მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, კახაბერ ქემოკლიძე IRI-ს კვლევებს ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, პოლიტიკოსებს შორის პერსონალურ რეიტინგში ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ლიდერობს.
ქემოკლიძის აზრით, IRI-ს კვლევებმა აჩვენა ორი მნიშვნელოვანი რამ:
ქართულ პოლიტიკურ ლანდშაფტში საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი ენდობა გახარიას და ის ქართულ პოლიტიკურ ისტებლიშმენტში არის ყველაზე მაღალრეიტინგული ფიგურა.
მოსახლეობის ფართო ფენები გადაღლილები არიან მიმდინარე რადიკალიზაციით და პოლარიზაციით. საზოგადოებას ინტერესი აქვს, რომ ქართულმა პოლიტიკურმა ისტებლიშმენტმა ილაპარაკოს და, რაც მთავარია, ქმედებაში აჩვენოს კონკრეტული საქმეების, კონკრეტული სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების მოგვარება.
ქემოკლიძის თქმით, “გახარიას რეიტინგს მისი სწორი პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი ღირებულებები და ასევე, ის მენეჯერული უნარები განაპირობებს, რომელიც კოვიდპანდემიამ ნათლად აჩვენა”.
რაც შეეხება კითხვას, რამდენად არის გახარია ივანიშვილის პროექტი, ქემოკლიძე პასუხობს, რომ “გიორგი გახარია არის სწორი ფასეულობების, ღირებულებების და სწორი სახელმწიფოებრივი ხედვების პოლიტიკოსი”.
მისივე ინფორმაციით, გადადგომის შემდეგ გიორგი გახარიას ბიძინა ივანიშვილთან კომუნიკაცია არ ჰქონია.
რაც შეეხება გახარიას სამომავლო გეგმებსა და მის მომავალ პარტიას, ქემოკლიძე დეტალებზე ჯერ არ საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ ის გახარიას თანაგუნდელი იქნება.
“არ იქნება სწორი, რომ მე ვისაუბრო ბატონ გახარიას მომავალ პოლიტიკურ გეგმებთან დაკავშირებით, არ იქნება ლამაზი. მას აქვს ძალიან მკაფიოდ ჩამოყალილებებული დღის წესრიგი და ის ეტაპობრივად, გეგმაზომიერად, მიუყვება ამ დღის წესრიგს[…] მე ვიქნები ბატონი გახარიას თანამოაზრე და თანაგუნდელი. დაველოდოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. მას აქვს ძალიან მკაფიო გეგმა და დღის წესრიგი, რომელსაც ის ყოველდღიურად მიუყვება”, — განაცხადა ქემოკლიძემ.
კახაბერ ქემოკლიძემ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობა გიორგი გახარიას გადადგომის შემდეგ მალევე დატოვა.