ახალი ამბები

უკრაინის მხარდაჭერა არა მარტო მორალური ვალდებულებაა, ჩვენი ეროვნული ინტერესია – ბოკერია

7 აპრილი, 2021 •
უკრაინის მხარდაჭერა არა მარტო მორალური ვალდებულებაა, ჩვენი ეროვნული ინტერესია – ბოკერია

“ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგა ბოკერია აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე საქართველოს მთავრობის პასიურობას აკრიტიკებს.

ბოკერიას თქმით, საქართველოს მთავრობა წლებია  ქვეყნის ფარგლებს გარეთ ატარებს პოლიტიკას, რომ რუსეთზე წნეხის შესამცირებლად და გასაქრობად საქართველოს საკითხი დღის წესრიგში აქტიურად არ იდგეს. მისი თქმით, სწორედ ამ მიზეზით არ რეაგირებს საქართველოს მთავრობა რუსეთის აგრესიაზე უკრაინის წინააღმდეგაც.

“ჩვენი მოქალაქეების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ, თითქოს ამას საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე აკეთებს, რომ არ გააღიზიანოს. რეალობა სულ სხვა რამეშია. რეალობა არის ის, რომ ჩვენი ეროვნული სტრატეგიული ინტერესია, არა მარტო მორალური ვალდებულება, რომ უკრაინელ ხალხს მხარი დავუჭიროთ, როგორც ჩვენ მხარს გვიჭერდნენ ბალტიისპირეთის ქვეყნები და მათი პოლიტიკოსები, არამედ პრაგმატული ინტერესია ჩვენი, რომ  საქართველოს საკითხი, ჩვენ წინააღმდეგ რუსეთის მიმდინარე აგრესიის საკითხი, იდგეს ფართო კონტექსტში  უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის და მთლიანად თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ პუტინის რუსეთის საფრთხის კონტექსტში. იმიტომ, რომ ეს გვიზრდის ჩვენ დაცულობას და შესაძლებლობებს, რომ დავიცვათ ჩვენი თავისუფლება და, საბოლოო ჯამში, ოკუპაციის პრობლემაც გადავჭრათ”, — განაცხადა ბოკერიამ.

როგორც ბოკერია ამბობს, ამ შემთხვევაში  “ჩაწოლა” საქართველოს პრაგმატულად აზიანებს.

“ყველას უნდა გვესმოდეს, პუტინის რუსეთს აქვს ამოცანა მისი მეზობელი ქვეყნების, მათ შორის, პირველ რიგში, საქართველოს, უკრაინის და სხვების, თავისუფლებისა და სუვერენიტეტის განადგურების, რათა თავისუფალი სამყარო შეავიწროოს და თავისი პოზიციები გააძლიეროს. ჩვენი ინტერესია, უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის და ყველა სხვა ამბების დროს ჩვენი საკითხიც იდგეს დღის წესრიგში, რომ უფრო დაცულები ვიყოთ და არა პირიქით. თან მორალურად სირცხვილია ეს ყველაფერი”, — განაცხადა ბოკერიამ.


უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 26 მარტს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა კიდევ ერთხელ დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და იერიში მიიტანეს უკრაინულ ძალებზე იმგვარი მსხვილკალიბრიანი იარაღით, რასაც 4 უკრაინელი ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა, კიდევ ორი კი მძიმედ დაიჭრა. კიევის განცხადებით, შეტევა დონეცკის ჩრდილოეთით, დასახლება შუმთან მოხდა.

აღმოსავლეთ უკრაინაში სიტუაციის დაძაბვასთან დაკავშირებით ქართულ მხარეს ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია.  დღეს, 7 აპრილს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ტვიტერზე დაწერა, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში არსებული ვითარების შესახებ უკრაინელ კოლეგას დმიტრო კულებას ტელეფონით ესაუბრა.

ზალკალიანის თქმით, მან აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე ბოლოდროინდელი მოვლენების გამო შეშფოთება გამოთქვა.

“გავცვალეთ ინფორმაცია რუსული ოკუპაციის ფონზე საქართველოსა და უკრაინაში არსებული ვითარების შესახებ და ყურადღება გავამახვილეთ დაძაბულობის დეესკალაციის მიზნით საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობის მნიშვნელობაზე”, — წერს ზალკალიანი.

უკრაინის მიმართ არასათანადო მხარდაჭერის გამო საქართველოს მთავრობა  გააკრიტიკა ესტონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ტომას ჰენდრიკ ილვესმა.

“როცა 2008 წელს რუსეთი საქართველოში შეიჭრა, მე არა მარტო ხმამაღლა გამოვხატე პოზიცია, არამედ ჩავედი ცხელი ომის შუაგულში. ძალიან გაკვირვებული ვარ. როგორ ელოდებით რუსეთის მიერ თქვენი ტერიტორიების ოკუპაციის დაგმობას მსოფლიო საზოგადოებისგან”, – განაცხადა ილვესმა.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი უკრაინის მხარდამჭერ განცხადებას მიიღებს. ამის შესახებ “ნეტგაზეთს” განუცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ. სამხარაძე არ იზიარებს ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტის, ტომას ჰენდრიკ ილვესის კრიტიკას იმის შესახებ, რომ საქართველო მხარს არ უჭერს უკრაინას რუსეთის აგრესიის ფონზე.

უკრაინა რუსული აგრესიის წინააღმდეგ მარტო არ დარჩება — ზელენსკი | რა ხდება დონბასში

მასალების გადაბეჭდვის წესი