ახალი ამბები

რამდენიმე დეპუტატის განცხადებაა ეს… ამ საკითხებს წყვეტს ევროკომისია – პაპუაშვილი ევროპარლამენტარების განცხადებაზე

2 აპრილი, 2021 •
რამდენიმე დეპუტატის განცხადებაა ეს… ამ საკითხებს წყვეტს ევროკომისია – პაპუაშვილი ევროპარლამენტარების განცხადებაზე

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ევროპარლამენტარების განცხადება საყურადღებოა, თუმცა დახმარების შეზღუდვას გამორიცხავს.

“დახმარების შეჩერებაზე აქ არც არის საუბარი. რამდენიმე დეპუტატის განცხადებაა ეს და თუ მიადევნებთ თვალ-ყურს, როგორც არის მოწყობილი ევროკავშირის სტუქტურა, ამ საკითხებს წყვეტს ევროკომისია. ევროკავშირის კომისიასთან სულ ახლახან გვქონდა ასოცირების საბჭო, სადაც საუკეთესო შეფასებები გაკეთდა საქართველოსთან დაკავშირებით. [ეს განცხადება] ყურადსაღებია, რა თქმა უნდა, ვინაიდან ეს დეპუტატები იცით, რომ ზოგადად საქართველოთი დაინტერესებულნი არიან”,-აცხადებს პაპუაშვილი “მთავარ არხთან” საუბრისას.

ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვაზე, აქვთ თუ არა მოლოდინი, რომ ევროკავშირის დახმარება საბოლოოდ შეიზღუდება საქართველოსთან დაკავშირებით, პაპუაშვილი პასუხობს:

“არა, გამორიცხულია, შეზღუდვას ჰქონდეს [ადგილი], იმიტომ, რომ ეს რამდენიმე დეპუტატის მოსაზრებაა.”

ევროპარლამენტართა ჯგუფმა კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ პირველ აპრილს  ერთობლივი განცხადება გაავრცელეს საქართველოსთან დაკავშირებით.

ევროპარლამენტარები წუხილს გამოთქვამენ, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაცია საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის წარუმატებლად დასრულდა. ისინი პასუხისმგებლობას ორივე მხარეს, განსაკუთრებით კი მმართველი გუნდის წევრებს აკისრებენ.

მათი თქმით, კრისტიან დანიელსონის მიერ შეთავაზებული წინადადება ნამდვილად სწორი გზაა საქართველოსთვის და ამ კომპრომისულ წინადადებაზე უარის თქმის შემდეგ, საქართველოს ლიდერები არ უნდა ელოდნენ, რომ ურთიერთობა ევროკავშირთან ჩვეულებრივ გაგრძელდება.

ქართველი ლიდერები არ უნდა ელოდნენ EU-სთან ურთიერთობის ჩვეულებრივ გაგრძელებას – ევროპარლამენტარები

მასალების გადაბეჭდვის წესი