ახალი ამბები

სოციალური ღონისძიების გამართვისთვის ფიზიკური და იურიდიული პირები ჯამში 22 ათასი ლარით დაჯარიმდნენ – შრომის ინსპექცია

11 აპრილი, 2021 •
სოციალური ღონისძიების გამართვისთვის ფიზიკური და იურიდიული პირები ჯამში 22 ათასი ლარით დაჯარიმდნენ – შრომის ინსპექცია

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის ინფორმაციით, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სოციალური ღონისძიების გამართვის გამო, ფართის მესაკუთრე და ღინისძიების ორგანიზატორები ჯამში, 22 ათასი ლარით დაჯარიმდნენ. კერძოდ უწყების ცნობით, 10-11 აპრილს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე ფართში ფართომასშტაბიანი სოციალური ღონისძიება იმართებოდა და ბევრი ადამიანი იყო შეკრებილი.

“შრომის ინსპექციამ გამოავლინა დარღვევის ჩამდენი ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც ორგანიზებას უწევდნენ აკრძალულ ღონისძიებას და მთავრობის #322-ე დადგენილების შესაბამისად, არ განახორციელეს სავალდებულო შეტყობინება. აღსანიშნავია, რომ დამრღვევი პირები ერთგვარი სქემის მიხედვით მოქმედებდნენ და იჯარისა და ქვეიჯარის ხელშეკრულებების სიმრავლის გამოყენებით, ცდილობდნენ ფართის გადაცემის რეალური მიზნის შენიღბვას, აკრძალული აქტივობის ორგანიზებისა და ხელშეწყობისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან თავის არიდებას.

ამასთან ზემოაღნიშნულ ობიექტზე ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, დაფიქსირდა ანალოგიური დარღვევის სამი ფაქტი, რაზეც გატარდა კანონით დადგენილი ღონისძიებები და დაჯარიმდნენ აქტივობის ორგანიზატორები,”-წერია განცხადებაში.

ამას გარდა, ინსპექციაში აცხადებენ რომ ფართის მფლობელს ჰქონდა ინფორმაცია სოციალური ღონისძიების ჩატარების შესახებ მანამდეც, ამის მიუხედავად მან არ შეატყობინა შესაბამის სამსახურებს, რისი ვალდებულებაც 8 აპრილს მთავრობის დადგენილებაში შესული ცვლილების საფუძველზე ჰქონდა.

“მიუხედავად წინარე არაერთი სამართალდარღვევის ფაქტის დაფიქსირებისა, შესაბამისი ინფორმაციის ფლობის პირობებში, ამჯერად ფართის მესაკუთრისა და კანონიერი მფლობელების მხრიდან უგულებელყოფილი იქნა მთავრობის #322 დადგენილების მოთხოვნა აკრძალული საქმიანობისათვის ფართის გადაცემისა და შეტყობინების განხორციელების თაობაზე.

ყველა კომპანია თუ ფიზიკური პირი, ვინც სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მიზნით ჩართული იყო ზემოაღნიშნულ სამართალდარღვევის სქემაში, აღმსრულებლის ან თანამონაწილის სახით, დაჯარიმდა ჯამში 22 000 ლარის ოდენობით, კანონით დადგენილი წესით. ხოლო, ობიექტი, სადაც იმართებოდა სოციალური ღონისძიება, დარღვევის კრიტიკული შეუსაბამობისა და არაერთჯერადი ხასიათის გათვალისწინებით, ობიექტს შეუჩერდა საქმიანობა,”-აცხადებენ შრომის ინსპექციაში.

„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ მთავრობის დადგენილებით, ქვეყანაში იზღუდება  10-ზე მეტი ფიზიკური პირის ისეთი თავშეყრა, რომელიც სოციალურ ღონისძიებებთანაა დაკავშირებული, როგორიცაა მათ შორის ქორწილი, ქელეხი და ა.შ.

მასალების გადაბეჭდვის წესი