ახალი ამბები

პოზნერი მომიტინგეებზე: „ამ ხალხისთვის ყურადღების მიქცევა არ ღირს“

1 აპრილი, 2021 • 854
პოზნერი მომიტინგეებზე: „ამ ხალხისთვის ყურადღების მიქცევა არ ღირს“

რუსმა ჟურნალისტმა, ვლადიმერ პოზნერმა თავის Instagram-გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ მოქალაქეებისთვის, რომლებიც მისი ჩამოსვლის საწინააღმდეგო აქციაზე იყვნენ, „ყურადღების მიქცევა არ ღირს“.

„ძვირფასო კოლეგებო!

მსურს აგიხსნათ, რატომ არ მივეცი არავის კომენტარი თბილისში მომხდართან დაკავშირებით და რატომ არ მივიღე არავის მიწვევა გადაცემაში.

ახსნა მარტივია, და როგორც მე ვთვლი, ცხადია: ადამიანებისთვის, ვინც ეს შაბაში [„კუდიანების“ შეკრება — რედ.] მოაწყო, ყურადღების მიქცევა არ ღირს. ბევრი პატივია. ამიტომაც ვარ ჩუმად და ვიქნები კიდეც“, — წერს იგი.


რუსეთის „პირველი არხის“ ჟურნალისტი ვლადიმირ პოზნერი საქართველოში 31 მარტს ჩამოფრინდა. მისი თქმით, ვიზიტის მიზანი ქვეყანაში საკუთარი დაბადების დღის აღნიშვნა იყო. მასთან ერთად ჩამოფრინდა 40 სტუმარიც.

პოზნერი თავდაპირველად სასტუმრო „რუმსში“ იმყოფებოდა, შემდეგ კი რესტორან  „ვინოტელში“ გადავიდა, სადაც მას მეგობრებთან ერთად უნდა ევახშმა. რესტორანთან პოზნერს თან გაჰყვნენ აქტივისტები, ადგილზე იმყოფებოდა პოლიცია და შრომის ინსპექციაც. ამ უკანასკნელმა საბოლოოდ რესტორანი 10 ათასი ლარით დააჯარიმა, ხოლო პოზნერი და მისი მეგობრები ავტობუსებით სასტუმრო „რუმსში“ დაბრუნდნენ.

აქტივისტები დილამდე იმყოფებოდნენ „რუმსთან“, მათმა ნაწილმა შენობას კვერცხები დაუშინა. რაც შეეხება პოზნერსა და მის თანხმლებ პირებს, ისინი მოსკოვში დღეს დილით გაბრუნდნენ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი