ახალი ამბები

დაუშვებელია ინტერნეტის შეზღუდვა ნამოხვანში – მედია-კოალიცია

4 აპრილი, 2021 •
დაუშვებელია ინტერნეტის შეზღუდვა ნამოხვანში – მედია-კოალიცია

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ წევრი ორგანიზაციები აცხადებენ, რომ დაუშვებად მიიჩნევენ „ინტერნეტის ხელმისაწვდომობის შეზღუდვას“ ნამოხვანში.

„ხელისუფლებას შევახსენებთ, რომ ინტერნეტზე წვდომა და ინტერნეტით თავისუფლად სარგებლობის უფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციით. ნამოხვანში მიმდინარე საპროტესტო აქციის მიმართ, მაღალი საჯარო ინტერესის ფონზე კი მიუღებელია კონსტიტუციით გარანტირებული უფლების დაუსაბუთებელი შეზღუდვა“, – წერენ ორგანიზაციები.

განცხადების ავტორები წერენ, რომ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნამოხვანში დღეს ინტერნეტკავშირიც ჩაახშო, რის გამოც პირდაპირი ჩართვის განხორციელება არ ხერხდება.“

ადგილობრივებზე დაყრდნობით ისინი წერენ, რომ „ინტერნეტის გავრცელების ამგვარი ხარვეზი ნამოხვანში სხვა პერიოდებში არ დაფიქსირებულა“.

ამჯერად „ხეობაში აღიმართა საკომუნიკაციო სიგნალების ჩამხშობი აპარატურა, რაც ართულებს და ხშირად შეუძლებელს ხდის ინფორმაციის დროულად მიღებას ხეობაში მიმდინარე მოვლენების შესახებ, რაც უხეშად არღვევს როგორც შეკრებისა და მანიფესტაციის, ისე სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებებს“.

ამის გათვალისწინებით, ორგანიზაციები მოუწოდებენ:

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს:
– გაკეთოს განმარტება გამოხატვის თავისუფლების უკანონო შეზღუდვის ფაქტის შესახებ
– დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები ინტერნეტის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, რათა ნამოხვანში მყოფმა პირებმა ისარგებლონ ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების უფლებით, ჟურნალისტებს კი ჰქონდეთ სათანადო სამუშაო პირობები პროფესიული საქმიანობის შესასრულებლად.

ამასთან, კოალიცია მოუწოდებს კომუნიკაციების კომისიას, შეისწავლოს ნამოხვანში ინტერნეტის შეფერხების საკითხი და მიაწოდოს მათ ინფორმაცია ამ დროისათვის არსებულ მაჩვენებელზე.

შსს-ში ნეტგაზეთს წინა დღეს უთხრეს, რომ ადგილზე მობილიზებულია საპოლიციო ინფრასტრუქტურა, მათ შორის, „სპეციალური სატრანსპორტო საშუალება, რომელიც რადიოკავშირის გამართულ მუშაობას უზრუნველყოფს“.

გარეკანის ფოტო: „მთის ამბები“

მასალების გადაბეჭდვის წესი