ახალი ამბები

განცხადების ხელმომწერები არიან წამყვანი ევროპარლამენტარები, ამ გზავნილებს სერიოზულად უნდა მიუდგნენ – ჰარცელი

2 აპრილი, 2021 • 756
განცხადების ხელმომწერები არიან წამყვანი ევროპარლამენტარები, ამ გზავნილებს სერიოზულად უნდა მიუდგნენ – ჰარცელი

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ამბობს, რომ საქართველოსთან დაკავშირებით განცხადების ავტორები წამყვანი ევროპარლამენტარები არიან და მათ გზავნილებს ქართველი პოლიტიკოსები სერიოზულად უნდა მიუდგნენ.

“ვერ ვისაუბრებ ევროპარლამენტის ან მისი ცალკეული წევრების სახელით. უბრალიოდ ვიტყვი, რომ მოდის ცხადი გზავნილები. აღსანიშნავია, რომ ამ განცხადების ხელმომწერები არიან წამყვანი ევროპარლამენტარები, რომლებსაც აქვთ განსხვავებული როლები, როცა საკითხი შეეხება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობას. ასე რომ, ამ გზავნილებს სერიოზულად უნდა მიუდგნენ”, — განაცხადა კარლ ჰარცელმა, რომლის კომენტარის თარგმანსაც “ფორმულა” ავრცელებს.

ევროპარლამენტართა ჯგუფმა კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ პირველ აპრილს ერთობლივი განცხადება გაავრცელა საქართველოსთან დაკავშირებით.

ევროპარლამენტარები წუხილს გამოთქვამენ, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაცია საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის წარუმატებლად დასრულდა. ისინი პასუხისმგებლობას ორივე მხარეს, განსაკუთრებით კი მმართველი გუნდის წევრებს აკისრებენ.

მათი თქმით, კრისტიან დანიელსონის მიერ შეთავაზებული წინადადება ნამდვილად სწორი გზაა საქართველოსთვის და ამ კომპრომისულ წინადადებაზე უარის თქმის შემდეგ, საქართველოს ლიდერები არ უნდა ელოდნენ, რომ ურთიერთობა ევროკავშირთან ჩვეულებრივ გაგრძელდება.

ევროპარლამენტარების განცხადებას გამოეხმაურნენ “ქართულ ოცნებაში”.  პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის თქმით, მისთვის გაუგებარია “6 ევროპარლამენტარის პოზიცია”. მისი თქმით, მის ნაცვლად ევროპარლამენტარები საუბრობდნენ, რატომ ვერ მოხდა შეთანხმება მხარეებს შორის და რა იყო ევროკავშირის პოზიცია პროცესში და საქართველოსთვის სანქციების დაწესებით იმუქრებიან.

პარლამენტის კიდევ ერთი ვიცე-სპიკერი კახა კუჭავა კი აცხადებს, რომ საქართველოს შესახებ მომზადებული წერილის ავტორი ევროპარლამენტარები ან მიკერძოებულები არიან, ან წერილში შეცდომაა გაპარული.

ქართველი ლიდერები არ უნდა ელოდნენ EU-სთან ურთიერთობის ჩვეულებრივ გაგრძელებას – ევროპარლამენტარები

მასალების გადაბეჭდვის წესი