ახალი ამბები

აღადგინეთ ნამოხვანისკენ მოძრაობა, არ ჩაახშოთ სიგნალი – ომბუდსმენი შსს-ს

4 აპრილი, 2021 • 791
აღადგინეთ ნამოხვანისკენ მოძრაობა, არ ჩაახშოთ სიგნალი – ომბუდსმენი შსს-ს

სახალხო დამცველი ეხმაურება ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენებს და მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, „არ ჩაერიოს შეკრების მონაწილეთა კონსტიტუციური უფლების რეალიზებაში“.

3 აპრილს რიონის ხეობაში კომპანიის წარმომადგნელებმა, მობილიზებული საპოლიციო ძალების თანხლებით, განაახლეს ნამახვანი ჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები, რასაც მოსახლეობა აპროტესტებს.

სახალხო დამცველის პრესცენტრი იუწყება, რომ მათი წარმომადგენელი მთელი დღის განმავლობაში ადგილზე იმყოფებოდა და მასზე დაყრდნობით წერს:

„პოლიციამ საპროტესტო ადგილამდე მისასვლელი გზა ორივე მხრიდან გადაკეტა, რის გამოც შეუძლებელი გახდა აქციას სხვა მხარდამჭერები შეერთებოდნენ“.

„ამასთან, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ხეობაში აღიმართა საკომუნიკაციო სიგნალების ჩამხშობი აპარატურა, რაც ხელს უშლიდა ინფორმაციის დროულად მიღებას ხეობაში მიმდინარე მოვლენების შესახებ. დააკავეს აქციის 2 მონაწილე, ხოლო ის პირები, რომლებმაც ვერ მოახერხეს აქციას შეერთებოდნენ, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის საფუძვლით 2000-2000 ლარით დააჯარიმეს“, – წერს სახალხო დამცველი და ხაზგასმით მიუთითებს:

„განსახილველ შემთხვევაში, გადაადგილების შეზღუდვით მოქალაქეებს პრაქტიკულად ჩამოერთვათ შეკრებაში მონაწილეობის შესაძლებლობა, თუმცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არ გაუვრცელებია დასაბუთებული ინფორმაცია იმ რეალური და მყისიერი საფრთხეების შესახებ, რომლის თავიდან ასაცილებლადაც ხდებოდა უფლებაში ჩარევა. ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმ პირობებში, როდესაც წინასწარ გაცხადებული იყო მშვიდობიანი შეკრების ჩატარების შესახებ და მისი მონაწილეები არ აჟღერებდნენ ძალადობრივ ზრახვებს. ასევე შეკრების თავისუფლებაში ჩარევად უნდა შეფასდეს ამ პირების დაჯარიმება, რომელთა შეკრების და ადგილზე დარჩენის მიზანს აქციასთან შეერთება წარმოადგენდა და მათგან დამოუკიდებელი მიზეზებით ვერ მოახერხეს სასურველ ტერიტორიაზე შესვლა. აღნიშნული ქმნის ეჭვებს პანდემიის გავრცელების აღკვეთის მიზნით დაწესებული შეზღუდვის მოქალაქეთა პროტესტის საწინააღმდეგოდ გამოყენების შესახებ, რაც მიუღებელ პრაქტიკას წარმოადგენს“.

„ასევე, სიგნალის ჩამხშობი აპარატის გამოყენება გახდა გამოხატვისა და ინფორმაციის გავრცელების ხელშემშლელი ფაქტორი და ამ გზით მოხდა ხენებულ კონტიტუციურ უფლებებში ჩარევა“, – აცხადებს ომბუდსმენის ოფისი.

4 აპრილის მდგომარეობით, გზა კვლავ გადაკეტილია, ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და დგას წყლის ჭავლის მანქანა. სახალხო დამცველის წარმომადგენელი დღესაც დააკვირდება დაანონსებული აქციის მიმდინარეობას და აპარატი აგრძელებს საკითხის შესწავლას.

  • ამასთან, სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავი შეიკავოს ვითარების ხელოვნური ესკალაციისგან, უზრუნველყოს გადაადგილების აღდგენა სოფელ ნამახვანის მიმართულებით, არ გამოიყენოს სიგნალის ჩამხშობი აპარატურა ან სხვა საშუალებები, რაც ხელს შეუშლის მოსახლეობის ინფორმირებას მიმდინარე მოვლენების თაობაზე, დაპირისპირების რისკების თავიდან აცილების მიზნით, მოლაპარაკებები აწარმოოს აქციების მონაწილეებთან და არ გამოიყენოს ძალა მათ წინააღმდეგ;
  • ის ასევე მოუწოდებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებით, კონსესუსის მიღწევამდე წარმართონ საჯარო, საქმიანი და შედეგზე ორიენტირებული დიალოგი, მათ შორის, მედიასაშუალებებში, ადგილობრივ მცხოვრებლებთან, პროფესიულ ჯგუფებთან და ექსპერტებთან.
  • ომბუდსმენი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, „კონსესუსის მიღწევამდე უზრუნველყოს მიმდინარე სამშენებლო/მოსამზადებელი სამუშაოების შეჩერება“.

რა ხდება ადგილზე?

ვითარება ხეობაში წინა დილიდან დაიძაბა — მას შემდეგ, რაც კომპანიის ახალი დირექტორი მერაბ ლომინაძე იქ ჩავიდა, მშენებლობის მოწინააღმდეგეებს შეხვდა და უთხრა, რომ ადგილზე ჰესის წინამოსამზადებელი სამუშაოები უნდა გაგრძელებულიყო.

ადგილზე დილიდანვე პოლიცია იყო მობილიზებული. სამუშაოები მალევე განახლდა, რაც ადგილობრივებმა გააპროტესტეს. შსს-მ ორი ადამიანი ადმინისტრაციული წესით დააკავა. მათ პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას ედავებიან.

შსს-მ დაადასტურა მანამდე აქტივისტების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ პოლიციამ რიონის ხეობაში მოქალაქეთა გადაადგილება შეზღუდა. უწყებამ ეს უსაფრთხოების დაცვით ახსნა.

რაც შეეხება სოფელ ნამახვანში მობილიზებულ სპეციალურ სატრანსპორტო საშუალებას, რომელსაც პროტესტის ზოგიერთი მონაწილე სიგნალის დამხშობად განიხილავდა: შსს-მ თქვა, რომ ის „რადიოკავშირის გამართულ მუშაობას უზრუნველყოფს“.

3 აპრილს, გვიან ღამით, სოფელ გუმათში პოლიციამ დააჯარიმა „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგე აქტივისტები, რომელთაც სოფელ ნამახვანში ჩასვლა კარვებში მყოფ თანამოაზრეებთან შეერთება სურდათ.

რიონის ხეობაში თვეების მანძილზე აპროტესტებენ მდინარეზე ჰესების კასკადის მშენებლობას. პროტესტის მონაწილეებს ხეობის სოფელ ნამახვანში კარვები აქვთ გაშლილი. მათი ორგანიზებით ორჯერ გაიმართა მრავალათასიანი საპროტესტო აქცია ქუთაისის ცენტრში.

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები გუმათში იკრიბებიან – მობილიზებულია პოლიცია [ფოტო]

მასალების გადაბეჭდვის წესი