ახალი ამბები

ფართის სოციალური ღონისძიების გამართვის მიზნით გაქირავების აკრძალვა იგეგმება

6 აპრილი, 2021 • 840
ფართის სოციალური ღონისძიების გამართვის მიზნით გაქირავების აკრძალვა იგეგმება

შრომის ინსპექციის ხელმძღვანელმა, ბექა ფერაძემ “პირველ არხს” უთხრა, რომ სოციალური ღონისძიების მოწყობის მიზნით ფართის გაქირავების აკრძალვა იგეგმება. მისივე თქმით, ხელშეკრულებაში გამქირავებელმა უნდა ჩაწეროს პირობა, რომ ნაქირავები ფართი სოციალური ღონისძიების მოწყობის მიზნით არ გამოიყენება, ხოლო თუ ვინმე მაინც გადაიხდის წვეულებას ან სხვა ღონისძიებას, როგორც ფერაძე ამბობს, გამქირავებელმა შრომის ინსპექციას უნდა აცნობოს.

ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, თუ გამქირავებლისთვის ცნობილი გახდება, რომ დამქირავებელი ფართს სოციალური ღონისძიების გასამართად იყენებს, ის ვალდებული იქნება, ამის შესახებ შრომის ინსპექციას აცნობოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სოციალური ღონისძიების ჩატარების ფაქტის აღმოჩენის შემდეგ, გამქირავებელი 10 ათასი ლარით დაჯარიმდება.

კითხვაზე, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ გამქირავებელი განაცხადებს, რომ მან იჯარის ხელშეკრულებაში ჩადო სოციალური ღონისძიების აკრძალვის პირობა, თუმცა დამქირავებელმა პირობა არ შეასრულა. ფერაძე ამბობს, რომ შეისწავლიან, იყო თუ არა ამის შესახებ ინფორმირებული.

პირველი არხი წერს, რომ იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ მთავრობის დადგენილებაში ცვლილებების შეტანა, სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში იგეგმება.

ნეტგაზეთი შრომის ინსპექციას დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ ფერაძე ამ საკითხზე განმარტებას მოგვიანებით გააკეთებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი