ქართული ოცნების” წარმომადგენლები და მათი მედიასაშუალებები, არის ტყუილი. თუ ასეთ ფრაზას წამიკითავს ვინმე, საჯაროდ მოვიხდი ბოდიშს. ეს არის მათეული სამარცხვინო ინტერპრეტაცია, რომელსაც იყენებენ მათი პოლიტიკური მიზნებისთვის”, – უთხრა “ნეტგაზეთს” კაპანაძემ.

კაპანაძე იზიარებს მოსაზრებას, რომ რეზოლუციის მე-5 მუხლი საქართველოსთვის საუკეთესო ფორმულირებას არ შეიცავს, თუმცა ამბობს, რომ სრული სურათის შესაქმნელად აღნიშნული მუხლი წასაკითხია მე-4 და მე-6 მუხლებთან ერთობლიობაში.

კითხვაზე, თუ რატომ იყო აუცილებელი საქართველოს დელეგაციას ხელი მოეწერა რეზოლუციაზე, თუ ის მაინც გავიდოდა, კაპანაძე პასუხობს:

“რეზოლუციას ხელი არ მოაწერა რუსეთმა იმიტომ, რომ მისთვის იყო ძალიან პრობლემური. საქართველოს რატომ არ უნდა მოეწერა ხელი, როდესაც 99,9% იყო საჩვენო. რუსეთის დელეგაციამ კი პროტესტის ნიშნად დატოვა განხილვა. სრულიად არასწორი იქნებოდა, საქართველოს განხილვაში არ მიეღო მონაწილეობა. მით უმეტეს, რეზოლუციები ცოცხალი ორგანიზმებია. შემდეგ წლებში ახალი რეზოლუციების მიღება მოხდა, უფრო დაზუსტდა და უფრო კარგი ფორმულირებებიც გაჩნდა”, – აცხადებს კაპანაძე.

რაც შეეხება კასეტური ბომბების გამოყენებას, სერგი კაპანაძე, განმარტავს, რომ ცხინვალის დაბომბვა და კასეტური ბომბების გამოყენება ცალ-ცალკე საკითხებია და მას არ უთქვამს და არ უგულისხმია”ცხინვალში კასეტური ბომბების გამოყენება”.

როგორც სერგი კაპანაძე, ისე ნიკოლოზ სამხარაძე ამბობენ, რომ საქართველოს პოზიციაა (მათ შორის, საერთაშორისო სასამართლოებში), რომ კასეტური ბომბების გამოყენება მოხდა სამხედრო ობიექტებზე, როკის გვირაბის მიმართულებით, მაგრამ არა ცხინვალში სამოქალაქო პირების წინააღმდეგ.

კასეტური საბრძოლო მასალა შედგება კორპუს­კასეტებისაგან, ასეულობით მინი ჭურვს შეიცავს. გაშვებისას ჭურვების ფართო არეალზე გაფანტვის გამო, ასეთი იარაღი საფრთხეს უქმნის მშვიდობიან მოსახლეობას. ამასთან, ბომბების 5-20% არ ფეთქდება, რაც მათი ადგილზე დატოვების შემთხვევაში დამატებით რისკს ქმნის მშვიდობიანი მოსახლეობისათვის.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ჯერ კიდევ 2008 წლის 1-ელ სექტემბერს დაადასტურა, რომ მან გამოიყენა კასეტური ბომბები, თუმცა არა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ.

თავდაცვის სამინისტროს განცხადებას წინ უძღოდა Human Rights Watch-ის ანგარიში, რომლის თანახმადაც რუსეთმა და საქართველომ განურჩეველი და არაპროპორციული ძალა გამოიყენეს, კასეტური იარაღის ჩათვლით.

Human Rights Watch-ის ანგარიში იყო სტრასბურგის სასამართლოს განხილვის თემაც რუსეთ-საქართველოს ომის საქმეზე. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ომის აქტიური ფაზის (8-12 აგვისტო) პერიოდი არ შეაფასა, ვინაიდან აღნიშნული საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნაწილია.

მასალების გადაბეჭდვის წესი