შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გასული 24 საათის განმავლობაში, ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 27 პირი დააკავეს. უწყება ამბობს, რომ კიდევ 6 პირს ბრალი წარედგინება, ნაწილს პენიტენციურ დაწესებულებაში, ნაწილს კი დაუსწრებლად, მათ შორის ერთი საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდია.

„სამართალდამცავების მიერ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ინტენსიურად ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დგინდება, რომ ბრალდებულები მითითებებს საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდის, მამუკა ჩხაბერიძისგან იღებდნენ და მისი დავალებების შესაბამისად მოქმედებდნენ“, – აცხადებს შსს.

უწყება ამბობს, რომ ბრალდებულები ორგანიზებას უწევდნენ ე.წ. ქურდულ გარჩევას, სადაც გადაწყვეტილებებს ქურდული ტრადიციების შესაბამისად იღებდნენ.

„ასევე, დადგინდა, რომ ბრალდებულები მხარეებს შორის ფინანსურ დავებს განიხილავდნენ, რა დროსაც ერთ-ერთ მხარეს მეორის, ასევე, თავიანთ სასარგებლოდ თანხის გადახდას აკისრებდნენ. კონკრეტული ვადების დარღვევის შემთხვევაში კი ფიზიკური ანგარიშსწორებით და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ“, – ამბობს შსს.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა, 223-ე ტერცია, 223-ე კვარტა და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.