ახალი ამბები

ფარაონთა აღლუმი: მუმიების ადგილმონაცვლეობის საზეიმო ღონისძიება კაიროში

5 აპრილი, 2021 •
ფარაონთა აღლუმი: მუმიების ადგილმონაცვლეობის საზეიმო ღონისძიება კაიროში

ეგვიპტის დედაქალაქში მუმიფიცირებული ფარაონების ადგილმონაცვლეობა მასშტაბური ღონისძიებით აღნიშნეს. 22 მმართველის — 18 მეფისა და 4 დედოფლის — ნეშტი კაიროს ცენტრში, საზეიმო აღლუმზე ჩამოატარეს, თეატრალიზებული სანახაობების, მუსიკისა და ინსტალაციების ფონზე.

ამ დრომდე ეგვიპტის სამეფო დინასტიის წარმომადგენელთა მუმიფიცირებული ნეშტები ინახებოდა ეგვიპტის მუზეუმში — ატმისფერ შენობაში, რომელიც კაიროს ცენტრში მდებარეობს და ძველი ეგვიპტის ცივილიზაციასთან დაკავშირებულ ათობით ათას ექსპონატს აერთიანებს.

ფარაონების აღლუმი კაიროში. ფოტო: EPA ფარაონების აღლუმი კაიროში. ფოტო: EPA ფარაონების აღლუმი კაიროში

3 აპრილს გამართულ ღონისძიებაზე, სახელწოდებით “ფარაონების ოქროს აღლუმი”, მუმიები ეგვიპტური ცივილიზაციის ეროვნულ მუზეუმში გადაიტანეს, რომელიც მათი ძველი სამყოფელიდან 5 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. ის ვიზიტორთათვის ჯერ არ გახსნილა.

მედიის ცნობით, ფარაონთა მუმიფიცირებული ნეშტები აზოტით სავსე კონტეინერებში მოათავსეს, ერთი მუზეუმიდან მეორეში კი საგანგებოდ წარმოებული, ძველეგვიპტური მოტივებით გაფორმებული მანქანებით გადაიტანეს. მათი უმეტესობა განეკუთვნება ახალი სამეფოს პერიოდს, რომელიც ძვ.წ. 1539-1075 წლებში გრძელდებოდა.

ფარაონების აღლუმი კაიროში. ფოტო: EPA ფარაონების აღლუმი კაიროში ფარაონების აღლუმი კაიროში

ღონისძიებასთან დაკავშირებით, კაიროს ცენტრში უსაფრთხოების ზომები განსაკუთრებით გამკაცრებული იყო. ხელისუფლებამ მთავარი ქუჩები და გზაჯვარედინები ჩაკეტა.

ეგვიპტის ტურიზმის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი მუზეუმის ვიზიტორებს ფარაონთა მუმიების ხილვა 18 აპრილიდან შეეძლებათ. მათ გამოფენენ სპეციალურ განყოფილებაში, რომლის დიზაინიც მნახველებს ე.წ. მეფეთა ხეობაში(ახალი სამეფოს ხანის მმართველთა განსასვენებელი) ყოფნის შთაბეჭდილებას უქმნის.

ტურიზმი უცხოური ვალუტის უმთავრესი წყაროა ეგვიპტისთვის. აღნიშნული სექტორი ქვეყანაში მეტად დააზიანა როგორც გასული წლების პოლიტიკურმა არასტაბილურობამ, ისე კორონავირუსის პანდემიამ. ახალი მუზეუმის იდეა ტურიზმის სფეროში ვითარების გაუმჯობესების ერთ-ერთ მცდელობად განიხილება.

მასალების გადაბეჭდვის წესი