ახალი ამბები

დრო რომ დააბრუნო, ცოცხალი თავით არავის ჩავასმევინებდი გავრილოვს იმ სკამში – მდინარაძე

29 მაისი, 2020 • 1201
დრო რომ დააბრუნო, ცოცხალი თავით არავის ჩავასმევინებდი გავრილოვს იმ სკამში – მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ დროის უკან დაბრუნების საშუალება რომ იყოს, არ დაუშვებდა რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამში ჩასმას.

მისივე თქმით, ოპოზიციამ მმართველი გუნდის ამ შეცდომას საკრალური ხასიათი შესძინა და საკუთარი ღალატის გადასაფარად გამოიყენა. მდინარაძე ამბობს, რომ დღევანდელი ოპოზიცია, ჯერ კიდევ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, 2008 წლიდან, რუსულ იარლიყს აკერებდა ყველას, ვინც არ მოსწონდა, ამ დროს კი თავად ჩაიდინა ღალატი. მდინარაძე ღალატს უწოდებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2008 წლის  რეზოლუციის მხარდაჭერას, რომელშიც ნათქვამია:

“7 აგვისტოს, საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვის გაუფრთხილებლად დაწყებით, ესკალაცია ახალ, კერძოდ ღია და სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების საფეხურზე გადავიდა. მძიმე არტილერიისა და კასეტური ბომბების გამოყენება, რამაც სერიოზული საფრთხე შეუქმნა სამოქალაქო მოსახლეობას, წარმოადგენდა სამხედრო ძალის არაპროპორციულ გამოყენებას საქართველოს მხრიდან, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ხდებოდა მისი ტერიტორიის ფარგლებში და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და საქართველოს მიერ აღებული ვალდებულების დარღვევას, კონფლიქტები გადაწყვიტოს მშვიდობიანი საშუალებებით”.

ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები ადასტურებენ, რომ რეზოლუციის მე-5 მუხლი მართლაც პრობლემურია, თუმცა ამბობენ, რომ დანარჩენი ტექსტი საქართველოსთვის სრულიად მისაღები იყო, განსაკუთრებით, მე-4 მუხლი, სადაც აღნიშნულია, რომ 2008 წლის 7 აგვისტოს ომის დაწყება იყო მანამდე დიდი ხნის განმავლობაში არსებული დაძაბულობის ესკალაციის შედეგი, თანმდევი პროვოკაციებითა და ადგილზე უსაფრთხოების მდგომარეობის გაუარესებით.

მამუკა მდინარაძის აზრით, ბუნებრივია, რომ აგვისტოს ომიდან ორ თვეში რეზოლუციაში რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ ჩაიწერა, თუმცა ეს ქართული დელეგაციის მხრიდან რეზოლუციის მხარდაჭერისთვის საკმარისი ფაქტორი არ უნდა გამხდარიყო.

“რუსული იარლიყის მიკერებით “გაღმა შეედავე” არის თქვენი პიარული ჩანაფიქრი, იმიტომ, რომ 2008 წელს ჩაიდინეთ ღალატი. ახლა ლაპარაკობთ, გავრილოვი ჩაჯდა რაღაც სკამშიო. საკრალური გახადეთ ეს. პიარული ნაწილი იყო. ამ პიარში რაღაც წარმატება მოიპოვეთ მაშინ და მერე თქვენმა ლიდერებმა დაადასტურეს, რომ  ვაიძულეთ, ვიღაცას ვასროლინეთო. მართლა შეცდომა იყო და მართლა არ ვისურვებდი… ახლა დრო რომ უკან გადაახვიო, ცოცხალი თავით არავის ჩავასმევინებდი გავრილოვს ამ სკამში, მაგრამ ეს საკრალურობა გამოიყენოთ ამის [აჩვენებს PACE-ს რეზოლუციის ტექსტს] გადასაფარად. ეს არის თქვენი დანაშაული და ღალატი”, – განაცხადა მდინარაძემ.


19-20 ივნისს საქართველოში დაგეგმილი იყო მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სესია. ასამბლეის პრეზიდენტი რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვია, რომელიც აღნიშნულ სესიას 20 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან რუსულ ენაზე გაუძღვა. “ევროპული საქართველოსა” და “ნაციონალური მოძრაობის” პროტესტის შედეგად ღონისძიება ჩაიშალა და რუსეთის დელეგაცია იძულებული გახდა, დაეტოვებინა საქართველო.

20 ივნისს თბილისში გავრილოვის საქართველოში მოწვევასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ დაიწყო მასშტაბური საპროტესტო აქციები. აქციაზე მოითხოვეს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაურის გადადგომა, ასევე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება 2020 წელს პროპორციული სისტემით.

ოპოზიციის ლიდერების ნაწილმა აქციის მონაწილეებს პარლამენტის შენობაში შესვლისა და მისი დაკავებისკენ მოუწოდა. ხელისუფლებამ რამდენიმე საათში ძალის გამოყენებით დაარბია საპროტესტო აქცია. შედეგად დაშავდა 240-დე ადამიანი, მათ შორის, 80-მდე სამართალდამცავი. აქციაზე დაშავებულმა რამდენიმე ადამიანმა დაკარგა თვალი. არაერთი ადამიანის მდგომარეობა მძიმეა. ძირითადად პოლიციის მხრიდან ნასროლი რეზინის ტყვიებით დაშავდა მედიის 30-ზე მეტი წარმომადგენელი. ვიდეოკადრებში ჩანს, პოლიციელთა ნაწილი მიზანმიმართულად როგორ ესვრის რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს. სულ დააკავეს 300-ზე მეტი ადამიანი. ომბუდსმენის ცნობით, დაკავებულები ვერ სარგებლობენ სამართლიანი სასამართლოს უფლებით.

დარბევის შემდეგ გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ზაქარია ქუცნაშვილმა კი თქვა, რომ ტოვებს დეპუტატის მანდატს. აქციის მონაწილეებს ეს საკმარისად არ მიიჩნიეს და პროტესტი გააგრძელეს გახარიას გადადგომის მოთხოვნით. პროტესტის დაწყებიდან შემდეგ, “ოცნებაში“ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ 2020 წელს არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდეს, თუმცა საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაზე მმართველმა გუნდმა საკუთარი ინიციატივა ჩააგდო.

თბილისში მიმდინარე მოვლენები “ანტირუსულ პროვოკაციად” შეაფასა რუსეთის ხელისუფლებამ და საქართველოსთან 8 ივლისიდან ავიამიმოსვლა გააუქმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი