ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თანათავმჯდომარის, ევროპარლამენტის წევრის, მარინა კალიურანდის განცხადებით, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოლაპარაკებში ჩართულმა ორივე მხარემ უნდა გააცნობიეროს საკუთარი ვალდებულებები, ამას კი მათ მაგივრად ევროპა ვერ გააკეთებს.
ეს განცხადება მან დღეს, 7 აპრილს, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაზე გააკეთა.
“საერთო განცხადებაში, რომელიც ევროპარლამენტმა გაავრცელა, ჩვენ გავაკრიტიკეთ ყველა ქართველი პოლიტიკური ლიდერი, რომელიც მოლაპარაკებების პროცესში იყო ჩართული. მოლაპრაკებები ვერ იქნება ევროკავშირის მიერ განხორციელებული. კომპრომისი ვერ მიიღწევა ევროკავშირის მიერ. ელჩ დანიელსონს არ შეუძლია გადაწყვიტოს საქართველოს მომავალი და მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილებები ქართველი პოლიტიკოსების ნაცვლად. ეს ყოველივე უნდა გაკეთდეს ქართველების მიერ.
დიახ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, მმართველი ძალისგან მოელი უფრო მეტს, ვიდრე სხვებისგან, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ოპოზიციამ არ გამოხატოს საკუთარი პოზიციები, გარანტიები, პატივისცემა და ვალდებულებები [ამ პროცესისადმი].
ამგვარად, ეს უნდა იყოს დაბალანსებული პროცესი. ვალდებულებები არის ორივე მხარეს. დიახ, ჩვენ მოველით მეტს მმართველი პარტიიდან, თუმცა სხვებმა ამას პატივი უნდა სცენ და მიბაძონ”, – განაცხადა მან.
მისივე განცხადებით, საქართველოში მიმდინარე პროცესები არ არის მხოლოდ შიდა ქართული საკითხი, არამედ ეს განსაზღვრავს საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობების მომავალს.
“ეს არის ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების მომავლის საკითხი, საქართველოს ტრანს-ატლანტიკური ინტეგრაციის მისწრაფების საკითხი, ქართველი ერის მომავლის საკითხი. მესმის, რომ ეს სლოგანივით ჟღერს, თუმცა სიმართლეა”, – განაცხადა კალიურანდმა.
მისივე თქმით, ქართულმა მხარემ უნდა გააცნობიეროს, რომ ევროპაში აღმოსავლეთ პარტნიორობაზე უფრო მნიშვნელოვანი საკითხები არსებობს და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებმა შესაძლოა დააზიანოს ქართულ-ევროპული სამომავლო ურთიერთობები.