ახალი ამბები

ტიკარაძე: შეიქმნება პორტალი, სადაც ყველა შეძლებს ვაქცინაციის სურვილის დაფიქსირებას

7 აპრილი, 2021 • 1228
ტიკარაძე: შეიქმნება პორტალი, სადაც ყველა შეძლებს ვაქცინაციის სურვილის დაფიქსირებას

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, შეიქმნება პორტალი, სადაც საქართველოს ყველა მოქალაქე, განურჩევლად ასაკობრივი თუ სოციალური ჯგუფისა, შეძლებს წინასწარ დააფიქსიროს ვაქცინაციის სურვილი და აირჩიოს, თუ რომელი კომპანიის პრეპარატით სურს იმუნიზაცია.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, აღნიშნული ინფორმაცია დაეხმარება სახელმწიფოს, მიიღოს სტრატეგიული გადაწყვეტილებები, მათ შორის, თუ რომელი ვაქცინა უნდა შემოიტანონ ქვეყანაში შემდეგ ეტაპზე:

“მნისვნელოვანი გადაწვყეტილება, რაც იყო და, დარწმუნებული ვართ, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენი მოქალაქეების ინტერესების დაცვას და მათ არჩევანს მეტად უფრო გააფართოებს, არის ვებპორტალი, რომელიც გამოქვეყნდება როგორც ჯანდაცვის სამინისტროს, ასევე, დაავადებათა კონტროლის ვებგვერდზე.

აღნიშნულ პორტალზე ჩვენს მოქალაქეებს, განურჩევლად ჯგუფისა, საშუალება ექნებათ წინასწარ დარეგისტრირდნენ ვაქცინაციის სურვილის დასაფიქსირებლად და მათ საშუალება ექნებათ, აირჩიონ ყველა ის ვაქცინა, რომელიც უახლოეს მომავალში იქნება საქართველოში ხელმისაწვდომი და რომელიც ფართოდ არის დღესდღეობით ხელმისაწვდომი მსოფლიოში.

ჩვენ მივიჩნევთ, რომ ეს კვლევა დაგვეხმარება მივიღოთ მნიშვნელოვანი სტრატეგიული გადაწყვეტილება და ეს იქნება მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, თუ რომელი შემდეგი ვაქცინები იქნება ქვეყანაში შემოტანილი”, – ამბობს ეკატერინე ტიკარაძე.

ამ ეტაპზე ვაქვინაცია ხელმისაწვდომია მხოლოდ რამდენიმე ჯგუფისთვის. მათ შორის, სამედიცინო სექტორში დასაქმებულთათვის, 55 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის, დიალიზის საჭიროების მქონე და ორგანოგადანერგილი პირებისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი