სავაჭრო პალატამ ბიზნესის 2021 წლის მოლოდინებზე კვლევა გამოაქვეყნა. კვლევაში მონაწილეობდნენ ბიზნესსექტორი, უცხოელი ინვესტორები და ფინანსური ინსტიტუტები. სავაჭრო პალატის ცნობითვე, გამოკითხვა გასული წლის დეკემბერსა და 2021 წლის იანვარში მიმდინარეობდა.
კვლევაში წერია, რომ გამოკითხულ ეკონომისტთა უმეტესობა 2021 წელს დოლარის კურსს ლართან 3.2-3.5 ფარგლებში ელოდება, ხოლო დანარჩენები- გამყარებას 3-3.2 ფარგლებში. კვლევაში მონაწილე არცერთი ეკონომისტი მიმდინარე წელს დოლარის 3 ლარზე ქვემოთ ჩამოსვლას არ პროგნოზირებს. რაც შეეხება ინფლაციას, ეკონომისტების მოლოდინით, 2021 წელს წლიური ინფლაცია 3%-5%-ის ფარგლებში იქნება.
კვლევის მიხედვით, 2021 წელს ბიზნესისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები, რაც სახელმწიფომ უნდა გააუმჯობესოს, არის პოლიტიკური სტაბილურობა, ლარის კურსის მერყეობა და ეკონომიკური რეფორმები.
რაც შეეხება ბიზნესის საჭიროებებს 2021 წელს, ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად ბიზნესი ასახელებს თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებას (67%), რასაც მოსდევს გადასახადების შემცირება (44%) და საგადასახადო ვალდებულებების გადავადება (33%).
“2021 წლისა და უფრო გრძელვადიანი მოლოდინების შესაფასებლად, ჩვენ ჩავატარეთ საქართველოს ბიზნესსექტორის წამყვანი კომპანიების ტოპ მენეჯმენტის გამოკითხვა. ბიზნესსექტორის წარმომადგენლები არ მოელიან, რომ 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა დაუბრუნდება 2019 წლის დონეს, გამოკითხულთა უმეტესობას აქვს მოლოდინი, რომ მხოლოდ 2022 წელს მიაღწევს ეკონომიკა პანდემიამდე არსებულ დონეს”, — წერია კვლევაში.
ლარის კურსის მოლოდინებთან დაკავშირებით 2021 წელს ბიზნესი არ ელოდება ლარის გამყარებას. 56%-ის აზრით, ამჟამინდელ კურსთან შედარებით წელს ლარი გაუფასურდება, ხოლო დანარჩენი 44% ფიქრობს, რომ ლარის კურსი თითქმის უცვლელი დარჩება. რაც შეეხება კომპანიების შემოსავლებს, რესპონდენტების უმეტესობა 2021 წელს მოელის ან შემოსავლების ზრდას, ან იმავე დონეზე დარჩენას 2019 წლის მაჩვენებლებთან შედარებით.
ტურიზმის სექტორის მოლოდინები
კვლევაში მოხვდა ტურიზმის სექტორის მოლოდინებიც. გამოკითხულ სასტუმროთა უმეტესობას, პანდემიიდან გამომდინარე, სასტუმროს დროებითი დახურვა მოუწია, ხოლო დანარჩენი ნაწილი რეგიონებში კონცენტრირდა შიდა ტურიზმზე და თბილისში უმეტესად გადაკეთდა „კოვიდ სასტუმროდ“. პანდემია ყველაზე მტკივნეულად შეეხო სტუმარ-მასპინძლობის სექტორში დასაქმებულ ადამიანებს. კვლევის მიხედვით, გამოკითხულ სასტუმროთა მხოლოდ 10%-მა შეძლო თანამშრომლების სრულად შენარჩუნება, დანარჩენებს კი მოუწიათ თანამშრომლების შემცირება ან სრულად დათხოვნა.
რაც შეეხება 2021 წელს ტურისტების რაოდენობას, 2019 წელთან შედარებით, გამოკითხულ სასტუმროთა ყველაზე დიდ ნაწილს (37%) სჯერა, რომ წელს შესაძლოა ტურიზმი 2019 წლის დონის 0-30% ფარგლებში იყოს, თუმცა 2019 წლის ტურისტების ნახევარს ან მეტს, ჯამურად, რესპონდენტების 44% ელოდება.
პანდემიამ 2020 წელს ყველაზე მეტად ტურიზმის სექტორი დააზარალა. 2019 წელს საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 7.7 მლნ შეადგინა, აქედან 5.1 მლნ ტურისტული ვიზიტი იყო. ტურიზმიდან ამ წელს საქართველომ 3.3 მილიარდი აშშ დოლარი მიიღო, შედეგად, ეკონომიკაში მისი წილი დაახლოებით 19%-მდე გაიზარდა. კვლევის თანახმად, 2020 წელს საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა შემცირდა 80%-ით, ხოლო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები- 83%-ით.
“საქართველოში ტურიზმის სექტორში არსებული მდგომარეობისა და სექტორის მოლოდინების გასარკვევად, ჩვენ ჩავატარეთ გამოკითხვა 2020 წლის დეკემბერსა და 2021 წლის იანვარში. გამოკითხვამ 60-ზე მეტი სხვადასხვა ზომისა და ტიპის განთავსების ობიექტი მოიცვა თბილისიდან და ტურიზმზე დამოკიდებული რეგიონებიდან. სექტორის წარმომადგენლები 2021 წელს ტურიზმის სწრაფი ტემპით აღდგენას პირველ რიგში მეზობელი ქვეყნებიდან მოელიან. ასევე, პოზიტიური მოლოდინები არსებობს ევროპის ქვეყნებიდან ვიზიტორების ზრდასთან დაკავშირებით”, — ნათქვამია კვლევაში.
რაც შეეხება სტუმარ-მასპინძლობის სექტორის მთავარ გამოწვევებს მიმდინარე წელს, სასტუმროებისთვის ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება საბანკო ვალდებულებების მომსახურება და ტურისტების მოზიდვა. გარდა ამისა, სტუმარ-მასპინძლობის სექტორის წარმომადგენლებს აქვთ რეკომენდაცია, რომ სწრაფად აღდგეს მიმოსვლა ყველა ქვეყანასთან და მოიხსნას რეგულაციები, რათა სექტორმა შეძლოს ტურისტების მიღება. ასევე, სექტორის წარმომადგენლებს სურთ, რომ მთავრობა უფრო აქტიურად ჩაერთოს ტურიზმის მარკეტინგულ კამპანიაში და დაეხმაროს სექტორს ტურისტების მოზიდვაში.
2021 წლისთვის საქართველოს ბიზნესსექტორის წამყვანი კომპანიების მოლოდინები შემდეგნაირად ნაწილდება: კომპანიების 22% თვლის, რომ ეკონომიკის მდგომარეობა გაუმჯობესდება, ხოლო 44%-ის აზრით, თითქმის უცვლელი დარჩება, დარჩენილი ნაწილი კი ეკონომიკის გაუარესებას მოელის. გამოკითხულთა უმეტესობას აქვს მოლოდინი, რომ 2022 წელს ეკონომიკა პანდემიამდე არსებულ დონეს მიაღწევს.
გამოკითხული მსხვილი კომპანიების 78% 2021 წელს აპირებს ინვესტირებას, თუმცა უმეტესი მათგანი აქვე აღნიშნავს, რომ წინა წლებთან შედარებით ტემპი ნაკლები იქნება. ასევე, გამოკითხულთა 44% აპირებს შემდეგი ხუთი წლის მანძილზე ინვესტიციების ზრდას 2015-2020 წლის დონესთან შედარებით.
საერთაშორისო ორგანიზაციების პროგნოზები 2021 წელს
2021 წლისთვის საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოს ეკონომიკის ზრდას 3.5%- 4.5%-ის ფარგლებში პროგნოზირებენ. მათ შორის, მშპ-ს ზრდის ყველაზე პოზიტიური მოლოდინი აქვს აზიის განვითარების ბანკს. აღნიშნული თანხვედრაშია ადგილობრივი ეკონომისტების მოლოდინებთან, რომელთა უმეტესობა 2021 წელს მშპ-ს ზრდას 3-5%-ის ფარგლებში ელოდება. რაც შეეხება ქართულ საინვესტიციო ბანკებს, 2021 წელს გალტ & თაგარტი 3.7%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუ ტურიზმი 50%-ით არ აღდგება. ტურიზმის აღდგენის შემთხვევაში კი, მათი პროგნოზით ზრდა 5-5.5%-ის ფარგლებში იქნება. თიბისი კაპიტალი თავის საბაზისო სცენარში 2021 წელს 4.6%-იან ზრდას ელოდება. მთავრობამ 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 4.3%-იან ეკონომიკურ ზრდაზე დაგეგმა.