ნეტგაზეთი | 11 პირი დააკავეს კრიპტოვალუტით ვაჭრობის თაღლითური სქემისთვის 11 პირი დააკავეს კრიპტოვალუტით ვაჭრობის თაღლითური სქემისთვის – Netgazeti
RU | GE  

11 პირი დააკავეს კრიპტოვალუტით ვაჭრობის თაღლითური სქემისთვის

შსს აცხადებს, რომ 11 პირი დააკავეს დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებით. საუბარია, სულ მცირე, 620 000 ევროზე.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოსა და გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა, საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად 11 პირი დააკავეს და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.

სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული არიან: 1992 წელს დაბადებული ჯ.ჰ., 1997 წელს დაბადებული კ.კ., 1999 წელს დაბადებული გ.მ., 1992 წელს დაბადებული გ.გ., 1997 წელს დაბადებული მ.თ., 1994 წელს დაბადებული გ.ლ., 1996 წელს დაბადებული ვ.ნ., 1993 წელს დაბადებული ა.მ., 1997 წელს დაბადებული ა.გ., 1986 წელს დაბადებული ქ.ი. და 1997 წელს დაბადებული გ.ბ.

დანაშაულები 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – წერია შსს.

გამოძიების თანახმად:

„2019 წლის გაზაფხულზე, ისრაელის მოქალაქე ჯ.ჰ.-მ, თანამზრახველებთან ერთად, ჩამოაყალიბა შეთანხმებულად მოქმედი, სტრუქტურული ფორმის მქონე ორგანიზებული ჯგუფი, რომელიც დროის ხანგრძლივ პერიოდში ახორციელებდა კრიპტოვალუტით ვაჭრობით დაინტერესებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლებასა და ჯგუფი წევრებს შორის განაწილებას.

უკანონო საქმიანობაში ორგანიზატორებმა ეტაპობრივად ჩართეს არაერთი უცხო ენების მცოდნე პირი, რომლებიც სისტემატიურად უკავშირდებოდნენ პოტენციურ დაზარალებულებს და სთავაზობდნენ კრიპტოვალუტის უნაღდო ანარიშსწორებით შეძენას.

დაინტერესების შემთხვევაში ჯგუფის წევრები მათ დისტანციურად არეგისტრირებდნენ შესაბამის ვებგვერდზე, რის შემდგომაც მათივე სახელით ახორციელებდნენ კრიპტოვალუტის შეძენას, რა დროსაც უზრუნველყოფდნენ გადახდილი თანხის შესაბამისი ელ.ვალუტის არა დაზარალებულის, არამედ ორგანიზებული ჯგუფისათვის ხელმისაწვდომ ანგარიშებზე ასახვას.

ზემოაღწერილი ხერხით დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, თაღლითურად დაეუფლნენ უცხო ქვეყნების, მათ შორის გერმანიის, ავსტრიის, ჩინეთის, ნიდერლანდებისა და ნორვეგიის ათეულობით მოქალაქის კუთვნილ დიდი ოდენობით ფულად თანხებს. ამ ეტაპისათვის დადგენილი ზიანის ოდენობა შეადგენს 620 000 ევროს.

ამავდროულად, ორგანიზებული ჯგუფის წევრების ნაწილმა მოახდინა უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია, კერძოდ კი შეიძინეს ძვირადღირებული სატრანსპორტო საშუალებები და უძრავი ქონებები, რაც გამოძიების მიერ დაყადაღებულია.

გატარებული ღონისძიებების შედეგად ასევე მოძიებულ იქნა და ყადაღა დაედო ორგანიზებული ჯგუფის ხელმძღვანელის – ჯ.ჰ.-ს საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ 2 მილიონ ლარზე მეტი ოდენობის თანხასაც“.

„ორგანიზებული ჯგუფის მიერ პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება-შენახვა-გამოყენების, უცხო ქვეყნის მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 157-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ასევე, 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, – წერს შსს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლუკა პერტაია - „ნეტგაზეთის“ რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან. მობ.: 995 555 223 568; ელ-ფოსტა: lukapertaia@gmail.com