უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის არმია საკმარისადაა აღჭურვილი, რათა იბრძოლოს, თუმცა კიევის სურვილია, რომ სიტუაცია დონბასში დიპლომატიური გზებით გადაიჭრას. ასე გამოეხმაურა ის აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარების დაძაბვას.
“ცეცხლის შეწყვეტის შენარჩუნების გარანტია არის რთული, თუმცა, ძალიან საჭირო მინსკისა და ნორმანდიული ფორმატის მოლაპარაკებებისთვის. ჩვენს არმიას შესწევს ძალა, რომ უპასუხოს ნებისმიერ მოწინააღმდეგეს. დიპლომატიაა ის გზა, რომელიც უკრაინას აქვს არჩეული დროებით ოკუპირებული ტერიტორიების დასაბრუნებლად”, — განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენს დღეს, 2 აპრილს, ტელეფონით ესაუბრა.
“პრეზიდენტმა ბაიდენმა დამარწმუნა, რომ უკრაინა არ დარჩება მარტო რუსული აგრესიის წინააღმდეგ”, — განაცხადა ზელენსკიმ უკრაინის რადაში გამოსვლის დროს.
ჯერ კიდევ გუშინ საუბარი შედგა აშშ-ისა და უკრაინის თავდაცვის მინისტრებს შორის, სადაც ამერიკულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ “რუსული აგრესიის ესკალაციის შემთხვევაში, უკრაინას ვაშინგტონი მარტო არ დატოვებს”.
უკრაინული მხარის განცხადებით, საუბარი მინისტრებს შორის ვაშინგტონის ინიციატივით გაიმართა.
რუსული მხარის პოზიციაზე დღეს, 2 აპრილს რუსეთის დუმის დეპუტატმა კონსტანტინ ზატულინმა ისაუბრა. მისი თქმით, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების დახმარების შესახებ არის “სახიფათო და ახალისებს დაპირისპირებას რეგიონში”.
დღესვე რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთს არ შეუძლია დონბასში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დაცვა, რადგან ის არ არის კონფლიქტის მონაწილე. მან პასუხისმგებლობა კიევს დააკისრა.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 26 მარტს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა კიდევ ერთხელ დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და იერიში მიიტანეს უკრაინულ ძალებზე იმგვარი მსხვილკალიბრიანი იარაღით, რასაც 4 უკრაინელი ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო კიდევ ორი მძიმედ დაიჭრა.
კიევის განცხადებით, შეტევა დონეცკის ჩრდილოეთით, დასახლება შუმთან მოხდა.
შემთხვევას იმავე დღეს გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი, რომელმაც ნორმანდიულ სამშვიდობო ფორმატში [უკრაინა, რუსეთი, საფრანგეთი, გერმანია] ჩართულ ლიდერებს მოუწოდა, რომ გაეკეთებინათ ყველაფერი, რათა შეენარჩუნებინათ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.
მომხდარის შემდეგ უკრაინის არმიის გენშტაბის მეთაურმა რუსლამ ხომჩაკმა პარლამენტში მოსმენისას განაცხადა, რომ რუსეთის მოქმედება იყო აგრესიული და ქვეყნის უსაფრთხოებისთვის დამაზიანებელი.
“რუსული შეიარაღებული ძალები თანდათანობით ზრდიან შეიარაღებული ძალების ოდენობას რუსეთ-უკრაინის საზღვართან”, – განაცხადა ხომჩაკმა.
გუშინ, პირველ აპრილს, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ “რუსეთის ამჟამინდელი ესკალაცია არის სისტემური და უდიდესი, რაც ბოლო წლებში დაფიქსირებულა”. მისივე თქმით, რუსეთის მოქმედებებმა პროცესები ჩიხში შეიყვანა, საიდანაც ერთადერთი გამოსავალი დიპლომატიაა.
თავის მხრივ, მოსკოვი უარყოფს, რომ მისი მხრიდან პროცესების რაიმე სახით ესკალაციას აქვს ადგილი. ოფიციალური პოზიციის მიხედვით, რუსეთი საკუთარ თავს კონფლიქტის მონაწილე მხარედაც არ განიხილავს და აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე დაპირისპირება, უკრაინის ცენტრალურ ხელისუფლებასა და დონეცკისა და ლუგანსკის ძალებს შორის ბრძოლად მიაჩნია.