რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის შტაბის უფროსი ლეონიდ ვოლკოვი აცხადებს, რომ ნავალნის მმართევლობის შემთხვევაში, რუსეთი არ გააგრძელებს აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის, ყირიმის, დნესტრისპირეთისა და დონბასის როგორც ფინანსურ, ისე სამხედრო მხარდაჭერას.
ამის შეახებ ნავალნის შტაბის უფროსმა ონლაინ შეხვედრის დროს განაცხადა. შეხვედრის ამსახველი ვიდეო “საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტმა” გამოაქვეყნა. ვოლკოვს ჰკითხეს, გააგრძელებდა თუ არა ნავალნის რუსეთი ამ რეგიონებისა და არაღიარებული სახელმწიფოების დახმარებას, რაზეც მან უპასუხა:
“გადაჭრით გეტყვით, რომ არა, ეს არ გაგრძელდება. რუსი ამომრჩევლის და გადასახადების გადამხდელის ინტერესებში არ შედის მათი თანხების ამ ტერიტორიებში “ჩატუმბვა”. და ვფიქრობ, რომ როდესაც ამ უზარმაზარი ფინანსური “მოწყალების” გაღებას შევწყვეტთ, ამ ტერიტორიებზე არსებული კონფლიქტების მოგვარების მეტი შანსებიც გაჩნდება, მათ შორის, საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობით”.